Facebook Twitter

მოქალაქეთა რეგისტრაციის გაუქმება

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-269-კ-02 8 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: მოქალაქეთა რეგისტრაციის გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 16 მარტს ზ. გურგენაშვილმა გორის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა და მოპასუხეების: მ. გ-ისა და ი. ბ-ის მიერ ქ. გორში, ... მდებარე საცხოვრებელ ბინაზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა. სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ აღნიშნული ბინა საკუთრების უფლებით მის სახელზე ირიცხებოდა. ამ ბინის ყოფილი მესაკუთრეები მ. გ-ი და ი. ბ-ე ქ. გორის სასამართლოს 1996წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. გორში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლებული იქნენ და ფაქტობრივად სხვა მისამართზე ცხოვრობენ, რითაც არღვევენ «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლს, რომლის თანახმადაც ისინი ვალდებულნი არიან რეგისტრაციის შეცვლის თაობაზე საპასპორტო განყოფილებას მიმართონ.

მოსარჩელემ, ასევე, აღნიშნა რომ შს გორის საპასპორტო განყოფილებამ 1997წ. 6 ოქტომბრის ქ. გორის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხეების: გ-ისა და ბ-ის ხელმეორედ ჩაწერა მოახდინა. ამ გადაწყვეტილებით, ი. ბ-ის სარჩელის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბინის პრივატიზაცია, რომელიც მისმა მეუღლემ მ. გ-მა განახორციელა, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ბინა უკვე სხვაზე იყო გაყიდული. 1998წ. 7 აპრილს უმაღლესი სასამართლოს მიერ გაუქმებულ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება, მაგრამ შს გორის საპასპორტო განყოფილება მის მიერ მიღებული ჩაწერის აქტის გაუქმებას, მიუხედავად მოსარჩელის არაერთგზის მოთხოვნისა, არ ახორციელებს იმ მოტივით, თითქოს ბლიაძე და მისი მეუღლე გიგუაშვილი ბინის წილობრივი მესაკუთრენი არიან.

მოპასუხეებმა _ ბ-ემ და გ-მა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ არსებობდა ქ. გორის სასამართლოს განჩინება, რომლითაც მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო შეწყდა საქმის წარმოება. ეს სარჩელი ზ. გ-მა შეიტანა, რომელიც გიგუაშვილისა და ბლიაძის ბინიდან ამოწერასა და ფართზე უფლებადაკარგულად ცნობას მოითხოვდა. მოპასუხეთა მოსაზრებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების არსებობის გამო, მოცემული საქმის წარმოება უნდა შეეწყვიტა. მოპასუხეები ასევე მიუთითებდნენ ქ. გორის სასამართლოს 1998წ. 29 მაისის გადაწყვეტილებაზე, რომელიც მხარეთა მორიგების გამო წარმოებით შეწყდა. ამ საქმეში მოსარჩელეები: მ. გ-ი და ი. ბ-ე სადავო ბინის პრივატიზაციის გაუქმებასა და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ.

გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეები მ. გ-ი და ი. ბ-ე უნდა მოიხსნან რეგისტრაციიდან ქ. გორში, ... საცხოვრებელი ბინიდან, რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნის ზ. გ-ს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მ. გ-მა და ი. ბ-ემ გაასაჩივრეს და გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 10 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე და 272-ე მუხლების მოთხოვნები. აპელანტებმა სარჩელში მიუთითეს, რომ რაიონულ სასამართლოს ზ. გ-ის სარჩელი არ უნდა მიეღო წარმოებაში ან მიღების შემდეგ საქმე წარმოებით უნდა შეეწყვიტა, ვინაიდან არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს 1996წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება ანალოგიური საქმის შეწყვეტის თაობაზე მათსა და ზ. გ-ს შორის. ასევე, არსებობდა სასამართლოს 1998წ. 29 მაისის მორიგების განჩინება იმავე მხარეებს შორის.

რაიონულმა სასამართლომ საქმე განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში გადააგზავნა. პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს, გამოარკვია, რომ დავის საგანს ადმინისტრაციული აქტის _ მოქალაქეთა რეგისტრაციის გაუქმება წარმოადგენდა, რის გამოც მ. გ-ისა და ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადაუგზავნა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 მაისის გადაწყვეტილებით მ. გ-ისა და ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამასთან, საქმეში ჩაბმულ იქნა შს გორის საპასპორტო განყოფილება. გორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და სადავო ბინის რეგისტრაციიდან მოიხსნენ მ. გ-ი და ი. ბ-ე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან გორის რაიონული სასამართლოს 1998წ. 29 მაისის გადაწყვეტილ ებით მხარეთა მორიგების შედეგად შეწყდა წარმოება საქმეზე ი. ბ-ისა და გ. გ-ის სარჩელისა გამო პრივატიზაციის გაუქმებისა და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. განსახილველი დავის საგანს კი წარმოადგენდა მ. გ-ისა და ი. ბ-ის რეგისტრაციიდან მოხსნა, რის გამოც სასამართლომ ჩათვალა რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ბ» პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 22 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. გ-მა და ი. ბ-ემ და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ზ. გ-ის სარჩელზე წარმოებული საქმის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ბ» პუნქტის საფუძველზე შეწყვეტა იმავე საფუძვლებით მოითხოვეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მ. გ-ისა და ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 22 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 და მე-4 მუხლები, რომელთა თანახმად: «საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებულნი არიან გაიარონ რეგისტრაცია თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით», «საცხოვრებელი ადგილის სამ თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია ათ დღეში, ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით, აცნობოს ამის შესახებ ახალ საცხოვრებელ ადგილას შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, რომელიც ხუთ დღეში გაატარებს მას რეგისტრაციაში და მისცემს რეგისტრაციის მოწმობას»....

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დაცვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებზეც კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. გორის სასამართლოს 1996წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ი და ი. ბ-ე გამოსახლებულნი იქნენ ქ.გორში, ... საცხოვრებელი ბინიდან და მას შემდეგ ამ სადავო ბინაში აღარ უცხოვრიათ.

საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, მართალია, საქმის მასალებში მოიპოვება ქ. გორის სასამართლოს 1996წ. 26 ივლისის განჩინება, რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება ზ. გ-ის სარჩელისა გამო მ. გ-ისა და ი. ბ-ის მიმართ სადავო საცხოვრებელ ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის თაობაზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, მაგრამ საქმის მასალებში, ასევე, მოიპოვება ქ. გორის სასამართლოს 1996წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომ იქნა მიღებული და რომლითაც მ. გ-ი და ი. ბ-ე გამოსახლებულნი იქნენ სადავო ფართიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია და ამდენად, ამ მოქალაქეთა სადავო ბინაზე რეგისტრაციის საფუძველიც აღარ არსებობს, მითუმეტეს, რომ საჯარო რეესტრში აღნიშნული ბინა ზ. გ-ეა რეგისტრირებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოებით შეწყვეტის თაობაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ბინის რეგისტრაციიდან მოხსნა არ ცვლის ქ. გორის სასამართლოს 1998წ. 29 მაისის გადაწყვეტილებას სადავო ბინის შესახებ მხარეთა მორიგების თაობაზე და არ ზღუდავს კასატორთა ქონებრივ უფლებებს ამ ბინასთან დაკავშირებით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ-ისა და ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 22 მაისის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.