Facebook Twitter

3გ-ად-271-კ-02 22 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემადგენლობა:

ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ნ. სხირტლაძე

სარჩელის საგანი: 1) ადმინისტრაციული აქტის მოქმედების ნაწილობრივ შეჩერება; 2) საარჩევნო ოლქში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შეჯამების დავალება იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების საფუძველზე, რომლებმაც კანონით დადგენილ ვადაში წარადგინეს ანგარიშები საარჩევნო კამპანიისთვის გამოყენებული სახსრების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 8 ივლისს ახალციხის რაიონის ¹37.08.19 მინაძის საარჩევნო ოლქში საკრებულოს წევრობის კანდიდატებმა: ვ. მ-ძემ, გ. ნ-ძემ და რ.Oს-შვილმა სარჩელი აღძრეს თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე ახალციხის რაიონის ¹.... საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ახალციხის ¹..... საოლქო საარჩევნო კომისიამ ¹37.08.19 მინაძის საარჩევნო ოლქში კენჭისყრის შედეგები შეაჯამა (2002წ. 6 ივნისის ოქმი) საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის გამოყენების შესახებ ანგარიშების წარდგენის გაუთვალისწინებლად, რითაც დაარღვია საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნები.

მოსარჩელეთა განმარტებით, ახალციხის ¹..... საოლქო საარჩევნო კომისიას 2002წ. 11 ივნისს მიმართა რ. ს-შვილმა და ითხოვა ¹37.08.19 მინაძის საარჩევნო ოლქში 2002წ. 6 ივნისის კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის ასლი და ცნობები საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის გამოყენების შესახებ ანგარიშების წარდგენის თაობაზე. ახალციხის ¹..... საოლქო საარჩევნო კომისიამ 2002წ. 6 ივნისის კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის ასლი მისცა რ.Oს-შვილს, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი საარჩევნო ფონდის გამოყენების შესახებ ანგარიშების გაცემაზე თავი შეიკავა.

2002წ. 4 ივლისს მოსარჩელეებმა კვლავ მიმართეს ¹.... ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომლისგანაც მიიღეს სიტყვიერი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმ საარჩევნო სუბიექტებიდან, ვინც მიიღეს ხმების საჭირო რაოდენობა, საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების ანგარიში წარდგენილი ჰქონდა მხოლოდ ტ.Oა-შვილს, ხოლო იმ საარჩევნო სუბიექტებიდან, ვინც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა – ვ. მ-ძეს, გ. ნ-ძეს, რ. ს-შვილსა და ხ. ა-იანს.

მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც დააგროვეს ხმების საჭირო რაოდენობა, საარჩევნო კოდექსით დადგენილი ფორმითAდა განსაზღვრულ ვადაში არ წარადგინეს ანგარიშები ახალციხის ¹..... საოლქო საარჩევნო კომისიაში, რითაც დაარღვიეს საარჩევნო კოდექსის 46-ე, 47-ე და 48-ე მუხლების მოთხოვნები.

მოსარჩელეებმა სარჩელში ითხოვეს:

1. ახალციხის რაიონის ¹37.08.19 მინაძის საარჩევნო ოლქში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის (2002წ. 6 ივნისი) მოქმედების შეჩერება საკრებულოს წევრების არჩევის ნაწილში, ტ. ა-შვილის გარდა.

2. ახალციხის ¹..... საოლქო საარჩევნო კომისიას დავალებოდა, მინაძის ¹37.08.19 საარჩევნო ოლქში კენჭისყრის შედეგების შეჯამება იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების საფუძველზე, რომლებსაც კანონით დადგენილ ვადაში ჰქონდათ წარდგენილი ანგარიშები საარჩევნო კამპანიისათვის გამოყენებული სახსრების შესახებ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ვ. მ-ძემ, გ. ნ-ძემ და რ. ს-შვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სსკ-ს 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე.

კასატორების განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილების დასაბუთება დაუკავშირა ახალციხის ¹..... საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 6 ივნისის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობას, თუმცა სარჩელში ¹.... საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 6 ივნისის შემაჯამებელი ოქმის ბათილობაზე მოთხოვნა არ ყოფილა.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ არჩევნებთან დაკავშირებული დავები, უმეტეს შემთხვევაში, ექცევა არაორდინალურ სამართლებრივ ჩარჩოებში, როგორც მოცემულ შემთხვევაში, როდესაც წინასწარ იქმნება სასარჩელო ვადის გაშვების პირობები. სასამართლო კოლეგია უფლებამოსილი იყო, ემსჯელა გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლის თაობაზე, მითუმეტეს, რომ ¹..... საოლქო საარჩევნო კომისიამ ¹37.08.19 მინაძის საარჩევნო ოლქში ჩატარებული კენჭისყრის შედეგებზე შემაჯამებელი ოქმი შეადგინა კენჭისყრიდან მეოთხე დღეს. კასატორთა განმარტებით, სარჩელის მოთხოვნას კენჭისყრის შედეგების შეჯამების შესახებ, საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, ვერ დააყენებდნენ 2002წ. 2 ივლისზე ადრე.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლო კოლეგიას არ უნდა გამოეყენებინა საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილი და უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 77-ე მუხლის მე-20 ნაწილი. სასამართლო კოლეგიას უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლი, რადგანაც სასარჩელო მოთხოვნა იყო, რომ სასამართლოს დაევალდებულებინა ახალციხის რაიონის ¹..... საოლქო საარჩევნო კომისია, განეხორციელებინა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა კანონის აღსრულება და რომლის შეუსრულებლობა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა კასატორთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

კასატორთა განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილი და კასატორებს უსაფუძვლოდ დააკისრა სახელმწიფო ბაჟი.

კასატორებმა საკასაციო საჩივარში ითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანით მათი სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოტივაციას, რომ, მართალია, მოსარჩელეები არ ითხოვდნენ ¹37.08.19 მინაძის საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 6 ივნისის ოქმის ბათილად ცნობას, მაგრამ მათი მოთხოვნა არჩევნების შედეგების შეჯამების თაობაზე უკავშირდება ამ ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობას, რომლის გასაჩივრების უფლებაც მოსარჩელეებს ჰქონდათ მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში, საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელე რ. ს-შვილის განმარტება, რომ ზემოთ აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით მოსარჩელეებმა შეიტყვეს გვიან _ 2002წ. 4 ივლისს და რომ მათ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაშვებული არ ჰქონდათ.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორად განმარტა საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი პუნქტი, კერძოდ, საარჩევნო კოდექსი საარჩევნო კომისიის ყველა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადას ადგენს მისი მიღებიდან და არა მხარის მიერ სადავო გადაწყვეტილების გაცნობიდან, ან ამასთან დაკავშირებით, მისი უფლების დარღვევის შესახებ შეტყობიდან.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა განმარტებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილი იყო, ემსჯელა გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის საპატიოდ ჩათვლის შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» შესაბამისად, გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის საპატიოდ ჩათვლა და ამ ვადის აღდგენა დაშვებული არ არის.

რაც შეეხება სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრებას, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორებს, რომ სასამართლო კოლეგიას უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად სახელმწიფო ბაჟი არ უნდა დაეკისრებინა მოსარჩელეთათვის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად მოსარჩელე ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა, მართალია, არ აბრკოლებს საქმის განხილვასა და გადაწყვეტას, მაგრამ ეს არ ნიშნავს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოსარჩელე ფიზიკური პირის საბოლოო გათავისუფლებას. თუკი დავა მის სასარგებლოდ არ გადაწყდება, სახელმწიფო ბაჟის გადახდა მას დაეკისრება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ფიზიკური პირი მოსარჩელე კანონით გათვალისწინებული საფუძვლით არის გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახალციხის რაიონის ¹37.08.19 მინაძის საარჩევნო ოლქში საკრებულოს წევრობის კანდიდატების: ვ. მ-ძის, გ. ნ-ძისა და რ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება.

3. მოსარჩელეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით: 70% _ 21 ლარი – საქართველოს უზენაესი სასამართლო, ეროვნული ბანკი, კოდი 59, ანგარიშის ¹ 000141107; 30% _ 9 ლარი – ადგილობრივი ბიუჯეტი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.