Facebook Twitter

3გ/ად-281-კ-02 5 აგვისტო, 2002 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი), ბ. კობერიძე.

დავის საგანი: ცსკოს 2002 წლის 8 ივნისის ¹91\2002 და 10 ივნისის ¹103\2002 განკარგულებების ბათილად ცნობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 11 ივნისს «... პარტიამ” საქართველოს უზენაეს სასამართლოში სარჩელი აღძრა საქართველოს ცსკ-ის მიმართ და «2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს - ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ» ცსკ-ის 2002 წლის 8 ივნისის ¹91\2002 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა შემდეგი საფუძვლით:

1. ცსკომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 123-ე მუხლის დარღვევით ისე შეაჯამა 2 ივნისის საკრებულოს არჩევნების შედეგები და დაამტკიცა შემაჯამებელი ოქმი, რომ შესწავლილ_შეჯამებული არ ჰქონდა საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმები. სარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმთა დიდ ნაწილში არ დგება ბალანსი არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას, გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობას, ნამდვილად ცნობილ სარჩევნო ბიულეტენების, ბათილად ცნობილ სარჩევნო ბიულეტენების, დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობასა და საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმების რაოდენობას შორის;

2. ცსკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა კომისიაში შესული საჩივრების განხილვის გარეშე, რითაც უხეშად დაარღვია საარჩევნო კოდექსის 123-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნა ( ს.ფ. 1-2 ტ I ).

2002 წლის 12 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ასევე სარჩელით მიმართა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ «.. ..» და მოითხოვა:

1. ცსკოს მიერ 2002 წლის 8 ივნისს დამტკიცებული “ქ. თბილისის საარჩევნო ოლქში 2002 წლის 2 ივნისს პროპორციული სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა» და «2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ” ცსკ-ის 2002 წლის 10 ივნისის ¹103\2002 განკარგულების ბათილობა. “.. ..» სარჩელით აგრეთვე მოითხოვდა ცსკ-ისათვის არჩევნების შედეგების გადასინჯვის (ხმების ხელმეორედ გადათვლის) დავალდებულებას;

2. «.. ..» “... პარტიის” მსგავსად, სარჩელის დაკმაყოფილების მოტივად მიუთითებდა, სადავო აქტების - თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის, საარჩევნო კოდექსის 123-ე მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევით, საჩივრების განუხილველად დამტკიცებაზე, ასევე საარჩევნო ყუთებში აღმოჩენილ საარჩევნო ბიულეტენებსა და პარტიათა მიერ მიღებული ხმების ოდენობას შორის 6789 ხმით სხვაობაზე (მეტობა), რაც მოსარჩელის აზრით, არჩევნების შედეგების გაყალბების მაჩვენებელია. «.. ..» სადავო აქტების ბათილობის საფუძვლად დამატებით მიუთითებდა, საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევაზე, რომ თბილისის საკრებულოს ამომრჩეველთა სიები არ იყო ხელმოწერილი საოლქო საარჩევნო კომისიის, კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩევნო კოდექსის 115-ე მუხლის მე-5 პუნქტიდან გამომდინარე, ცსკ-ის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ და რომ ამომრჩეველთა სიები საარჩევნო უბნებს დაგვიანებით გადაეცათ (ს.ფ. 1-3 ტ.2).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 12 ივნისის განჩინებებით, საარჩევნო კოდექსის 26-ე მუხლის, 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 115-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტის, ასევე 26-ე მუხლის საფუძველზე «.. ..ისა» და “... პარტიის» სარჩელები განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას (ს.ფ. 12-15 ტ I ; 21-24 ტ. 2.).

თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ 2002 წლის 18 ივნისის განჩინებით «.. ..ისა» და “... პარტიის” სარჩელები წარმოებაში მიიღო განსახილველად და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩართო თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები (ს.ფ. 20-21 ტ. I; ს.ფ. 29-30 ტ.2). 2002 წლის 21 ივნისის განჩინებით საოლქო სასამართლოს კოლეგიამ, ამავე სასამართლოს 2002 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» პუნქტის საფუძველზე, შეაჩერა საქმის წარმოება ცსკ-ის ¹91\2002 და ¹103\2002 განკარგულებათა ბათილად ცნობის ნაწილში (ს.ფ. 230-231 ტ. 2; ს.ფ. 32-34 ტ. I ), რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა «ნ-ის» მიერ (ს.ფ. 51-56 ტ.1; ს.ფ. 246-251 ტ.2). საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 2 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა «ნ-ის» კერძო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 21 ივნისის განჩინებები საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, განახლდა სასარჩელო წარმოება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 73-80 ტ 1; ს.ფ. 275-282 ტ. 2).

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 8 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა “.. ..ის” შუამდგომლობა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, “.. ..ისა” და “... პარტიის” სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად (ს.ფ. 290-293 ტ.2).

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელეებმა მხარი დაუჭირეს სარჩელს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ცსკ-ის სადავო ¹91\2002 და ¹103\2002 განკარგულების ბათილად ცნობა, ხოლო მოპასუხე _ საქართველოს ცსკ-ამ სარჩელი არ ცნო და უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა ასევე საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა «ნ-ის», «ა-სა» და “ლ-ის” წარმომადგენლებმა, ხოლო “ს-სა” და “მ-ის” წარმომადგენლებმა სარჩელს მხარი დაუჭირეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით “.. ..ისა” და “... პარტიის” სარჩელები ცსკ-ის ¹91\2002 და ¹103\2002 განკარგულებების ბათილად ცნობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგი მოტივით:

1. სასამართლოს აზრით, უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მოთხოვნა სადავო აქტების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტით ბათილად ცნობის შესახებ, ვინაიდან ისინი არც საქართველოს საარჩევნო კოდექსს ეწინააღმდეგებიან და არც ამ სახის ადმინისტრაციული აქტების მომზადებისათვის საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესია დარღვეული. კერძოდ, ¹91\2002 და ¹103\2002 განკარგულებები შეიცავენ საარჩევნო კოდექსის 63-64-ე მუხლებით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისათვის გათვალისწინებულ ყველა მონაცემს;

2. კოლეგიამ სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად არ მიიჩნია შემაჯამებელ ოქმში მოყვანილ მონაცემთა გარკვეული შეუსაბამობა, რადგან ცსკ-ა სრულად ეყრდნობა საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემს და, კოლეგიის აზრით, თავად ცსკ-ა მოკლებულია ამ მაჩვენებლებით დამოუკიდებლად ოპერირების შესაძლებლობას. ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ არსებობს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ცსკ-ას დაევალა აქტი _ განკარგულების გამოცემა არჩევნების შედეგების გადამოწმების შესახებ;

3. სასამართლომ სარჩელების დაკმაყოფილების საფუძვლად არც არჩევნებთან დაკავშირებულ საჩივართა განუხილველობა მიიჩნია, რადგან ცსკ-ის სხდომის ¹32\2002 ოქმიდან გამოარკვია, რომ საჩივრების საკითხი სხდომაზე არ განხილულა პროცედურის დარღვევით მათი შეტანის გამო;

4. კოლეგიამ დაუსაბუთებლად მიიჩნია .. ..ის მოტივი საარჩევნო სიების მომზადებისა და საუბნო კომისიებისათვის გადაცემის პროცედურის დარღვევის შესახებ, რადგან საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-15-20 პუნქტების თანახმად, მოსარჩელეს ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით სარჩელით არ მიუმართავს განსჯადი რაიონული სასამართლოსათვის;

5. სასამართლომ “.. ..ის” სარჩელი ცსკ-ის ¹91\2002 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დააკმაყოფილა საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამდღიანი ხანდაზმულობის გადაცილებით სარჩელის შეტანის გამო. კერძოდ, სადავო განკარგულება მიღებულია 2002 წლის 8 ივნისს, .. ..ის სარჩელი მის ბათილობაზე შეტანილია 12 ივნისს, რაც სარჩელზე უარის თქმის საფუძველია;

6. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო კოლეგიამ ის გარემოებაც გაითვალისწინა, რომ საარჩევნო კოდექსის არცერთი ნორმა არ მიუთითებსY სარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების სრულად გაბათილებაზე. ცსკ-ის სადავო განკარგულებათა ბათილად ცნობა კი, სასამართლოს აზრით, არსებითად თავისი შედეგებით ამის ტოლფასი იქნებოდა (ს.ფ. 437- 445 ტ. 2).

თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2002 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს “.. ..”, არაკანონიერების მოტივით ითხოვს მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას - ცსკ-ის ¹91\2002 და ¹103\2002 განკარგულებების ბათილად ცნობას (ს.ფ. 451-453 ტ. 2). თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2002 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ასევე “... პარტიამ”, მოითხოვა მისი გაუქმება და იმავე მოტივებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 456-457 ტ. 2). საკასაციო საჩივრებს მხარი დაუჭირეს მესამე პირების – საარჩევნო ბლოკის “ე.”, “საქართველოს მ-ის”, “ს-ისა” და საქართველოს ... კავშირი – ეროვნული ფორუმის წარმომადგენლებმა.

“.. ..ისა” და “... პარტიის” საკასაციო საჩივრები არ ცნო საქართველოს ცსკ-ის წარმომადგენელმა და მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით. თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად ძალაში დატოვება მოითხოვეს აგრეთვე მესამე პირების – საარჩევნო ბლოკის ,,ნ-ისა” და “საქართველოს ლ-ის” წარმომადგენლებმაც, რომლებმაც სადავოდ გახადეს საკასაციო საჩივრებისა და “.. ..ის” სარჩელის დასაშვებობის საკითხები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა და მესამე პირთა ახსნა – განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება – დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ “.. ..ისა” და “... პარტიის” საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელების ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და დავის გადაუწყვეტლად, საქართველოს ცსკ-ის ¹91\2002 და ¹103\2002 განკარგულებების ბათილად ცნობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. 2002 წლის 4 ივნისს ცსკ-ამ გამოსცა განკარგულება ¹82\2002 “არჩევნების შედეგების დადგენის შესახებ”, რომლითაც თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების გარკვევის მიზნით, ცსკ-ამ დაადგინა საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ცსკ-ში წარდგენილი საარჩევნო დოკუმენტაციის (ამომრჩეველთა სიების, საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების, დალუქული პაკეტების) ხელახალი გადათვლა. ცსკ-ის ¹82\2002 განკარგულება ძალადაკარგულად ჩაითვალა ცსკ-ის 2002 წლის 8 ივნისის ¹88\2002 განკარგულებით, რაც სასარჩელო წესით გასაჩივრდა საარჩევნო ბლოკი “ნ-ის” მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საარჩევნო ბლოკი “ნ-ის” სარჩელი, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი ცსკ-ის ¹88\2002 განკარგულება და ცსკ-ას, ¹82\2002 განკარგულების შესაბამისად, თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების დასადგენად დაევალა საუბნო საარჩევნო კომისიებიდან წარდგენილი საარჩევნო დოკუმენტაციის გადათვლა და გადათვლის წესის შემუშავება, რაც მოპასუხე ცსკ-ის მიერ არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაშია და საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, სავალდებულოა შესასრულებლად (ს.ფ. 241-243 ტ.2).

ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, ცსკ-ის ¹82\2002 განკარგულებისა და საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 7 ივნისის დადგენილების საფუძველზე, არასწორად არის მიჩნეული თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემები, რასაც არც ცსკ უარყოფს და არც საქმეში მესამე პირად მონაწილე საარჩევნო ბლოკი «ნ.», რის გამოც ცსკ-ას დაევალა საარჩევნო დოკუმენტაციის ხელახალი გადამოწმება – გადათვლა, რაც დოკუმენტალურად არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ახალ ოქმში აისახება. ვინაიდან არასწორად მიჩნეული, თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ძველი ოქმები წარმოადგენს ამჟამად სადავო ¹91\2002 და ¹103\2002 განკარგულებების საფუძველს და ამ აქტებით იქნა დამტკიცებული, საკასაციო პალატას საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, სამართლებრივად დაუშვებლად მიაჩნია სადავო აქტების ძალაში დატოვება და თვლის, რომ მათი ბათილობის შესახებ სარჩელი მხოლოდ ამ მოტივითაც უნდა დაკმაყოფილდეს და ცსკ-ას დაევალოს საარჩევნო დოკუმენტაციის გონივრულ ვადაში გადამოწმება - გადათვლის შემდეგ, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა;

2. თბილისის საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად არ მიიჩნია შემაჯამებელ ოქმებში მოყვანილ მონაცემთა გარკვეული შეუსაბამობა, რადგან, კოლეგიის აზრით, ცსკ სრულად ეყრდნობა საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემს და თავად მოკლებულია ამ მაჩვენებლებით დამოუკიდებლად ოპერირების შესაძლებლობას, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. საარჩევნო კოდექსის 115-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 63-ე მუხლის პირველი და 123-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ცსკ-ამ, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიამ, საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ წარდგენილი ოქმების საფუძველზე შეაჯამა კენჭისყრის შედეგები და მიიღო სადავო ¹91\2002 განკარგულება “2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ” (ს.ფ. 3 ტ.1), ხოლო ¹103\2002 სადავო განკარგულებით ცსკ-ამ, როგორც უმაღლესმა საარჩევნო ადმინისტრაციამ საქართველოში, საარჩევნო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, შეაჯამა არჩევნების შედეგები და დაამტკიცა არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი (ს.ფ. 9 ტ.2), მაგრამ, როგორც კასატორები მიუთითებენ და ცსკ-ის წარმომადგენელიც არ უარყოფს, საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმების შეჯამება მოხდა მონაცემთა შესწავლა – გამოკვლევის გარეშე, რის შედეგადაც კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმებში არ დგება ბალანსი არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას, გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობას, ნამდვილად ცნობილ სარჩევნო ბიულეტენების, ბათილად ცნობილ სარჩევნო ბიულეტენების, დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობას, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმების რაოდენობას შორის და საარჩევნო ყუთებში აღმოჩენილ საარჩევნო ბიულეტენებსა და პარტიათა მიერ მიღებული ხმების ოდენობას შორის სხვაობა (მეტობა) არის 6789 ხმა, რაც, საკასაციო პალატის აზრით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტით გათვალისწინებული აქტის ბათილობის უდავო საფუძველია, რადგან:

ა) საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “გ” პუნქტების, ასევე 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, ვინაიდან საქართველოს ცსკ კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, უზრუნველყოფს არჩევნების კანონიერად ჩატარებას, ამოწმებს საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებათა კანონშესაბამისობას და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, ცვლის ან აუქმებს მათ, ამ შემთხვევაშიც ცსკ ვალდებული იყო გადაემოწმებინა საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმები;

ბ) საარჩევნო კოდექსის 26-ე მუხლის მიხედვით, ცსკ არის მუდმივმოქმედი ადმინისტრაციული ორგანო, უმაღლესი საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელზეც ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები, თანახმად ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილისა, ამიტომ საარჩევნო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული საარჩევნო კომისიებისა და თავმჯდომარეების სამართლებრივი აქტებიც, მათ შორის ცსკ-ის სადავო განკარგულებებიც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავით გათვალისწინებული წესით უნდა ყოფილიყო მიღებულ – გამოცემული, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულია;

გ) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: “ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებაზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”. ცსკ-ის წარმომადგენელი საოლქო სასამართლოშიც აღიარებდა და საკასაციო ინსტანციაშიც ადასტურებს, რომ ცსკ-ამ საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების მონაცემთა ყოველგვარი შესწავლა – გამოკვლევის გარეშე შეაჯამა ოქმები და ისე მიიღო სადავო განკარგულებები, რაც ზემოაღნიშნული ნორმის უხეში დარღვევაა და ადმინისტრაციული აქტების ბათილობის უდავო საფუძველია;

დ) ცსკოს მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების მონაცემთა ყოველგვარი შესწავლა – გამოკვლევის გარეშე შეჯამების არაკანონიერება აღიარებულია თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 20 ივნისის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, რომლითაც ¹82\2002 განკარგულების თანახმად, თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების დადგენის მიზნით ცსკ-ას დაევალა საარჩევნო დოკუმენტაციის ხელახალი გადათვლა;

ე) საკასაციო სასამართლო კონკრეტულ შემთხვევაში ვერ გაიზიარებს საარჩევნო ბლოკი «ნ-ის» წარმომადგენლის მოსაზრებას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლთან დაკავშირებით. მართალია, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გაასწოროს ადმინისტრაციულ აქტში გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები, რაც აქტის ბათილობას არ იწვევს, მაგრამ სადავო შემთხვევაში აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ – ცსკ-ამ თავისი ინიციატივით არ შეასწორა თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში დაშვებული შეცდომები. ამასთან, 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ აქტში არსებითი შესწორების შეტანა, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემას ნიშნავს.

საკასაციო პალატა ყ-დღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ცსკ-ის სადავო ¹91\2002 და ¹103\2002 განკარგულებების სამართლებრივი არსი (დანიშნულება) სწორედ საუბნო საარჩევნო კომისიების მონაცემთა გამოთვლა - შეჯამებაა, მათი შესწავლა – გადამოწმების შემდგომ, ხოლო სამართლებრივი მიზანია დაზუსტებულ (უტყუარ) მონაცემთა შეჯამებით საყოველთაო, თანასწორი და დემოკრატიული არჩევნების შედეგის ციფრობრივი ასახვა, რაშიც, საკასაციო პალატის აზრით, სადავო განკარგულებების სამართლებრივი ბუნება – დანიშნულებიდან გამომდინარე, დაუშვებელია რაიმე არსებითი არითმეტიკული (გამოთვლითი) შეცდომა;

ამდენად, ცსკ-ის სადავო განკარგულებებით დამტკიცებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემთა შეუსაბამობის ნაწილში საკასაციო პალატა არ იზიარებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტისა და საარჩევნო კოდექსის მცდარი განმარტებით, ასევე საქმის გარემოებათა არასწორი სამართლებრივი შეფასებით, კოლეგიამ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტით, გადაწყვეტილების გაუქმების უდავო საფუძველია;

3. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სადავო აქტების ბათილად ცნობის უსაფუძვლობის შესახებ და ეთანხმება კასატორთა არგუმენტებს, რომლებიც ცსკ-ის სადავო ადმინისტრაციული აქტების - ¹91\2002 და ¹103\2002 განკარგულებების ბათილობას მოითხოვდნენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად: ”ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა გამოცხადდეს, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები”. კასატორები სადავო აქტების ბათილობას სწორედ მისი მომზადება – გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევის მოტივით მოითხოვდნენ. სახელდობრ, კასატორთა აზრით, ცსკ-ის სადავო ¹91\2002 და ¹103\2002 განკარგულებები მიღებულია არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განუხილველად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 123-ე მუხლის მე-9 პუნქტის უხეში დარღვევით, რომლის მიხედვითაც: “იმ საჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელთა საფუძველზეც შესაძლოა უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა, დაუშვებელია საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების შეჯამება”. ამდენად, არჩევნების შედეგების შეჯამებამდე საჩივრების განხილვა საარჩევნო კოდექსის იმპერატიული მოთხოვნაა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უგულვებელყოფილია.

საოლქო სასამართლო კოლეგიამ არჩევნების შედეგების შეჯამებამდე საჩივრების განუხილველობა სარჩელების დაკმაყოფილების საფუძვლად არ მიიჩნია, გაიზიარა ცსკ-ის წარმომადგენლის განმარტება და ცსკ-ის სხდომის ¹32\2002 ოქმის მიხედვით დაადგინა, რომ საჩივრების თაობაზე საკითხი არ განხილულა მათი შეტანის პროცედურის დარღვევის გამო (ს.ფ. 443), რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება, რადგან სასამართლოს მიერ მითითებული ცსკ-ის სხდომის ოქმი ¹32\2002 საქმეში საერთოდ წარმოდგენილი არ არის, ხოლო საქმეში არსებული ცსკ-ის 2002 წლის 8 ივნისის სხდომის ¹33\2002 ოქმის მიხედვით ირკვევა, თბილისის საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრები ცსკ-ამ იმ მოტივით არ განიხილა, რომ მიიღო განკარგულება ¹82\2002 თბილისის საარჩევნო ოლქის დალუქული ბიულეტენების გახსნისა და თავიდან გადათვლის შესახებ (ს.ფ. 322-341 ტ.2).

საქმეში არსებული საჩივრების შესწავლის შედეგად კი ირკვევა, რომ ნაწილი საჩივრებისა (ს.ფ. 45-47, 51-54, 58, 136, 162, 180, 183, 189, 194, 196) საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით კენჭისყრის დღეს, 2002 წლის 2 ივნისსაა საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილი, რასაც საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდები ადასტურებს, ამიტომ სასამართლოს მითითება საჩივრების პროცედურული დარღვევით შეტანაზე უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრების ნაწილში საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის დარღვევითაა გამოტანილი, მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული, ობიექტური შეფასების გარეშე და საქმის ფაქტობრივ გარემოებათა მცდარი სამართლებრივი შეფასების შედეგად მიღებულია არასწორი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო იზიარებს საკასაციო საჩივრისა და სარჩელის მოტივს და მიაჩნია, საარჩევნო კოდექსის 123-ე მუხლის მე-9 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნის იგნორირებით, არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის გარეშე არჩევნების შედეგების შეჯამებაზე სადავო აქტების მიღება დაუშვებელია და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტით ¹91\2002 და ¹103\2002 განკარგულებების ბათილად ცნობის უდავო საფუძველია;

4. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს მესამე პირის – საარჩევნო ბლოკი “ნ-ის” წარმომადგენლის მოსაზრებას “.. ..ის” სარჩელისა და საკასაციო საჩივრების დაუშვებლობის შესახებ, ვინაიდან:

ა) “.. ..მ” 2002 წლის 12 ივნისს აღძრული სარჩელით მოითხოვა ცსკ-ის მიერ 2002 წლის 8 ივნისს (¹91\2002 განკარგულება) დამტკიცებული “ქ. თბილისის საარჩევნო ოლქში 2002 წლის 2 ივნისს პროპორციული სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა» და «2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ” ცსკ-ის 2002 წლის 10 ივნისის ¹103\2002 განკარგულების ბათილობა, თუმცა მოსარჩელეს ¹91\2002 განკარგულების ნაწილში გაშვებული ჰქონდა საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის სამდღიანი ვადა (ს.ფ.1 ტ.2). სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვება პროცესუალურად არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველს, არამედ ზოგადად შეიძლება იყოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, რაც საოლქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიცაა აღნიშნული. ამასთან, ¹91\2002 განკარგულების ბათილად ცნობაზე მეორე მოსარჩელეს – “... პარტიას” სამი დღის ვადაში, დროულად აქვს სარჩელი შეტანილი (ს.ფ. 1 ტ. 1), ხოლო მეორე სადავო აქტი - ¹103\2002 განკარგულება “.. ..ის” მიერ ვადაში იქნა გასაჩივრებული. ვინაიდან ორივე სადავო აქტი სამართლებრივად მჭიდრო ურთიერთკავშირშია, ერთიდაიმავე საკითხს არეგულირებს, ამიტომ მათი კანონიერების საკითხის ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად განხილვა – გადაწყვეტა პრაქტიკულად შეუძლებელია. თავის მხრივ, რადგან ¹91\2002 განკარგულება ¹103\2002 განკარგულების საფუძველია, ¹103\2002 განკარგულების კანონიერებაზე მსჯელობა თავისთავად გულისხმობს ¹91\2002 განკარგულების კანონიერების შეფასება – გადაწყვეტას, რის გამოც საოლქო სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა მათი ერთობლივი განხილვა და საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას კონკრეტულ შემთხვევაში უსაფუძვლოდ მიაჩნია საოლქო სასამართლოს მიერ “.. ..ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო და ვერც საარჩევნო ბლოკი “ნ-ის” წარმომადგენლის მოსაზრებას გაიზიარებს ამ საკითხთან დაკავშირებით;

ბ) თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული, 2002 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არ შეიცავს მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობაზე, გასაჩივრების ვადასა და წესზე. საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებული დავა საჯარო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და გასაჩივრების საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის სპეციალური ნორმა, მე-12 მუხლი - «გასაჩივრების ვადის ათვლა», რომლის მიხედვითაც: “გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ... გასაჩივრება შეიძლება სასამართლო აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში” და ამდენად, “.. ..ისა” და “... პარტიის” საკასაციო საჩივრები დასაშვებია;

5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს საკასაციო საჩივრებს, საფუძვლიანად და დასაბუთებულად მიაჩნია მათი მოთხოვნა ცსკ-ის სადავო ¹91\2002 და ¹103\2002 განკარგულებების ბათილად ცნობის თაობაზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის შესაბამისად, აქტის მომზადება – გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევის გამო. რადგან სადავო აქტები ეხებოდა თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგებს, რომლის შედგენა – შეჯამების ვადები მკაცრად რეგლამენტირებულია საარჩევნო კოდექსით და ვინაიდან ეს აქტები გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევა – შეფასების გარეშე, საკასაციო პალატა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნობს ცსკ-ის სადავო ¹91\2002 და ¹103\2002 განკარგულებებს და ავალებს ცსკ-ას თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებისა და ცსკ-ის ¹82\2002 განკარგულების შესაბამისად, საქმის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, დროულად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შეჯამების თაობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ცსკ-ის სადავო ადმინისტრაციული აქტების - ¹91\2002 და ¹103\2002 განკარგულებების ე.ი. საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა სამართლებრივად არ ნიშნავს არჩევნების ბათილად ცნობას, ვინაიდან ისინი სრულიად განსხვავებული სამართლებრივი ინსტიტუტებია და განსხვავებულია მათი ბათილობის სამართლებრივი საფუძვლებიც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. “.. ..ისა” და “... პარტიის” საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. “.. ..ისა” და “... პარტიის” სარჩელები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ¹91\2002 და ¹103\2002 განკარგულებები და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალოს გონივრულ ვადაში საქმის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შეჯამების თაობაზე;

5. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.