Facebook Twitter

ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-284-კ-02 13 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

სს «ს. ს. დ.» აქციათა პაკეტის 90%-ის მფლობელმა გ. ფაცურიამ სარჩელი აღძრა მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 2001წ. 18 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის «გ» ქვეპუნქტით მოსარჩელე ვალდებული იყო, ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვის ვადაში შეევსო საწარმოს საწესდებო კაპიტალის მინიმალური ნაწილი 480000 ლარით. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ მოსარჩელეს 2001წ. 29 მარტს მიმართა ¹11/35 წერილით (საწარმოს ყოფილ იურიდიულ მისამართზე _ .... ქ. ¹21), რათა ერთი კვირის ვადაში წარედგინა ინფორმაცია ზემოთ აღნიშნული ვალდებულებების შესრულების თაობაზე.

მოსარჩელის განმარტებით, 2001წ. 4 აპრილს მოპასუხეს წარუდგინა ინფორმაცია «კ. კ. ბ.» ამონაწერისა და სადეპოზიტო ხელშეკრულების სახით, რაც ადასტურებდა იმას, რომ აღნიშნულ ბანკში გ. ფ-ას სახელზე განთავსებული იყო 250500 აშშ დოლარი.

2001წ. 19 მაისს მოსარჩელემ მოპასუხისაგან მიიღო ¹11-247/7 წერილი (საწარმოს ახალ იურიდიულ მისამართზე _ .... გამზ. ¹74), რომლითაც მოპასუხე ითხოვდა მოსარჩელისაგან ერთი კვირის ვადაში საწარმოს საწესდებო კაპიტალის 480000 ლარამდე შევსების დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტაციას ქართულ ენაზე.

მოსარჩელის განმარტებით, 2001წ. 25 მაისს მოპასუხეს წარუდგინა ქართულ ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დამოწმებული ოფიციალური დოკუმენტაცია.

2001წ. 24 ივლისს მოსარჩელემ მოპასუხისაგან მიიღო ¹11-247/7 წერილი, რომელიც ხელმოწერილი იყო 12 ივნისს და გაიგზავნა მოსარჩელის ყოფილ საცხოვრებელ მისამართზე _ ქ. თბილისში, .... ქ. ¹78-ში.

აღნიშნული წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მის მიერ გაგზავნილი მეორე წერილი პირველი წერილის იდენტური იყო და სამინისტრო სთხოვდა გ. ფ-ას, რათა ერთი კვირის ვადაში წარედგინა საწესდებო კაპიტალის 480000 ლარამდე შევსების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელე დაჯარიმდებოდა მოქმედი კანონმდებლობისა და ხელშეკრულების მე-4 მუხლის საფუძველზე.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იმავე დღეს, 2001წ. 24 ივლისს, მიიღო მეოთხე წერილი _ ¹11/106 და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 5 ივლისის ¹1-3/458 ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე დაჯარიმდა ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის შეუსრულებლობის გამო _ 480000 ლარის 0,.1%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2001წ. 18 თებერვლიდან. ამავე ბრძანებით აღნიშნული დარღვევის აღმოსაფხვრელად და საჯარიმო თანხის დასაფარავად გ. ფ-ას მიეცა ერთი თვის ვადა.

მოსარჩელის განმარტებით, სამინისტროს ადმინისტრაციული აქტი არ აკმაყოფილებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის, მე-13 მუხლის პირველ ნაწილის, 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 56-ე მუხლის, 94-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 96-ე მუხლის, 101-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტის მოთხოვნებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 5 ივლისის ¹1-3/458 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 14 აგვისტოს განჩინებით სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული და სადავო აქტის მოქმედება შეჩერდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სასამართლო კოლეგიის მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ მხარი დაუჭირა სარჩელს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000წ. 18 დეკემბრის ¹1-3/843 ბრძანების საფუძველზე სს «ს. ს. დ.» სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტის 90%-ის პრივატიზების მიზნით ჩატარებულ კომერციულ კონკურსში გამარჯვებულ გ. ფ-ას მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ ადასტურებდა საწარმოს საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობით შევსების ფაქტს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 ივნისის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 5 ივლისის ¹1-3/458 ბრძანება, როგორც ადმინისტრაციული აქტი, გამოცემული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ამავე გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ფიზიკური პირის, გ. ფ-ას, მიმართ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეში არსებული მასალების, მტკიცებულებების შესწავლისა და სათანადო შეფასების გარეშე, ამიტომ კასატორი თვლის, რომ არასწორია სასამართლო კოლეგიის განმარტება იმის შესახებ, რომ სამინისტროს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. კერძოდ, კასატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგია არასწორად უთითებს, რომ სამინისტრომ არ გამოიკვლია, კონკრეტულად როდის ჩაირიცხა სს «ს. ს. დ.» ანგარიშზე, «კ. კ. ბ.» გ. ფ-ას სახელზე რიცხული ფულადი თანხა _ 250500 აშშ დოლარი, რადგანაც სამინისტროსათვის აღნიშნული გარემოება უშუალოდ პროცესზე გახდა ცნობილი, როდესაც მხარემ დოკუმენტები წარმოადგინა სასამართლო სხდომაზე.

გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ სამინისტროს წერილების პასუხად გ. ფ-ამ წარადგინა «კ. კ. ბ.» ანგარიშის ქსეროასლი, რომელშიც აღნიშნულია, რომ გ. ფ-ა აღნიშნული ბანკის მეანაბრეა და მას ბანკის ანგარიშზე ჰქონდა 250000 აშშ დოლარი. გ. ფ-ამ, აგრეთვე, სამინისტროში წარადგინა შემნახველი ანგარიშის ხელშეკრულება და განმარტება.

კასატორის განმარტებით, ფულადი სახსრების ჩამოწერა ანგარიშიდან წარმოებს მხოლოდ მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე, რომლის შესახებაც გ. ფ-ას, როგორც ანგარიშის მფლობელს, სამინისტროში ინფორმაცია არ წარმოუდგენია. მოცემულ შემთხვევაში სამინისტროს ინტერესებში არ შედიოდა ფიზიკური პირის პირადი ანგარიშის ან ინფორმაციის შემოწმება ანგარიშის მდგომარეობის შესახებ.

ამდენად, კასატორი აღნიშნავს, რომ სამინისტრომ ადმინისტრაციული აქტი გამოსცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რითაც დაიცვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხვონები.

კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ფ-ამ.

შეგებებულ საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ვერ გამოიკვლევს გარემოებებს იმ მიზეზით, რომ სამინისტროს სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემა გამოიწვია გია ფაცურიას მიერ ნაკისრი ვალდებულებების თითქოსდა შეუსრულებლობამ, სასამართლო კოლეგია კი გადაწყვეტილებაში დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გ. ფ-ამ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები.

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის მიერ საწარმოს საწესდებო კაპიტალის შევსება დასტურდება სამეწარმეო რეესტრისა და აქციათა რეესტრის ამონაწერიდან, სადაც გ. ფ-ა რეგისტრირებულია, როგორც აქციათა მესაკუთრე. ორივე რეესტრის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია და არც ერთი მათგანი სამინისტროს სადავოდ არ გაუხდია.

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სამინისტრო გვერდს ვერ აუვლის სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილ გარემოებებს და ვეღარ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

გ. ფ-ამ შეგებებული საკასაციო საჩივრით ითხოვა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 19 ივნისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში _ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების, საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება, ხოლო აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი უნდა მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სასამართლო კოლეგიის განმარტებას, რომ სამინისტროს არ გამოუკვლევია, კონკრეტულად როდის ჩაირიცხა სს «ს. ს. დ.» ანგარიშსწორების ანგარიშზე «კ. კ. ბ.» გ. ფ-ას სახელზე რიცხული 250500 აშშ დოლარი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი ისე გამოიცა, რომ სამინისტროს არ დაუანგარიშებია, რამდენს შეადგენდა საჯარიმო თანხის ოდენობა 2001წ. 18 თებერვლიდან.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოტივაციას, რომ სამინისტრომ სადავო ადმინისტრაციული აქტის მიღებისას არ გაითვალისწინა გ. ფ-ას განმარტებები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ. გარდა ამისა, მოპასუხე აღარ დაელოდა «კ. კ. ბ.» მოსარჩელის მიერ გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტაციის მიღებას. სამინისტროს შეეძლო შეეგროვებინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ინფორმაცია და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად გამოეცა ადმინისტრაციული აქტი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მითითებას, რომ მოპასუხე, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უნდა დაევალოს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული აქტი უნდა იყოს დასაბუთებული, თავისი გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დააფუძნოს იმ გარემოებაზე, ფაქტებზე, მტკიცეუბლებებზე ან ანგარიშსწორებაზე, რომლებიც მის მიერ იქნება გამოკვლეული და შესწავლელი ადმინისტრაციული წარმოების დროს და ახალი ადმინისტრაციული აქტი უნდა გამოიცეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხონვათა დაცვით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და გ. ფ-ას შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 ივნისის გადაწყვეტილება.

3. საქართველოოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.