Facebook Twitter

3გ/ად-280-კ-02 2 აგვისტო, 2002 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი), ბ. კობერიძე

დავის საგანი – ცსკ-ის 2002 წლის 8 ივლისის ¹25/2002 დადგენილების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 28 ივნისს ცსკ-ამ გამოსცა «ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებული 2002 წლის 2 ივნისის ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების საარჩევნო დოკუმენტაციის სისტემატიზაციის თაობაზე» განკარგულება ¹120/2002, რომლითაც თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების გადამოწმების მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარების მიზნით, ცსკ-ამ დაადგინა რიგი ღონისძიებების ჩატარება (ს.ფ. 9-10), მაგრამ ¹120/2002 განკარგულებით განსაზღვრული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია ჯეროვნად ვერ განხორციელდა.

2002 წლის 8 ივლისს ცსკ-ის სხდომამ, ოქმი ¹41/2002, განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი: «განკარგულება ქ. თბილისის საკრებულოს 2002 წლის 2 ივნისს ჩატარებული არჩევნების შედეგების გადამოწმების წესის შესახებ». ცსკ-ის სხდომამ 14 წევრის თანხმობით, ერთის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ სადავო აქტს მიიღებდნენ არა «განკარგულების», არამედ «დადგენილების» ფორმით და მიღებულ იქნა დადგენილება ¹25/2002 «ქ. თბილისის საკრებულოს 2002 წლის 2 ივნისს ჩატარებული არჩევნების შედეგების გადამოწმების წესის შესახებ» (ს.ფ. 4-6, 14-28). დადგენილება მიღებულია თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებისა და «არჩევნების შედეგების დადგენის შესახებ» ცსკ-ის ¹82/2002 განკარგულების შესასრულებლად და საბოლოო შედეგების დასადგენად.

2002 წლის 11 ივლისს კასატორმა .. ..მ საქართველოს ცსკ-ის მიმართ სარჩელი აღძრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და ცსკ-ის ¹25/2002 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა შემდეგი მოტივით:

1. სადავო დადგენილება უკანონოა, რადგან მთლიანობაში მისი შინაარსი და ცალკეული პუნქტები არ შეესაბამება არც თავად დადგენილების სათაურს, არც თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებას და არც ცსკ-ის ¹82/2002 განკარგულების პირველ პუნქტს, რომლითაც ცსკ-ას, თბილისის საკრებულოს არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენის მიზნით, დაევალა თბილისის საარჩევნო უბნებიდან წარდგენილი საარჩევნო მასალის გადათვლა;

2. სადავო დადგენილების მთელი რიგი პუნქტები მხოლოდ აფიქსირებენ არსებული საარჩევნო მასალის აღწერის წესს და კომისიის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფას, ხოლო მე-8 მე-10 პუნქტები ვერც შინაარსითა და ვერც თანმიმდევრობით ვერ უზრუნველყოფენ არჩევნების შედეგების საბოლოო დადგენას და საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ჩამოყალიბება - დამტკიცებას, რადგან არ არის გათვალისწინებული საარჩევნო კოდექსიდან გამომდინარე კონკრეტული კრიტერიუმები;

3. სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მიღებულია ნაჩქარევად და შეიცავს ტექნიკურ ხარვეზებს, მაგ. დადგენილების მე-9 პუნქტი საერთოდ გამოტოვებულია (ს.ფ. 1-3).

მოპასუხე – საქართველოს ცსკ-ის წარმომადგენელებმა არ ცნეს სარჩელი და უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო საქმეში მესამე პირად ჩართულმა საქართველოს სოციალისტური პარტიის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელს და იმ მოტივით მოითხოვა სადავო აქტის ბათილად ცნობა, რომ დადგენილების ტექსტის რედაქცია ვერ უზრუნველყოფს არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის ინტერესების დაცვას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ცსკ-ის ¹25/2002 დადგენილების ბათილად ცნობაზე სახალხო პარტიას უარი ეთქვა, შემდეგი საფუძვლით:

1. ცსკოს სადავო ¹25/2002 დადგენილება, როგორც ნორმატიული ხასიათის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულია საკანონმდებლო აქტის საფუძველზე. .. ..ის სარჩელი დაუშვებელია, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არც მთლიანად და არც ნაწილობრივ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, არ ზღუდავს მის უფლებებს;

2. სადავო აქტის გამოცემით ცსკ-ამ განახორციელა თავისი დისკრეციული უფლებამოსილება, რომელიც მინიჭებული აქვს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის «კ», «მ», «ს», «ტ» პუნქტების შესაბამისად;

3. არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60, 61-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძველი;

4. მართალია, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-9 თავი პირდაპირ და უშუალოდ არ განსაზღვრავს ამ კატეგორიის დავებზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების პროცედურას, მაგრამ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დავის აქტუალობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეებს მიანიჭათ გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების უფლება (ს.ფ 124-128).

თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს .. .., რომელიც შემდეგი მოტივით ითხოვს მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას:

1. სინამდვილეს არ შეესაბამება სასამართლოს გადაწყვეტილება, თითქოს სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი პირდაპირ ან უშუალო ინდივიდუაალურ ზიანს არ აყენებდეს .. ..ის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, რადგან სადავო აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად შეუძლებელია ხმების დათვლა, ცსკ-ა თავს არიდებს თავისი უშუალო ფუნქციების შესრულებას, ფაქტობრივი მიზეზების გამო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესრულების შეუძლებლობა კი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «გ» პუნქტის თანახმად, აქტის ბათილად ცნობის საფუძველია;

2. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე და მე-60 მუხლების, ასევე «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის მესამე თავის მოთხოვნათა შესაბამისად, ნორმატიული აქტი გარკვეული მოთხოვნების დაცვით უნდა გამოიცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სადავო აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო თუ რა მოთხოვნებია დარღვეული სადავო აქტის გამოცემით, ჩამოყალიბებულია სარჩელში (ს.ფ. 130).

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ცსკო საკასაციო საჩივარს არ ცნობს და შემდეგი საფუძვლით ითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას:

1. საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას, ვინაიდან იგი შემოტანილია სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული გასაჩივრების სამდღიანი ვადის დარღვევით. კერძოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცხადდა 2002 წლის 17 ივლისს, რასაც კასატორებიც ესწრებოდნენ, ხოლო საკასაციო საჩივარი შეტანილია 25 ივლისს, გასაჩივრების სამდღიანი ვადის გასვლისა და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ;

2. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, თითქოს სადავო ¹25/2002 დადგენილებით შეუძლებელია ხმების დათვლა, რადგან სადავო აქტში სკურპულოზურად არის აღწერილი ხმების გადათვლის პროცედურა (მე-8, მე-9 პუნქტები), შემაჯამებელი ოქმის ფორმაც დამტკიცებულია, ხოლო ხმის დამთვლელი ჯგუფები შეიქმნა და მათი ფუნქციები, საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა ცსკ-ის 2002 წლის 22 ივლისის ¹126/2002 განკარგულებით;

3. სადავო ნორმატიული აქტი მიღებული, ხელმოწერილი და გამოქვეყნებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საარჩევნო კოდექსის, «ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა» და «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის შესაბამისად, ხოლო დადგენილების მე-9 პუნქტის გამორჩენასთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზი გამოქვეყნებამდე იქნა გამოსწორებული;

4. არასწორია კასატორის ინტერპრეტაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის «გ» პუნქტთან დაკავშირებით, რადგან სადავო დადგენილების შესრულება ფაქტობრივი მიზეზების გამო არ არის შეუძლებელი, არამედ იგი უკვე მოქმედებს და მიმდინარე წლის 30 ივლისიდან დაიწყო კიდეც დადგენილების მე-7 პუნქტის შესრულება;

5. მოწინააღმდეგე მხარე ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას, რადგან კასატორმა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვერ დაასაბუთა თუ სადავო დადგენილებით რა უშუალო და პირდაპირი ზიანი ადგება მას;

6. მოწინააღმდეგე მხარე ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის «კ», «მ», «ს», «ტ» ქვეპუნქტებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «ლ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ცსკ-ამ სადავო დადგენილება მიიღო მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და რამდენიმე პროექტიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება შეარჩია, რადგან სხვა პროექტები ითვალისწინებდა საარჩევნო ბიულეტენებისა და კონვერტების ბათილად ცნობის კრიტერიუმებს, რაც ისედაც ამომწურავადაა ჩამოთვლილი საარჩევნო კოდექსში და ამდენად, დადგენილებაში მისი ასახვა ზედმეტია, ხოლო გასატარებელი ღონისძიებების ვადების სადავო დადგენილებაში ასახვა შეუძლებელი იყო, რადგან საარჩევნო დოკუმენტაციის ხელახლა გადათვლის პროცედურა საარჩევნო კოდექსში საერთოდ არ არის მოცემული.

მესამე პირის – საქართველოს სოციალისტური პარტიის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა .. ..ის სარჩელსა და საკასაციო საჩივარს და მოითხოვა ცსკ-ის ¹25/2002 დადგენილების მე-5-13 პუნქტების ბათილად ცნობა, ასევე არჩევნების შედეგების გადამოწმების ახალი წესის დაუყოვნებლივ შემუშავების ცსკ-სთვის დავალდებულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა და მესამე პირის ახსნა - განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის გაცნობისა და გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ .. ..ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს საკასაციო საჩივრის არგუმენტს, რომ საქართველოს ცსკ-ის სადავო ¹25/2002 დადგენილება «ქ. თბილისის საკრებულოს 2002 წლის 2 ივნისს ჩატარებული არჩევნების შედეგების გადამოწმების წესის შესახებ» ნამდვილად პირდაპირ, უშუალოდ და ინდივიდუალურად ეხება .. ..ის ინტერესს, ვინაიდან 2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის - საკრებულოს არჩევნების დროს .. .. იყო საარჩევნო სუბიექტი, უშუალოდ მონაწილეობდა საკრებულოს არჩევნებში, ამიტომ, ბუნებრივია, სადავო დადგენილება თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების გადამოწმების წესის შესახებ უშუალოდ და პირდაპირ ეხება მის კანონიერ ინტერესს, მაგრამ იმავდროულად საკასაციო პალატა ასევე იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ცსკ-ის სადავო ¹25/2002 დადგენილება, მართალია, პირდაპირ და უშუალოდ ეხება კასატორის - .. ..ის ინტერესს, მაგრამ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს მის კანონიერ ინტერესს და არ ზღუდავს მის უფლებებს, რადგან კასატორმა ვერ მიუთითა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60, 61-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძველზე. კასატორის ერთადერთი მითითება მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «გ» პუნქტზე, რომლის მიხედვითაც: «ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა გამოცხადდეს თუ მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზის გამო», დაუსაბუთებელია, ვინაიდან კასატორმა ვერ დაასახელა ვერცერთი ფაქტობრივი მიზეზი, რის გამოც შეუძლებელი იქნებოდა სადავო აქტის შესრულება, ცსკ-ის წარმომადგენელთა განმარტებით კი სადავო აქტისა და თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, ცსკ-ა შეუდგა თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების გადამოწმების სამუშაოს შესრულებას, რასაც არც კასატორი და არც მესამე პირი არ უარყოფს;

2. კასატორი აღიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ მოცემულ სწორ სამართლებრივ შეფასებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის _ ¹25/2002 დადგენილების _ გამოცემით ცსკ-ამ განახორციელა საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის «კ», «მ», «ს» და «ტ» პუნქტებით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის მიზნით, მაგრამ კასატორს მიაჩნია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული სადავო აქტი არ შეესაბამება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე, მე-60 მუხლებისა და «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის მე-3 თავის მოთხოვნებს, რასაც, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

ა) 51-ე მუხლის - «ადმინისტრაციული აქტის ფორმა» - პირველი ნაწილის თანახმად, აქტი გამოიცემა წერილობითი ფორმით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დაცულია და სადავო ¹25/2002 დადგენილება სწორედ წერილობითი ფორმითაა გამოცემული. რაც შეეხება დადგენილების შინაარსში დაშვებულ ხარვეზებს, დადგენილების ნაცვლად ზოგან განკარგულებისა თუ ბრძანების მითითებას, საკასაციო პალატის აზრით, აღნიშნული ტექნიკური უზუსტობა აქტის სამართლებრივ შინაარსს არ ცვლის და ვერც ბათილობის საფუძველი გახდება;

ბ) 52-ე მუხლი - «ადმინისტრაციული აქტის რეკვიზიტები», საკასაციო პალატა სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ამ თვალსაზრისით შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ¹25/2002 დადგენილება აღნიშნული ნორმის შესაბამისადაა გამოცემული, სათანადო რეკვიზიტების დაცვით. მართალია, აქტი არ შეიცავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ აქტის გასაჩივრების წესსა და ვადებს, მაგრამ ამ მიუთითებლობას კასატორისათვის არ შეულახავს აქტის გასაჩივრების უფლება, საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აქტი სასამართლოს დავის საგანი გახდა, ამიტომ საკასაციო პალატის აზრით, აღნიშნული არ შეიძლება გახდეს სადავო აქტის ბათილობის საფუძველი;

გ) 53-ე მუხლი - «ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დასაბუთება». როგორც წესი, ადმინისტრაციული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, მაგრამ, რადგან კონკრეტული დავის საგანი ¹25/2002 დადგენილება მიღებულია თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებისა და ცსკ-ის ¹82/2002 განკარგულების შესასრულებლად, საკრებულოს არჩევნების შედეგების დადგენის მიზნით, დადგენილების სამართლებრივი ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ 53-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბუთება ამ შემთხვევაში სავალდებულო არ არის, ვინაიდან სადავო აქტი რაიმე კონკრეტული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტას კი არ ეხება (რომელიც ამგვარ წერილობით დასაბუთებას უცილობლად საჭიროებს), არამედ ადგენს არჩევნების შედეგების გადამოწმების წესს, პროცედურას და იმ ღონისძიებებს, რომელთა გატარებაც აუცილებელია საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს 2002 წლის 20 ივნისისა და ¹82/2002 განკარგულების აღსასრულებლად;

დ) უსაფუძვლოა ასევე მე-60 მუხლზე ზოგადი მითითებაც, რადგან კასატორი ვერ ასაბუთებს კონკრეტულად მე-60 მუხლის რომელი მოტივის საფუძველზე უნდა იქნეს სადავო აქტი ბათილად ცნობილი და რითი ეწინააღმდეგება იგი საარჩევნო კოდექსის ნორმებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის - ცსკ-ის არგუმენტს, რომ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის წესი, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონკერტების ბათილად ცნობის კრიტერიუმები ამომწურავადაა ჩამოთვლილი საარჩევნო კოდექსის 59-ე მუხლში და ამიტომ სადავო დადგენილებაში მისი დამატებითი ასახვის საჭიროება არ არსებობდა;

ე) “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-3 თავის დარღვევაზე მითითებაც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან კასატორი ვერ აკონკრეტებს სადავო დადგენილების მომზადება, მიღება, გამოქვეყნების რა წესი იქნა დარღვეული;

3. კასატორისა და მესამე პირის მიერ საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვისას მითითებულ პრეტენზიას, ¹25/2002 დადგენილების მე-6 პუნქტის გათვალისწინებით ხმის დამთვლელი 5 ჯგუფის დაკომპლექტების არაკანონიერების თაობაზე (რომლის შემადგენლობაშიც გარდა ცსკ-ის წევრებისა, აპარატის თანამშრომლებიც არიან შესული), საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან განსახილველი დავის საგანია ცსკ-ის ¹25/2002 დადგენილება, ხოლო მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ჯგუფი ცსკ-ამ, საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, შექმნა 2002 წლის 22 ივლისის ¹126/2002 განკარგულებით, რომელიც სასამართლოში დავის საგანი არ გამხდარა, არავის გაუსაჩივრებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის თანახმად, რადგან საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია დავის საგნის შეცვლა ან გადადება, საკასაციო პალატა პროცესუალურად არაუფლებამოსილია გასცდეს დავის საგანს, კასაციის ფარგლებს და იმსჯელოს აღნიშნულ გარემოებაზე;

4. სადავო ¹25/2002 დადგენილების მე-11 პუნქტთან დაკავშირებითაც, რომელიც არჩევნების შედეგების გადამოწმებისათვის გათვალისწინებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას და სამუშაოების დაფინანსებას ეხება, საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული მოტივით, პროცესუალურად არაუფლებამოსილია მსჯელობა იქონიოს აღნიშნულ საკითხზე, რადგან ხარჯთაღრიცხვის შესახებ ცსკ-ას 2002 წლის 12 ივლისს მიღებული აქვს სპეციალური განკარგულება ¹124/2002, რომელიც სასარჩელო წესით ასევე არ გასაჩივრებულა;

5. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას .. ..ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე. მართალია, კასატორი - .. .. ესწრებოდა საოლქო სასამართლოში აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას, მაგრამ, რადგან საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებული დავა საჯარო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და გასაჩივრების საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენება არა ცსკ-ის მიერ მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლი, არამედ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის სპეციალური ნორმა, მე-12 მუხლი - «გასაჩივრების ვადის ათვლა», რომლის მიხედვითაც, ვინაიდან სასამართლო აქტით .. ..ს 17 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი წერილობით განემარტა 2002 წლის 24 ივლისს (დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდა ხელზე - ს.ფ. 129), ამიტომ გასაჩივრების სამდღღიანი ვადის ათვლაც ამ მომენტიდან უნდა დაიწყოს. საკასაციო საჩივარი .. ..ის ვადაში აქვს შეტანილი 2002 წლის 25 ივლისს (ს.ფ. 139) და ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლობაზე მითითება არასწორია.

ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს .. ..ის საკასაციო საჩივარს ¹25/2002 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე და ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან კასატორმა ვერ მიუთითა და ვერ დაასაბუთა სადავო აქტის ბათილად ცნობის კანონმდებლობით (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლი, საარჩევნო კოდექსი) გათვალისწინებული საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. .. ..ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.