3გ-ად-270-კ-02 19 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: საკრებულოს წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.06.02წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი წირქვალის ¹56-14 საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგები. «¹56.14 წირქვალის თემის საარჩევნო ოლქის 26 და 27 საარჩევნო უბნებში განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის შესახებ» საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 18.06.02წ. განკარგულებით დაინიშნა განმეორებითი კენჭისყრა. გ. გ-შვილმა და მ. ხ-ძემ სარჩელით მიმართეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ¹56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვეს დ. ი-შვილის საკრებულოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის გაუქმება. მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ საკრებულოს წევრობის კანდიდატი განმეორებით არჩევნებში, ჭიათურის რაიონის გამგებელი დ. ი-შვილი, რომელიც წარმოადგენდა არჩევნებში მოსარჩელეთა კონკურენტს, საარჩევნო პროცესში იყენებს თავის თანამდებობრივ მდგომარეობას, ვინაიდან არ აქვს კანონით დადგენილი წესით შეჩერებული უფლებამოსილება. დ. ი-შვილი საკრებულოს წევრობის კანდიდატად ჭიათურის ¹56 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციაში გატარდა უფლებამოსილების შეჩერების გარეშე. მოპასუხე რეგისტრაციისას დაეყრდნო ჭიათურის რაიონის გამგეობის 18.06.02წ. ¹78\1 დადგენილებას გამგებლის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. ვინაიდან გამგებლის დანიშვნის, უფლებამოსილების შეჩერების და გათავისუფლების უფლება წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, ¹56 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დ. ი-შვილის საკრებულოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაში გატარებით, დარღვეულ იქნა საარჩევნო კოდექსის 114-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადაო საქმეთა კოლეგიის 27.06.02წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. კოლეგიამ აღნიშნა, რომ დ. ი-შვილი კანონით დადგენილი წესით იქნა წარდგენილი საინიციატივო ჯგუფის მიერ საკრებულოს წევრობის კანდიდატად, რეგისტრაციამდე მას საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შეუჩერდა უფლებამოსილება. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, 03.02.02წ. დ. ი-შვილი შეუდგა თავისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებას. განმეორებით კენჭისყრამდე 2 კვირით ადრე _ 18.06.02წ. დ. ი-შვილმა კვლავ შეწყვიტა თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელება. კოლეგიამ მიიჩნია, რომ დ. ი-შვილს 2002წ. 3 ივნისიდან 2002წ. 18 ივნისამდე არ დაურღვევია საარჩევნო კოდექსის 114-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან ამ პერიოდში ის არ წარმოადგენდა საარჩევნო სუბიექტს. დ. ი-შვილის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერება ძალაში იყო პირველი კენჭისყრის დამთავრებამდე და განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის დღიდან, ყოველი განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის შემდეგ განმეორებით აქტის გამოცემა უსაფუძვლოა, ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 89-ე მუხლი ითვალისწინებს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას კანდიდატად წამოყენების პერიოდში, რომელიც იწყება მორიგი არჩევნების დანიშვნიდან და წყდება კენჭისყრის დამთავრებისთანავე, იგი თავიდან იწყება განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის დღიდან.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 27.06.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. გ-შვილისა და მ. ხ-ძის მიერ. კასატორები აღნიშნავენ, რომ დ. ი-შვილი წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში იყენებდა თავის სამსახურებრივ მდგომარეობას, რითაც არღვევდა კოდექსის 73-ე მუხლის მოთხოვნებს. სწორედ განმეორებითი არჩევნების დანიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე გამგეობის დადგენილებით განაწილდა ფულადი სახსრები 1991წ. მიწისძვრით დაზარალებულ ოჯახებზე. დახმარების მიმღებ პირთა შორის ყველაზე მეტი თანხა სწორედ სოფ. წირქვალში მცხოვრებმა პირმა მიიღო.
კასატორები არ ეთანხმებიან საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 2002წ. 3 ივნისიდან 2002წ. 18 ივნისამდე დ. ი-შვილი არ იყო დეპუტატობის კანდიდატი. ასეთ შემთხვევაში, კასატორების აზრით, 3 ივნისიდან დ. ი-შვილი აღარ იყო საკრებულოს წევრობის კანდიდატი და იმისათვის, რომ კვლავ გამხდარიყო ასეთად აუცილებელი იყო შესაბამისი საარჩევნო კომისიის ახალი განკარგულება მისი კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ, რომელიც არ მიღებულა. ვინაიდან საარჩევნო კომისიის განკარგულება კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ მუდმივად იყო ძალაში და იგი არავის გაუუქმებია, დ. ი-შვილს არ ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების უფლება, ხოლო თუ დ. ი-შვილი 2002წ. 3 ივნისიდან აღარ იყო საარჩევნო სუბიექტი და კანდიდატად რეგისტრაციის განკარგულებას ძალა ჰქონდა დაკარგული, მაშინ საარჩევნო სუბიექტის სტატუსის კვლავ მოპოვებისათვის საჭირო იყო შესაბამისი საარჩევნო კომისიის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც არ გამოცემულა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 94-ე, 114-ე მუხლების თანახმად თანამდებობის პირებს სამსახურებრივი უფლებამოსილება უჩერდებათ შესაბამის საარჩევნო კომისიაში კანდიდატად დანიშვნამდე. «ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის თანახმად, გამგებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტის 03.05.02წ. ¹502 განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 114-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე ჭიათურის რაიონის გამგებელს დ. ი-შვილს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს წევრობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება. ¹56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის 13.05. ¹8 განკარგულებით, საარჩევნო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 120-ე მუხლების საფუძველზე, დ. ი-შვილი გატარდა საარჩევნო რეგისტრაციაში ¹56.14 წირქვალის საარჩევნო ოლქში საკრებულოს წევრობის კანდიდატად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს სასარჩელო განცხადებაში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საკრებულოს წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისრაციაში გატარებისას დ. ი-შვილს არ ჰქონდა შეჩერებული სამსახურებრივი უფლებამოსილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.06.02წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა წირქვალის თემის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების გ. გ-შვილის და მ. ხ-ძის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის რაიონის წირქვალის თემის საარჩევნო ოლქის ¹56-27 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები. «¹56.14 წირქვალის თემის საარჩევნო ოლქის 26 და 27 საარჩევნო უბნებში განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის შესახებ» ცსკოს 18.06.02წ. განკარგულებით 23.06.02წ. დაინიშნა განმეორებითი კენჭისყრა. პალატა აღნიშნავს, რომ ხელახალი არჩევნებისაგან განსხვავებით, განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება არ საჭიროებს კანდიდატთა ხელახალ რეგისტრაციას. შესაბამისად, ხელახალი არჩევნების დანიშვნიდან ავტომატურად ამოქმედდა საკრებულოს წევრობის კანდიდატთა საარჩევნო რეგისტრაცია. საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 2002წ. 3 ივნისიდან (არჩევნების დამთავრებიდან) 2002წ. 18 ივნისამდე (განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნამდე) დ. ი-შვილი უფლებამოსილი იყო შეესრულებინა სამსახურეობრივი უფლებამოსილებანი, ვინაიდან დ. ი-შვილი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენდა კენჭისყრის დამთავრებამდე. სარჩევნო სუბიექტის სტატუსი მას აღუდგა ცსკოს მიერ განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნისას. საქართველოს პრეზიდენტის 03.05.02წ. ¹502 განკარგულება არ შეიცავს მისი მოქმედების ზღვრულ ვადას, აღნიშნული განკარგულების გამოცემას, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას საფუძვლად დაედო დ. ი-შვილის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს წევრობის კანდიდატად დასახელება. ცსკოს 18.06.02წ. ¹115\2002 განკარგულებით განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნით აღდგა რა საკრებულოს წევრობის კანდიდატობის საარჩევნო რეგისტრაცია, მოქმედება განაგრძო საქართველოს პრეზიდენტის 03.05.02წ. ¹502 განკარგულება, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისათვის საჭირო არ იყო დამატებითი აქტის გამოცემა, ვინაიდან არ შეცვლილა სამსახურებრივი უფლებამოსილების კანონმდებლობით დადგენილი საფუძველი _ წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს წევრობის კანდიდატად დასახელება, რაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის 114-ე, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 89-ე მუხლის მიხედვით წარმოადგენს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძველს. შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის 03.05.02წ. ¹502 განკარგულებამ არ ამოწურა თავისი მოქმედება. პირველი კენჭისყრის დამთავრებიდან განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნამდე დ. ი-შვილს არ ეკრძალებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება, რადგან იგი ამ პერიოდში არ ითვლებოდა საარჩევნო სუბიექტად. საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს კანდიდატთა თანასწორობის გარანტიებს (114-ე მუხ.) საარჩევნო კამპანიის წარმოების პერიოდში. საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განმეორებითი, ხელახალი კენჭისყრისათვის ან ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში წინასწარი აგიტაცია განახლდება მისი დანიშვნის დღიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი, შესაბამისად საკასაციო პალატა შეუძლებლად თვლის საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრების გაზიარებას, გ. გ-შვილის და მ. ხ-ძის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-შვილის და მ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაცილი სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 27.06.02წ. გადაწყვეტილება.
2. კასატორებს დაეკისროთ თანაბარწილად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით.
3. საქრთველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.