Facebook Twitter

ადმინისტრაციული აქტის გაუქმება, გამოცემა

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-268-კ-02 6 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: ადმინისტრაციული აქტის უკანონოდ ცნობა. ადმინისტრაციული აქტის გაუქმება, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება, მიწის ნაკვეთის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 17 თებერვალს ლ. მეზვრიშვილმა სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ. მესამე პირებად მიუთითა: გორის რაიონის ბერბუკის თემის საკრებულო, ვ. ს-ი, ხ. და მ. მ-ები.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ გორის რაიონის სოფ. რეხაში მცხოვრებ მოსარჩელე ლ. მ-ს 1992წ. 5 მაისს ბერბუკის თემის საკრებულოს დადგენილებით სარგებლობაში გადაეცა 0,78 ჰა მიწა ოთხ ნაკვეთად, მათ შორის _ 0,21 ჰა მიწის ნაკვეთი, ე.წ. «....».

1998წ. 25 ივნისს მოსარჩელეზე გაიცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი.

მოსარჩელის განმარტებით, 0,21 ჰა მიწის ნაკვეთზე, ე.წ. «....», გაშენებული იყო თუთის ხეები. 1999წ. შემოდგომაზე აღნიშნული ნაკვეთი მოსარჩელის უკითხავად დაიკავეს მამა-შვილმა ხ. და მ. მ-ებმა, რომლებმაც ამოძირკვეს თუთის ხეები და მოხნეს მიწა.

მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად მამა-შვილი მ-ები არ ათავისუფლებდნენ სადავო ნაკვეთს.

2000წ. იანვრის ბოლოს მოსარჩელემ შეიტყო, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიუცია სოფ. .... მცხოვრებ ვ. ს-ისათვის და მასზე გაუცია მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, ხოლო ლ. მ-ისათვის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი გაუუქმებია.

მოსარჩელის განმარტებით, გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს ცალმხრივად, სასამართლოს გარეშე მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმების უფლება არ ჰქონდა. გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ არასწორად ჩათვალა, რომ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის დროს მიწათმომწყობმა დაუშვა შეცდომა, რაც იმაში გამოიხატა, რომ სოფ. .... მცხოვრებ მოსარჩელეს თითქოს გადაეცა სოფ. .... კუთვნილი მიწის ნაკვეთი. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს კანონიერად ფლობდა 1992 წლიდან 1999 წლამდე, ვიდრე მამა-შვილი მ-ები უკანონოდ არ დაეუფლნენ მას. მოსარჩელე თვლიდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა სოფ. ...., რასაც ადასტურებდა კიდეც ბერბუკის თემის საკრებულო, ამიტომ მოსარჩელისათვის მისი გაცემა კანონიერი იყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა მისთვის გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 1998წ. 25 ივნისს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹410 აქტის ცალმხრივად გაუქმების უკანონოდ ცნობა, ვ. ს-ისთვის გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმება, მოსარჩელის სახელზე მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის დავალება გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსათვის, ხ. და მ. მ-ების მიერ სადავო მიწის ნაკვეთის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება მოსარჩელისათვის.

მოპასუხე გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა .... თემის საკრებულოს და ბერბუკის თემის საკრებულო უფლებამოსილი არ იყო, ლ. მ-ისათვის გაეცა აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი.

სარჩელი იგივე საფუძვლით არ ცნეს მესამე პირებმა: ვ. ს-მა, ხ. და მ. მ-ებმა.

მესამე პირმა ბერბუკის თემის საკრებულოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მისი აზრით, სადავო მიწის ნაკვეთი შედიოდა ... თემის საკრებულოში, ეკუთვნოდა სოფ. .... და მისი გაცემა ლ. მ-ისათვის კანონიერი იყო.

გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ, ლ. მ-ს აღუდგა 1998წ. 15 ივნისს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹410 აქტით მინიჭებული საკუთრების უფლება. მესამე პირებს: ვ. ს-ს, ხ. და მ. მ-ებს დაევალათ სადავო ნაკვეთის ნ. მ-ისათვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხე გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ, მესამე პირებმა: ვ. ს-მა, ხ. და მ. მ-ებმა.

თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას 2001წ. 3 სექტემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება .... თემის საკრებულო.

2000წ. 24 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ განიხილა საქმე და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი: გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 ივნისის გადაწყვეტილება. ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობის 1998წ. 18 მაისის ¹413/152-5 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის მე-5 პუნქტი, კერძოდ, 0,20 ჰა მიწის ნაკვეთის ნაწილში. აგრეთვე, ბათილად იქნა ცნობილი ვ. ს-ისათვის გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა. გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა 1998წ. 25 ივნისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹410 აქტის საფუძველზე ლორენა მეზვრიშვილისათვის მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა. მესამე პირებს: ვ. ს-ს, ხ. და მ. მ-ებს დაევალათ ლ. მ-ისათვის მიწის აღნიშნული ნაკვეთის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა ვ. ს-მა.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად საკადასტრო რუკაზე მოცემული უნდა იყოს მიწის სარეგისტრაციო ნომერი, საზღვრები, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, სიტუაციური (გზები, მდინარეები, არხები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა) და ყველა ის გეოდეზიურ-ტოპოგრაფიული მაჩვენებელი, რაც აუცილებელია საზღვრების დადგენისათვის. საქმეში არსებული საკადასტრო რუკებით დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა არა ბერბუკის თემის საკრებულოს ტერიტორიას, არამედ _ .... თემის საკრებულოს ტერიტორიას.

კასატორი მიუთითებს «ადგილობრივ მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ» კანონის მე-7 და მე-8 მუხლებზე, რომელთა თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს კომპეტენციაა დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტა და განმარტავს, რომ მიწათსარგებლობის საკითხი .... თემის საკრებულომ გადაწყვიტა ამ კანონის დარღვევით. კერძოდ, ლ. მ-ს მიაკუთვნა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც არ შედიოდა მის დაქვემდებარებაში.

კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით, .... თემის საკრებულოს 1998წ. 25 ივნისის ¹410 აქტის გაუქმება და კასატორის უფლების აღდგენა სადავო მიწის ნაკვეთზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა, მესამე პირთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გორის რაიონის სოფ. კარალეთის საკრებულოს 1992წ. 15 მარტის ¹1 დადგენილების საფუძველზე გორის რაიონის სოფ. .... მიწის რეფორმის კომისიამ სოფ. .... მცხოვრებ ვ. ს-ს 1998წ. 18 მაისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის მე-5 პუნქტით «სარეხოში» გადაეცა 0,20 ჰა სახნავი მიწის ნაკვეთი.

1999წ. 15 ივლისს ვ. ს-ს გადაეცა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა.

გორის რაიონის ბერბუკის საკრებულოს 1992წ. 5 მაისის ¹6 დადგენილების საფუძველზე გორის რაიონის სოფ. .... მიწის რეფორმის კომისიამ სოფ. .... მცხოვრებ ლ. მ-ს 1998წ. 25 ივნისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის მე-3 პუნქტით გადასცა 0,21 ჰა სახნავი მიწის ნაკვეთი, ე.წ. «...».

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ლ. მ-საც და ვ. ს-საც ზემოთ აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისი პუნქტებით გადაეცათ ერთი და იგივე მიწის ნაკვეთი.

საქმის მასალებში არის ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები იმის შესახებ, სადავო მიწის ნაკვეთი კარალეთის თემის საკრებულოს ეკუთვნის თუ _ ... თემის საკრებულოს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ, რადგანაც აღნიშნული მიწის ნაკვეთის კუთვნილების საკითხი .... თემისა და ..... თემის საკრებულოებს შორის დავის საგანი არ გამხდარა, ამიტომ სააპელაციო პალატას არ უნდა ემსჯელა ამ საკრებულოებს შორის მიწის კუთვნილებისა და საზღვრის დადგენის თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე .... თემის საკრებულომაც და .... თემის საკრებულომაც სადავო მიწის ნაკვეთი თავიანთ კუთვნილებად ჩათვალეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თუნდაც აღნიშნულ საკრებულოებს არ ედავათ მითითებული მიწის ნაკვეთის კუთვნილებაზე, სააპელაციო სასამართლოს მაინც უნდა ემსჯელა, თუ რომელი საკრებულოს საზღვრებში შედიოდა სადავო მიწის ფართობი, რადგანაც სარჩელის მოთხოვნები უშუალო კავშირშია აღნიშნულ საკითხთან.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა, რადგანაც ფაქტობრივი გარემოებები არ შეაფასა სრულყოფილად, ყოველმხრივ და ისე გამოიტანა გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კასატორის მოთხოვნაზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რომლითაც კასატორი ითხოვს ბერბუკის თემის საკრებულოს 1998წ. 25 ივნისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹410 აქტის გაუქმებას და მისი უფლებების აღდგენას სადავო მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული მოთხოვნები არ დაყენებულა პირველი ინსტანციის სასამართლოში შეგებებული სარჩელის სახით ან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის მიერ და აღნიშნული მოთხოვნები არ დამდგარა არც სააპელაციო ინსტანციაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.