Facebook Twitter

3გ/ად-286/290-კ-02 2 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ, მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ, კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ჯ.-ე 2001 წლამდე მუშაობდა აჭარის ა/რ ...-ის სახელობის ბიბლიოთეკაში საცნობარო-ბიბლიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის განყოფილების გამგედ, ხოლო ლ. ს.-ე ამავე ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავებისა და კატალოგების ორგანიზაციის განყოფილების მთავარ ბიბლიოთეკარად.

1998 წლიდან მოსარჩელეებსა და ბიბლიოთეკას შორის ერთი წლით დაიდო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, რომლის განახლებაც ხდებოდა წელიწადში ერთხელ. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას უფლება ჰქონდა გაეგრძელებინა ან შეეწყვიტა შრომის ხელშეკრულება.

2001წ. 23 ოქტომბერს აჭარის ა/რ კულტურის სამინისტროს სათათბირო საბჭომ გამოსცა ¹13/5 გადაწყვეტილება აჭარის ა/რ ...-ის სახლობის ბიბლიოთეკის რეორგანიზაციისა და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ. ბიბლიოთეკის დირექტორს გ. მ.-ს დაევალა რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ბრძანებების გამოცემა და თანამშრომელთა გაფრთხილება 2001წ. 26 ოქტომბერს ბიბლიოთეკაში ჩატარდა თანამშრომელთა საერთო კრება, რომელზეც თანამშრომლები გაფრთხილებულ იქნენ ბიბლიოთეკის სრული რეორგანიზაციისა და სტრუქტურული ცვლილებების, ასევე მათი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. აჭარის ა/რ კულტურის სამინისტროს ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, ბიბლიოთეკის დირექტორმა 2001წ. 28 დეკემბერს გამოსცა ¹17 ბრძანება, რომლის მიხედვითაც ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელი გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან. ამასთან გადაწყდა, რომ თანამშრომლებთან დაიდებოდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები.

იმავე დღეს, 2001წ. 28 დეკემბერს, ბიბლიოთეკის დირექტორმა გამოსცა ¹19 და ¹22 ბრძანებები, რომლითაც რ. ჯ.-ე და ლ. ს.-ე, შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის მოტივით, დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან. შრომის წიგნაკების მიხედვით, რ. ჯ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა ბიბლიოთეკაში მომხდარი რეორგანიზაცია, ხოლო ლ. ს.-ის გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა როგორც ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია, ასევე შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლა.

2002წ. პირველ და 4 მარტს რ. ჯ.-ემ და ლ. ს.-ემ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ბიბლიოთეკის დირექტორმა მათ მიმართ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 31-ე, 36-37-ე, 421-ე, 422-ე, 433-ე მუხლები. კერძოდ, 1998 წელს მათთან ვადიანი შრომის ხელშეკრულება დაიდო კანონმდებლობის დარღვევით, მათი აზრის გაუთვალისწინებლად. ამასთან, მათი სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა პროფკავშირებთან შეთანხმების გარეშე, დირექციას გათავისუფლების შესახებ არ გაუფრთხილებია ისინი ორი თვით ადრე და არ ჩაუბარებია გათავისუფლების შესახებ ბრძანება. რ. ჯ.-ის განმარტებით, დირექტორმა იგი გაათავისუფლა სამსახურიდან ¹17 ბრძანებით ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის გამო და იმავე დღეს ¹19 ბრძანების მიღება დაუშვებელი იყო, რადგან წინა ბრძანებით იგი უკვე გათავისუფლებული იყო სამსახურიდან.

სარჩელი არ ცნო მოპასუხემ და განმარტა, რომ მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა არა ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის, არამედ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელეებმა გაუშვეს შრომის კანონთა კოდექსით გათვალისწინებული გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, რის გამო მათ უარი უნდა ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 8 და 10 მაისის გადაწყვეტილებებით დაკმაყოფილდა რ. ჯ.-ისა და ლ. ს.-ის სარჩელები; მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ თანამდებობაზე; მოპასუხეს რ. ჯ.-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა 213.8 ლარი, ხოლო ლ. ს.-ის სასარგებლოდ 198.4 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის განჩინებებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები და საქმეები ხელახალი განხილვისათვის შემდეგი მოტივით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს:

1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეებმა სასამართლოს მიმართეს სამუშაოდან გათავისუფლებიდან 2 თვის შემდეგ, რითაც დაარღვიეს გასაჩივრების ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა. მართალია, მათ ბრძანებები ჩაიბარეს 13 და 15 თებერვალს, მაგრამ მათ თავიდანვე იცოდნენ სადავო ბრძანებების თაობაზე, რადგან სხვადასხვა ინსტანციებში დავა დაიწყეს უკვე იანვრის თვიდან, რასაც ადასტურებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ბრძანების ასლების ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი;

2. 1998 წლის ვადიანი ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელეებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციას უფლება ჰქონდა აღარ გაეგრძელებინა მათთან შრომის კონტრაქტი. რადგან ხელშეკრულება იყო ვადიანი და მოსარჩელეებმა თავიდანვე იცოდნენ ამის შესახებ, ამიტომ ადმინისტრაცია არ იყო ვალდებული ისინი 2 თვით ადრე გაეფრთხილებინა გათავისუფლების თაობაზე;

3. საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რადგან ხელშეკრულება ვადიანი იყო, ამიტომ მოსარჩელეებს არ ჰქონდათ სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება. მათ გათავისუფლებაზე არც პროფკავშირებთან შეთანხმება იყო აუცილებელი. საქალაქო სასამართლომ არასწორად აღადგინა მოსარჩელეები სამსახურში, ვინაიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მუშაკის აღდგენა კი არ ხდება, არამედ ახალი ხელშეკრულების დადება. სასამართლოს კი არ უნდა აღედგინა მოსარჩელეები სამსახურში, არამედ შეეძლო მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციისათვის დაევალდებულებინა ახალი კონტრაქტის გაფორმება;

4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა მტკიცებულებად სახალხო დამცველის დასკვნა, რადგან კანონმდებლობა მტკიცებულების ასეთ სახეს არ ითვალისწინებს. გარდა ამისა, რადგან ბიბლიოთეკა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამიტომ სასამართლოს დავა უნდა განეხილა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ნაცვლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა;

5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქალაქო სასამართლომ ისე აღადგინა მოსარჩელეები სამუშაოზე, რომ არ გაუუქმებია არც ერთი ბრძანება და არ დაუსაბუთებია, რატომ არის უკანონო ¹17, ¹19 და ¹22 ბრძანებები, რომელი კანონია დარღვეული მათი გამოცემით და რატომ არ შეუძლია ადმინისტრაციას ერთსა და იმავე საკითხის დასაზუსტებლად გამოსცეს ორი ბრძანება. ¹17 ბრძანება ზოგადი ხასიათისაა, რომელიც ეხება ყველა მუშაკის გათავისუფლებას, ხოლო ¹19 და ¹22 ბრძანებები ითვალისწინებენ რ. ჯ.-ისა და ლ. ს.-ის სამუშაოდან გათავისუფლებას ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, რისი უფლებაც ადმინისტრაციას ჰქონდა;

6. სააპელაციო სასამართლომ საჭიროდ ჩათვალა საქალაქო სასამართლოს მითითება რ. ჯ.-ისა და ლ. ს.-ის სარჩელების ხელახლა არსებითად განხილვის დროს გაერკვია მოსარჩელეთა თანამდებობრივი კატეგორია და ხომ არ ვრცელდება მათზე «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებებს საკასაციო წესით ასაჩივრებენ რ. ჯ.-ე და ლ. ს.-ე, რომლებიც შემდეგი მოტივით ითხოვენ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებასა და მათი სარჩელის დაკმაყოფილებას:

1. კასატორებს მიაჩნიათ, რომ 1998 წელს მათთან დადებული შრომის ხელშეკრულებები უკანონოა, რადგან მე-6 პუნქტი ეწინააღმდეგება შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლს;

2. კასატორთა განმარტებით, ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ არა ¹19 და ¹22 ბრძანებით, არამედ ¹17 ბრძანებით, რომელიც ითვალისწინებს სასამხურიდან გათავისუფლებას ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის გამო და აწესებს შეღავათებს დათხოვნილი მუშაკებისათვის. რ. ჯ.-ის თქმით, შრომის წიგნაკის საფუძველზე იგი სამსახურიდან გათავისუფლებულია მხოლოდ ¹17 ბრძანებებით და ¹19 ბრძანებით მისი ხელმეორედ გათავისუფლება დაუშვებელი იყო. კასატორთა მითითებით, 1998 წელს დადებული შრომით ხელშეკრულების ვადის გაგრძელება ხდებოდა უკანონოდ (უკანა მხარეზე მინაწერის გაკეთებით), რითაც ირღვეოდა შკკ-ს მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვით სამაოშაოზე მიღება ხდება ბრძანებით, რაზეც მუშაკს ჩამოართმევენ ხელწერილს. ამგვარ რაიმეს ბიბილიოთეკის ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, რის გამოც შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება უნდა ჩათვლილიყო უვადოდ და დაუშვებელი იყო მათი გათავისუფლება ვადის გასვლის მოტივით;

3. კასატორთა აზრით, მათ არ გაუშვიათ სასამართლოსადმი მიმართვის ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა, რადგან დირექტორისაგან ზეპირად კი იცოდნენ გათავისუფლების შესახებ, მაგრამ შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოში მიმართვის ერთთვიანი ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა დათხოვნის ბრძანება მოსამსახურეს ხელზე ჩაბარდება. ასეთი ბრძანება მათ ჩაიბარეს 2002წ. 13-15 თებერვალს, ხოლო სასამართლოს მიმართეს 1 და 4 მარტს. რ. ჯ.-ეს მიაჩნია, რომ გაშვებულიც რომ ყოფილიყო გასაჩივრების ვადა, მაინც ჰქონოდა სარჩელის შეტანის უფლება, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელი სასამართლოს წარედგინება ადმინისტრაციული აქტის გაცნობიდან 6 თვის ვადაში;

4. კასატორები აღნიშნავენ, რომ დირექტორმა მათი გათავისუფლებისას დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლი მათთვის გარანტიების მიცემის შესახებ, 36-ე მუხლი სამუშაოზე უპირატესი დარჩენის თაობაზე, გარდა ამისა, სამუშაოდან დათხოვნისათვის 37-ე მუხლის შესაბამისად, დირექტორი ვალდებული იყო დათხოვნის შესახებ მათთვის ეცნობებინა 2 თვით ადრე;

5. კასატორები ასევე მიუთითებენ, რომ სადავო ბრძანება მიღებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-53-ე მუხლების დარღვევით, კერძოდ, იგი არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას, არც ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ რეკვიზიტებს, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი;

6. კასატორთა აზრით, უსწოროა სააპელაციო პალატის მითითება «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონზე, რადგან ბიბლიოთეკის მუშაკები არ ითვლებიან საჯარო მოხელეებად და ამდენად, მათზე აღნიშნული კანონი ვერ გავრცელდება.

მოწინააღმდეგე მხარის _ აჭარის ა/რ ...-ის სახელობის რესპუბლიკური ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრები არ ცნო და უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით მოითხოვა მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს.-ისა და რ. ჯ.-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის განჩინებები და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად განსჯადობით გადაეცეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოტივად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ საქმე სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის ნაცვლად უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რადგან მოპასუხე ბიბლიოთეკა არის საჯარო იურიდიული პირი, ანუ ადმინისტრაციული ორგანო, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

საქართველოს სსკ-ს მე-11 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს უწყებრივად დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეებს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლიც იძლევა სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების რეგლამენტაციას, რომლის მიხედვითაც განსახილველი დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა შემდეგი სამი პირობის არსებობა:

1. სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილისა;

2. სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო;

3. ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები.

კონკრეტული დავის შემთხვევაში კასატორები ლ. ს.-ე და რ. ჯ.-ე ითხოვენ აჭარის ა/რ ...-ის სახელობის რესპუბლიკური ბიბლიოთეკის დირექტორის 2001წ. ¹19 და ¹22 ბრძანებების გაუქმებას, სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. სადავო ბრძანებებით ...-ის სახელობის რესპუბლიკური ბიბლიოთეკის თანამშრომლები ლ. ს.-ე და რ. ჯ.-ე 2002წ. 1 იანვრიდან დათხოვნილ იქნენ სამუშაოდან საქართველოს შკკ-ს 30-ე მუხლის «ბ" პუნქტის საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადის გასვლის გამო. ამდენად, სადავო ბრძანებები ეხება კასატორებთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, რომელიც მხარეებთან დადებული იყო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის საფუძველზე.

ვინაიდან სადავო სამართალურთიერთობა აღმოცენებულია არა ადმინისტრაციული კანონმდებლობის, კერძოდ, «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის, არამედ «საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის" საფუძველზე, კასატორებთან შეწყვეტილი შრომითი ხელშეკრულების დადებაც მოხდა არა «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-2 თავით - «სამსახურში მიღება" _ გათვალისწინებული წესით, არამედ «შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად, ამიტომ საკასაციო პალატას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ აღნიშნული დავა სამართლებრივად არ წარმოადგენს სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს და იგი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

მართალია, დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევის ერთ-ერთ პირობა მასში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობაა, მაგრამ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს პროცესში მონაწილეობა ყოველთვის არ განსაზღვრავს დავის სამართლებრივ ხასიათსა და ბუნებას, არამედ გადამწყვეტია თავად დავის არსი და საგანი. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე აჭარის ა/რ ...-ის სახელობის რესპუბლიკური ბიბლიოთეკა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის «ა" პუნქტის მხიედვით არის ადმინისტრაციული ორგანო, მაგრამ დავის საგანია ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანებები. რადგან კასატორი რ. ჯ.-ე იყო აჭარის ა/რ სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის საცნობარო-ბიბლიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის განყოფილების გამგე, ხოლო კასატორი ლ. ს.-ე გახლდათ ამავე ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავებისა და კატალოგების ორგანიზაციის განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარი, სამართლებრივი სტატუსით კასატორები არ წარმოადგენდენ საჯარო მოსამსახურეებს და არ შედიოდნენ «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებულ «საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში", ამიტომ მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვა პროცესუალური, განსჯადობის წესების დარღვევაა.

ამდენად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობა წარმოშობილია არა საჯარო ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის, არამედ კერძო სამართლებრივი «შრომის კანონთა კოდექსის" საფუძველზე, სადავო (შეწყვეტილი) ურთიერთობაც არის კერძო სამართლებრივი ხასიათის შრომითი ურთიერთობა და არა ადმინისტრაციული გარიგება, ამასთან, კასატორები არ არიან საჯარო მოსამსახურეები, დავაში მოპასუხედ ადმინისტრაციული ორგანოს _ აჭარის ა/რ ...-ის სახელობის რესპუბლიკური ბიბლიოთეკის მარტოოდენ მონაწილეობა ვერ შეცვლის დავის არსს, მის ბუნებას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე სამართლებრივად არ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს, არამედ იგია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა" პუნქტით გათვალისწინებული შრომითი დავა, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილული უნდა ყოფილიყო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ და ამავე სამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა კონკრეტულ შემთხვევაში არაგანსჯადი სასამართლოა, საქმე განსჯადობის დარღვევითაა განხილული, ამასთან, ბათუმის საქალაქო სასამართლოსადმი სააპელაციო პალატის მითითება დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვაზე უსწოროა, რაც საბოლოოდ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევს, ამიტომ საკასაციო პალატის აზრით, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს რ. ჯ.-ისა და ლ. ს.-ის საკასაციო საჩივრები, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესის სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის განჩინებები და საქმე არსებითად ხელახლა განსახილელად განსჯადობით გადაეცეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მეორე მუხლებით, სსკ-ს მე-11, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. რ. ჯ.-ისა და ლ. ს.-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის განჩინებები და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად განსჯადობით გადაეცეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.