813აპ ქ. თბილისი
20 დეკემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ა. ს-ვი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „გ» და „ე» ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 15 მაისს, 01 საათზე, ანალოგიური დანაშაულისათვის ორჯერ ნასამართლევმა ა. ს-მა და ი. ი-მა ჯგუფურად, ყაჩაღური თავდასხმის გზით, უკანონოდ შეაღწიეს მ. ჩ-ის სახლში, მდებარე ქ. თბილისში, ---ს ქ. ¹26-ში და დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით გასტაცეს კუთვნილი უცხოური წარმოების ფერადი ტელევიზორი.
აღნიშნული ქმედებისათვის ა. ს-ვს მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 20 მაისიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა. მან მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა: ა. ს-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტზე; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ლ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ ი. ი-მა თავის სამოქალაქო მეუღლესთან ერთად იქირავა ბინა; ასევე დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა ბინაში უკანონო შეღწევას; საქმეში მტკიცებულების სახით დევს ლომბარდიდან გაცემული ცნობა, რომ ტელევიზორი შეიძინა სწორედ ი. ი-მა, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა; აღსანიშნავია, რომ მოწმისა და დაზარალებულის ჩვენებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რაც იმას ადასტურებს, რომ ისინი ცრუობენ; სასამართლოს მტკიცების სახით მოჰყავს ის გარემოება, რომ ი. ი-ვი ეძებდა კიდევ სხვა ნივთებს, რაც გაუგებარია, რადგან ამის მტკიცებულება საქმეში არ არის, ამასთან, ი. ი-ვი მივიდა თავისი ქონების წასაღებად, ამიტომ გასაკვირი არაა, თუ იგი ტელევიზორთან ერთად სხვა ნივთებსაც წაიღებდა; სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. ი-ვი მოქმედებდა თვითნებურად, რაც ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერვე დადგენილ გარემოებებს; აღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გარდა აღნიშნულისა, სასამართლოში ადგილი ჰქონდა მსჯავრდებულის პროცესუალური უფლებების არსებით დარღვევას, რაც იმაში გამოიხატა, რომ დაცვის უფლება პირველი ინსტანციის სასამართლოში უზრუნველყოფილი იქნა მხოლოდ ფორმალურად, ხოლო ფაქტობრივად მას ეს უფლება მოესპო, რადგან სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატმა არც ერთი შუამდგომლობა არ დააყენა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ დაცვის მიერ დაყენებული არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი მ. ლ-ძე ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში ა. ს-მა განმარტა, რომ დაუკავშირდა ი. ი-ვი და სთხოვა, გაყოლოდა თავისი ყოფილი მეუღლის სახლში, საიდანაც უნდა წამოეღო ტელევიზორი. როგორც ი. ი-საგან იცოდა, ტელევიზორი მას ეკუთვნოდა. თავდაპირველად სახლში შევიდა ი. ი-ვი და მცირე ხანში მოესმა ქალის კივილის ხმა. ა. ს-იც შევიდა ბინაში და დაინახა, რომ ი. ი-ვი ეჩხუბებოდა თავის ყოფილ სიდედრს. მან გააშველა მოჩხუბრები და ი. ი-ის მითითებით წამოიღო ტელევიზორი (ს.ფ. 117-118).
ამავე სასამართლოში დაზარალებულმა მ. ჩ-ემ განმარტა, რომ ი. ი-ვი იყო მისი ქალიშვილის მეუღლე. ცოლ-ქმარი ერთმანეთს გაშორდა. 2006 წლის 15 მაისს მარტო იმყოფებოდა სახლში და დაახლობით 3 საათზე მოესმა კარზე ბრახუნის ხმა. ი. ი-მა, რომელსაც დანა ეჭირა, შეამტვრია კარი და ა. ს-თან ერთად შეიჭრა ბინაში. ორივე სცემდა და მოითხოვდნენ ტელევიზორსა და ვიდეომაგნიტოფონს. წაიღეს ტელევიზორი და ნარდი, რომელიც მ. ჩ-ის ქალიშვილს ეკუთვნოდა (ს.ფ. 121-123).
საქმის წინასწარი გამოძიების დროს, 2006 წლის 19 მაისს დაკითხვისას მოწმე ნ. ჩ-ემ განმარტა, რომ ი. ი-ვი მისი ყოფილი მეუღლეა, რომელსაც გაშორდა დაახლოებით 6 თვის წინ. ნ. ჩ-ემ მიუთითა, რომ ტელევიზორი, რომელიც გაიტაცეს ი. ი-მა და ა. ს-მა, თვითონ შეიძინა დაახლოებით 1 წლით ადრე (ს.ფ. 21-23).
მ. ჩ-სა და ნ. ჩ-ის აღნიშნული ჩვენებებიდან ნათლად გამომდინარეობს, რომ გატაცებული ტელევიზორი შეძენილი იყო ი. ი-სა და ნ. ჩ-ის ერთად ცხოვრების პერიოდში. მოცემულ შემთხვევაში არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ ი. ი-მა ტელევიზორი და სხვა ნივთი თავის საკუთრებად მიიჩნია. ამას ადასტურებს ა. ს-იც. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ტელევიზორი ან სხვა ნივთი რეალურად მართლაც ნ. ჩ-ეს ეკუთვნოდა თუ არა.
როგორც ა. ს-ის ჩვენებით ირკვევა, მას ი. ი-მა უთხრა, რომ ტელევიზორი თავისი ფულით შეიძინა. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა საქმეში არსებული ცნობა, რომლის მიხედვით ი. ი-მა ,,---ის" მარკის ტელევიზორი შეიძინა ლომბარდში, 2004 წლის მარტში (ს.ფ. 141).
პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ა. ს-ვს ამოძრავებდა სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზანი.
გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს კასატორის მიერ წარმოდგენილ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ოქტომბრის განაჩენს, რომლის მიხედვით ი. ი-ის ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა 360-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან ა. ს-ის ქმედება არასწორად დაკვალიფიცირდა, როგორც ყაჩაღობა. საქმის მასალებით დგინდება, რომ ა. ს-მა ძალადობითა და ძალადობის მუქარით ჩაიდინა თვითნებობა, ე.ი. ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამდენად, ა. ს-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ე" ქვეპუნქტებიდან და ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს 360-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით).
ამასთან, «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებული ა. ს-ვი მთლიანად უნდა გათავისუფლდეს ამ განჩინებით საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ა. ს-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ", ,,ე" ქვეპუნქტებიდან და ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს 360-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და მიესაჯოს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
«ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებული ა. ს-ვი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.