სამუშაოზე აღდგენა; განაცდურის ანაზღაურება
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3გ-ად-279-კ-02 19 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 19 თებერვალს ლ. კ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპაუხე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიმართ და სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იგი სარჩელის აღძვრამდე საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის კადრებისა და კანცელარიის განყოფილების .... მუშაობდა. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საზღვაო ადმინისტრაციის 2001წ. 30 დეკემბრის ¹44/AK, ბრძანებით კანონის ყოველგვარი დარღვევით, ადმინისტრაციის თვითდაფინანსებაზე გადასვლისა და კადრების შემცირების აუცილებლობის მოტივით, იგი დაკავებული თანამდებობიდან იქნა გათავისუფლებული. ლ. კ-ე სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროისათვის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენასა და მიუღებელი (განაცდური) ხელფასის ანაზღაურებას მოითხოვდა, ხოლო მოგვიანებით მან მოპასუხე ორგანიზაციაში ახალი სტრუქტურით გათვალისწინებულ თანამდებობაზე – საქმის წარმოების .... (მდივნის) თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა იმ მოტივით, რომ რეორგანიზაციის შედეგად მის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობისათვის დაკისრებული უფლება-მოვალეობანი საქმის წარმოების სპეციალისტს (მდივანს) გადაეცა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ იმავე ნომრისა და იმავე შინაარსის ახალი ბრძანება გამოსცა 31 დეკემბრის თარიღით და იგივე მოტივით, შტატების შემცირების გამო, მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლებულად გამოაცხადა.
მოპასუხე – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ შეპასუხება წარადგინა სასამართლოში და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის 2002წ. 20 ივლისის «ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახით მართვისა და რეგულირების წესის შესახებ» კანონის შესაბამისად, საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნა, რამაც შტატების რეორგანიზაციისა და შემცირების აუცილებლობა გამოიწვია.
შტატების შესაძლო შემცირების თაობაზე, თანამშრომლებს (მათ შორის მოსარჩელესაც) ზეპირსიტყიერად 2001წ. 30 ოქტომბერს საერთო კრებაზე ეცნობათ, ხოლო 2001წ. 31 ოქტომბერს აღნიშნულის თაობაზე წერილობითაც განემარტათ. ამდენად, მოპასუხე მიუთითებდა, რომ ლ. კ-ე «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე და 97-ე მუხლების შესაბამისად, კანონიერად იყო გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან და ორგანიზაციის მიერ მუშაკის დათხოვნის კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურა დაცული იყო. საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ არც ბრძანების შეცვლა მიიჩნია კანონდარღვევად და აღნიშნა, რომ ხსენებული მოსარჩელის მოთხოვნამ გამოიწვია _ ბრძანების ტექსტიდან ამოღებული ყოფილიყო მითითებანი თანამშრომელთა შრომითი თვისებებისა და შესაძლებლობების შესახებ და, შესაბამისად, იგივე შინაარსის ბრძანება ჩამოყალიბებულ იქნა ახალი რედაქციით.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2002წ. 4 მაისს გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლებული იქნა არა შტატების შემცირების, არამედ რეორგანიზაციის შედეგად და მისი მითითება შრომის კანონთა კოდექსით გათვალისწინებულ სამუშაოზე უპირატესად დარჩენის შესაძლებლობაზე, უსაფუძვლოდ ჩათვალა, რადგან რეორგანიზაციის შედეგად მისი საშტატო ერთეული საერთოდ აღარ არსებობდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოცემული დავა ადმინისტრაციული კანონმდებლობით უნდა განხილულიყო, საქმე კერძო-სამართლებრივ დავად მიიჩნია და იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და შრომის კანონმდებლობის შესაბამისად განიხილა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 1 მაისის გადაწყვეტილება ლ. კობახიძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ მას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მეორე ბრძანება საერთოდ არ გასცნობია. აპელანტმა სასამართლოს ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ მისი გათავისუფლების წინაპირობად დაწესებულების რეორგანიზაცია მიიჩნია, მაშინ როცა სამოტივაციო ნაწილში ასაბუთებდა, რომ მისი გათავისუფლება შტატების შემცირებამ გამოიწვია. აპელანტმა უკანონოდ ჩათვალა ასევე მოცემული საქმის კერძო-სამართლებრივ დავად მიჩნევა და აღნიშნა, რომ რადგან მოპასუხე საჯარო სამართლის იურიდიული პირი იყო, მისი ბრძანება გამოცემული უნდა ყოფილიყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და საქმეც ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით უნდა ყოფილიყო განხილული. აპელანტმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც იგი სამუშაოზე იქნებოდა აღდგენილი, აუნაზღაურდებოდა განაცდური ხელფასი, მოპასუხეს მის მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯები დაეკისრებოდა და მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების დაუყონებლივი აღსრულება მოხდებოდა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 18 ივნისის ახალი გადაწყვეტილებით ლ. კ-ე აღდგენილ იქნა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის საქმის წარმოების სპეციალისტის (მდივნის) თანამდებობაზე, გაუქმდა მოპასუხის 2001წ. 30 და 2001წ. 31 დეკემბრის ბრძანებები აპელანტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს განაცდური ხელფასისა და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება დაეკისრა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე განხილულ უნდა ყოფილიყო არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული წესით _ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლომ აქვე მიიჩნია, რომ ლ. კ-ის გათავისუფლების საფუძველი იყო შტატების შემცირება, რომელიც მოპასუხე ორგანიზაციის _ შპს «ს. ს. ტ. ა.» რეორგანიზაციამ გამოიწვია და მოცემულ დავაზე შრომის კანონთა კოდექსისა და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის ის ნორმები უნდა გავრცელებულიყო, რომელიც შტატების შემცირების პროცედურას ეხებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. კ-ის სამსახურიდან დათხოვნისას არ იყო დაცული კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მისი გათავისუფლება კანონის დარღვევით მოხდა.
აჭარის უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ გაასაჩივრა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსისა და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოთხოვნები და არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის – 750 ლარის ანაზღაურებისა და სასამართლო ხარჯების – 100 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციისათვის დაკისრების ნაწილში. უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელე ლ. კ-ის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის საქმის წარმოების ... თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ლ. კ-ის სარჩელი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის საქმის წარმოების .... თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და ძირითადად სწორად განმარტა იგი. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-10 თავი და სწორად მიიჩნია მოსარჩელე ლ. კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებულ «საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრით» გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურედ (მოხელედ).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემული დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათისაა და განმარტავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის სადავო ბრძანება მიღებულია «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელიც სამართლებრივად საჯარო, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას წარმოადგენს და ამდენად, განსახილველი დავაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ბრძანება შრომით სამართლებრივ ურთიერთობას ეხება. შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა, მაგრამ 2000წ. პირველი იანვრიდან ამოქმედებულმა საქართველოს ზოგადმა ადმინისტრაციულმა კოდექსმა გაითვალისწინა ახალი სამართლებრივი ინსტიტუტი _ «ადმინისტრაციული გარიგება», რომლის თანახმადაც «ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება ადმინისტრაციულ გარიგებად იქნა მიჩნეული» (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტი; ამავე კოდექსის მე-5 თავი). განსახილველ შემთხვევაში ფიზიკურ პირს ლ. კ-ესა და ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციას შორის (მისი სამუშაოზე მიღების ბრძანებით) წარმოიშვა საჯარო სამართლებრივი შრომითი ურთიერთობა, რომელიც სადავო ბრძანებით შეწყდა. ამდენად, დავის საგანია ადმინისტრაციული გარიგების – საჯარო სამართლებრივი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.
საკასაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კერძოდ, დადგენილია, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ახალი სტრუქტურა დამტკიცდა 2002წ. 2 აპრილს, მაშინ, როცა დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირება დაიწყო 4 თვით ადრე, 2001 წ. 30-31 დეკემბერს. საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად თვლის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის სამუშაოდან განთავიუფლებისას მოპასუხემ დაარღვია «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 97-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 108-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები. სახელდობრ, მოსარჩელე კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა გაფრთხილებული სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს არ უზრუნია მოსარჩელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის თაობაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ადმინისტრაციის მიერ დარღვეულია ლ. კ-ის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის წესი. ირკვევა, რომ მოსარჩელის განთავისუფლებაზე მიღებულია ორი ბრძანება, ერთი – 2001წ. 30 დეკემბერს და მეორე – 2001წ. 31 დეკემბერს. ორივე ერთი და იგივე ნომრით. საგულისხმოა, რომ მეორე ბრძანებით პირველი ბრძანება არ ყოფილა გაუქმებული და არც მოსარჩელეს ჩაბარებია. ასევე, არცერთი ბრძანება არ ყოფილა რეგისტრირებული ადმინისტრაციის ბრძანებების აღრიცხვის ჟურნალში. ამდენად, მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლებისას დაირღვა მისი უფლებები, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მას უნდა აუნაზღაურდეს განაცდური და სასამართლო ხარჯები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. კ-ის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის საქმის წარმოების .... თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ადმინისტრაციის .... თანამდებობა სხვა თანამდებობას წარმოადგენს, რომელზეც წლების განმავლობაში მუშაობდა სხვა საჯარო მოსამსახურე. აღნიშნული შტატი არ შემცირებულა, არამედ მას შეუთავსეს საქმის წარმოების სპეციალისტის უფლება-მოვალეობები, რასაც მოსარჩელე ახორციელებდა. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი, ასევე, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი არ ითვალისწინებს სამუშაოზე აღდგენას სხვა თანამდებობაზე, რომელიც კანონიერი საფუძვლით დაკავებული აქვს სხვა საჯარო მოსამსახურეს, მითუმეტეს, თუ ეს უკანასკნელი შკკ-ს 36-ე მუხლით დადგენილი სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლებითაც სარგებლობს, აქვს ამ ორგანიზაციაში მუშაობის უფრო მეტი სტაჟი და კმაყოფაზე ყავს უმუშევარი ძმა და პენსიონერი დედა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება ლ. კ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის – 750 ლარის ანაზღაურებისა და სასამართლო ხარჯების – 100 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციისათვის დაკისრების ნაწილში.
3. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელე ლიანა კობახიძის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის საქმის წარმოების .... თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ლ. კ-ის სარჩელი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის საქმის წარმოების სპეციალისტების (მდივნის) თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.