Facebook Twitter

პრივატიზება; კედლის მოშლა

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-277-კ-02 13 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: პრივატიზების ხელშეკრულებიდან ფართის ამორიცხვა, კედლის მოშლა მოპასუხის ხარჯით.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 17 იანვარს ნ. ნ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ვ. შ-ას მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1994წ. 30 ნოემბრის ბინის პრივატიზების ხელშეკრულებით ქ. ბათუმში, .... ქ. ¹2-ში მდებარე ¹58 ბინა გახდა მოსარჩელის საკუთრება. ქ. ბათუმის მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროში, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე, 93 კვ.მ ფართი აღირიცხა მოსარჩელე ნ. ნ-ის სახელზე.

მოსარჩელის განმარტებით, რამდენიმე წელია, რაც ცხოვრობდა რუსეთში. საქართველოში ჩამოსლვისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისმა მეზობელმა, მოპასუხე ვ. შ-ამ კედლის ამოშენებით მიისაკუთრა 7 კვ.მ ფართობი.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად მოპასუხის მიერ აშენებული კედლის მოშლა მოპასუხისვე ხარჯით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 თებერვლის საოქმო განჩინებით მოპასუხე ვ. შ-ა ჩაითვალა არასათანადო მოპასუხედ და იგი შეიცვალა სათანადო მოპასუხე გ. შ-ათი. ამავე განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ჯ. შ-ა, ვ. შ-ა, თ. შ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 13 მარტის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ ქ. ბათუმის ნოტარიუსი მ. ს-ე და ქ. ბათუმის მერიის ¹... მიკრორაიონის გამგეობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ მხარი დაუჭირა სარჩელს, ითხოვა მოპასუხის მიერ ამოშენებელი კედლის მოშლა მოპასუხისვე ხარჯით, აგრეთვე, დამატებით ითხოვა მოპასუხე გ. შ-ას მიერ 1999წ. 22 თებერვალს დადებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულებიდან სადავო 7 კვ.მ ფართობის ამორიცხვა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ 1999წ. 22 თებერვლის ბინის პრივატიზების ხელშეკრულებაში სადავო ფართი შევიდა კანონის სრული დაცვით და ნოტარიუსმაც სათანადო წესით დაადასტურა აღნიშნული ხელშეკრულება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-ამ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 მარტის გადაწყვეტილება. ქ. ბათუმის ნოტარიუს მ. ს-ის მიერ 1999წ. 22 თებერვალს შესრულებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულება გ. შ-ას მიერ მთლიანი ბინის პრივატიზების შესახებ დარჩა უცვლელად. მოსარჩელე ნ. ნ-ის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელე ნ. ნ-ე და მოპასუხე გ. შ-ა ცხოვრობენ ქ. ბათუმში, .... ქ. ¹2 «ა» სახლში და უკავიათ ერთმანეთის მიმდებარედ განთავსებული ¹58 და ¹60 ბინები. აღნიშნული სახლის მობინადრეებმა ურთიერთშეთანხმებით დაიწყეს საცხოვრებელ სახლზე მიშენება და საცხოვრებელ ბინებს ეზოს მხრიდან მიუმატეს დამხმარე ფართი, შესაბამისად მოსარჩელის და მოპასუხის ბინებზეც მიშენდა დამხმარე ფართი.

მოსარჩელე ნ. ნ-ემ მისი ბინის ლოჯიის ამოშენებით საერთო სადარბაზოს ხარჯზე მიიღო 6,66 კვ.მ ფართობის ოთახი, შემდგომ კი, როცა ეზოს მხრიდან მიშენდა დამატებითი ფართი, ზემოთ აღნიშნული 6,66 კვ.მ ფართობის ოთახის წინ წარმოიშვა დამხმარე ფართი, რომელშიც მოპასუხე გულნარა შენგელიამ ამოაშენა კედელი ისე, რომ სადარბაზოს გასწვრივ მდებარე ფართის ნახევარი შევიდა მოსარჩელე ნ. ნ-ის საკუთრებაში, ხოლო 7 კვ.მ ფართობის მეორე ნახევარი დარჩა მოპასუხე გ. შ-ას. აღნიშნული ფართი შევიდა 1999წ. 22 თებერვლის ბინის პრივატიზების ხელშეკრულებაში, რომელიც გააფორმა გ. შ-ამ.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებაზე ნ. ნ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოპასუხე გ. შ-ას არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოში არ მოუთხოვია 7 კვ.მ ფართობის ამორიცხვა ნ. ნ-ის მიერ გაფორმებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულებიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს უფლება არა აქვს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს მიაკუთვნეს ის, რაც მას არ უთხოვია.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო არასწორად დაეყრდნო მხოლოდ ტექინვენტარიზაციის ბიუროს წარმომადგენლის განმარტებას, რომ ნ. ნ-ეს შეცდომით ჰქონდა პრივატიზებული სადავო 7 კვ.მ. კასატორი აღნიშნავს, რომ დაშვებული შეცდომა თუკი არსებობდა, იგი უნდა გასწორებულიყო 1999წ. 22 თებერვალს, როცა გ. შ-ამ გააფორმა ბინის პრივატიზების ხელშეკრულება, მაგრამ მაშინ შეცდომა არ გამოვლენილა.

კასატორის განმარტებით, ტექინვენტარიზაციის ბიურომ ნ. ნ-ის საკუთრებაში არსებული ფართი არასწორად შეიტანა მოპასუხე გ. შ-ას ტექპასპორტში.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებირვი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ეს კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ მოპასუხე გ. შ-ას არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოში არ დაუყენებია შეგებებული სარჩელი და არ მოუთხოვია მოსარჩელე ნ. ნ-ის მიერ 1994წ. 30 ნოემბერს გაფორმებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულებიდან იმ სადავო 7 კვ.მ ფართის ამორიცხვა, რომელიც შევიდა გ. შ-ას მიერ 1999წ. 22 თებერვალს დადებულ ბინის პრივატიზების ხელშეკრულებაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დატოვა უცვლელად 1999წ. 22 თებერვალს მ. შ-ას მიერ გაფორმებული მთლიანი ბინის პრივატიზების ხელშეკრულება, რომელშიც შევიდა სადავო 7 კვ.მ, რადგანაც ეს ფართი, აგრეთვე, შესულია ნ. ნ-ის მიერ 1994წ. 30 ნოებმერს გაფორმებულ ბინის პრივატიზების ხელშეკრულებაში, რომელიც არ გაუქმებულა და ძალაშია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ გამოიტანა იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ეს კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.