Facebook Twitter

3გ-ად-338-კ-02 30 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანების ძალადაკარგულად ცნობა და სასწავლო ცენტრის პროკურორის თანამდებობაზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს გენერალური პროკურორის 1999წ. 14 დეკემბრის ¹483-პ ბრძანებით მოსარჩელე თ. ჯ.-ი დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრის სტაჟიორად პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე. 2001წ. 14 დეკემბერს სტაჟირების ორწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, სასწავლო ცენტრის უფროსის მიერ შედგენილ იქნა წერილი საქართველოს გენერალური პროკურორის სახელზე, თ. ჯ.-ის სასწავლო ცენტრში პროკურორად დანიშვნის რეკომენდაციისა და შუამდგომლობის მიცემის შეუძლებლობის შესახებ, რომლის საფუძველზე საქართველოს გენერალური პროკურორის 2001წ. 18 დეკემბრის ¹861-პ ბრძანებით, მოსარჩელე თ. ჯ.-ი 2001წ. 14 დეკემბრიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით _ დანიშვნის ვადის გასვლასთან დაკავშირებით.

თ. ჯ.-მ 2002წ. 7 მარტს სარჩელით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურორის 2001წ. 18 დეკემბრის ¹861-პ ბრძანების ძალადაკარგულად ცნობა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მხარემ მას არ შეატყობინა დათხოვნის თაობაზე, ხელზე არ გადასცა შესაბამისი ბრძანება და მან გათავისუფლების შესახებ შემთხვევით შეიტყო 2002წ. თებერვალში.

მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოსარჩელის დათხოვნა გენერალური პროკურატურიდან მიიჩნია კანონიერეად. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს გასული აქვს შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელის ხანდაზმულობის გამო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. ჯ.-ის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ჯ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურორის 2001წ. 18 დეკემბრის ¹861-პ ბრძანება და საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა თ. ჯ.-ის საკითხთან მიმართებაში ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივ საკითხებზე მიღებული ბრძანების გასაჩივრების ვადაა ერთი თვე, მაგრამ, პალატის აზრით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ ხანდაზმულობის ვადის გადაცილებით სარჩელის აღძვრას დაადასტურებდა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრის პროკურორის ლ. კ.-ისა და სასწავლო ცენტრის სტაჟიორ-პროკურორის ბ. მ.-ის მიერ შედგენილი აქტი პალატამ საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნია, რადგან მასზე არ იყო მოსარჩელე თ.ჯ.-ის ხელმოწერა;

2. სააპელაციო პალატამ თ. ჯ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად «პროკურატურის სისტემაში სტაჟიორებთან მუშაობის ორგანიზაციის შესახებ» ინსტრუქციის 6.2 მუხლი მიუთითა (ს.ფ. 26-32) და ვინაიდან აპელანტის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი საატესტაციო კომისიის მსჯელობის საგნად არ ქცეულა, კოლეგიამ თ. ჯ.-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანება ზემოაღნიშნული ინსტრუქციის მოთხოვნათა დარღვევით მიღებულად მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და მოცემულ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით თ. ჯ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კასატორის განმარტებით, არც ორგანული კანონი «პროკურატურის შესახებ», არც კანონი «საჯარო სამსახურის შესახებ» და არც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, არ ითვალისწინებს იმ დეტალურ წესს, თუ როგორ ხორციელდება დათხოვის შესახებ მუშაკის შეტყობინება და ბრძანების ასლის გადაცემა. სასამართლომ არასწორად განმარტა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა. კასატორის აზრით, გათავისუფლების შესახებ ზეპირი ინფორმაციის მიღება უკვე ითვლება იმ ფაქტად, რომ მუშაკმა გაიგო ან უნდა გაეგო მისი სამსახურიდან დათხოვის შესახებ, ხოლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, თუ რატომ არ მოაწერა სადავო ბრძანების ჩაბარებაზე აქტს ჯ.-მა ხელი, აიხსნება იმით, რომ ბრძანების მიღების მომენტში მოსარჩელეს ეს საკითხი მაშინვე არ გაუხდია სადავოდ;

2. სააპელაციო პალატის მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული კანონი «პროკურატურის შესახებ». კერძოდ, 31-ე მუხლის თანახმად თ. ჯ.-ი 2 წლამდე ვადით აყო სტაჟიორად დანიშნული და ამავე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა პროკურატურიდან, კანონში მითითებული ვადის ზემოთ კი არავის აქვს უფლება გააგრძელოს სტაჟირება;

3. კასატორის აზრით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება ახალგაზრდა სპეციალისტებთან მუშაობის ინსტრუქციის 6.2 მუხლის დარღვევაზე. პალატამ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა კასატორის განმარტება, რომ მთავარი საატესტაციო კომისიის მუშაობა 2001წ. დეკემბერში შეჩერებული იყო და თ. ჯ.-ის გათავისუფლების დროს არ არსებობდა ახალი საატესტაციო კომისია;

4. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით, რომლებიც ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს საერთოდ არ გააჩნია.

საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ ცნეს თ. ჯ.-მ და მისმა წარმომადგენელმა და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. ამასთან მიუთითეს, რომ აღნიშნულ საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელით შეტანილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, ვინაიდან კ. უ.-მა კასატორის სახელით ისე შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომ არ წარადგინა სათანადო წესით გაცემული მინდობილობა. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის ვ. ბ.-ის მიერ გაცემული მინდობილობით მას უფლება ჰქონდა საქმე ეწარმოებინა მხოლოდ საოლქო სასამართლოში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლოს ასეთ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად უნა დაეტოვებინა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება თ. ჯ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის მოტივით უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს გენერალური პროკურორის 1999წ. 14 დეკემბრის ¹483-პ ბრძანებით მოსარჩელე თ. ჯ.-ი დაინიშნა სასწავლო ცენტრის სტაჟიორად პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე. «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის იმჟამად მოქმედი 31-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროკურორად შეიძლება დანიშნულიყო უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც პროკურატურაში გავლილი ჰქონდა ორ წლამდე სტაჟირება. ამდენად, პროკურატურაში სტაჟირების კანონით გათვალისწინებული ვადა იყო ორი წელი, რომლის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს განერალური პროკურორის 2001წ. 18 დეკემბრის ¹861-პ ბრძანებით, «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, დანიშვნის გათვალისწინებული ვადის გასვლასთან დაკავშირებით, სტაჟიორი თ. ჯ.-ი 2001წ. 14 დეკემბრიდან გათავისუფლდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრის სტაჟიორი პროკურორის ვაკანტური თანამდებობიდან, რაც თ. ჯ.-მ სასარჩელო წესით თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა 2002წ. 7 მარტს. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივ საკითხებზე გაცემული ბრძანება-განკარგულების სასამართლოში გასაჩივრების ვადაა ერთი თვე. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივარს ხანდაზმულობის მოტივით თ. ჯ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ვერ დაეთანხმება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას ხანდაზმულობის ვადის დაცვით სარჩელის შეტანის თაობაზე და ვერც თ. ჯ.-ის არგუმენტს გაიზიარებს, თითქოს გენერალური პროკურორის ბრძანების შესახებ მისთვის შემთხვევით გახდა ცნობილი 2002წ. თებერვალში, რადგან თ. ჯ.-ისათვის ცნობილი იყო საქართველოს გენერალური პროკურორის 1999წ. 14 დეკემბრის ბრძანება ¹483-პ საქართველოს გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრის პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე მისი სტაჟიორად დანიშვნის შესახებ. პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე სტაჟიორად მყოფ მოსარჩელეს, ბუნებრივია, ასევე ეცოდინებოდა და უნდა სცოდნოდა «საქართველოს პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 31-ე მუხლის იმჟამინდელი პირველი ნაწილის მოთხოვნა პროკურატურაში სტაჟირების ორწლიანი ვადის შესახებ და ასევე კანონის 34-ე მუხლის პირევლი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტიც, რომლის მიხედვითაც პროკურატურიდან დათხოვნის კანონისმიერ საფუძელს წარმოადგენს დანიშვნის ვადის გასვლა. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრის უფროსი პროკურორისა და სტაჟიორ პროკურორის მიერ 2002წ. 9 იანვარს შედგენილი აქტის მიხედვით ირკვევა, რომ ამავე დღეს თ. ჯ.-ს ჩამოერთვა პროკურატურის მუშაკის პირადობის მოწმობა, სამუშაო ოთახის გასაღები და გადაეცა განერალური პროკურორის 2001წ. 18 დეკემბრის ¹861-პ ბრძანება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ თ. ჯ.-ი არის უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომლისთვისაც «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის ცოდნა პროფესიული მოვალეობაა, საკასაციო პალატა ეთანხმება საკასაციო საჩივარს თ. ჯ.-ის სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია და ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოსა და თ. ჯ.-ის მოსაზრებას, რომ გენერალური პროკურორის 2001წ. 18 დეკემბრის ბრძანების შესახებ თითქოს მისთვის შემთხვევით ცნობილი გახდა 2002წ. თებერვალში და ხანდაზმულობის ვადის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ასევე ვერ გაიზიარებს ჯ.-ის წარმომადგენლის მოსაზრებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის «ბ» პუნქტის საფუძველზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რადგან, მართალია, თავდაპირველად საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელით საკასაციო საჩივარი შემოტანილ იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ, მაგრამ საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის უმოძრაოდ დატოვების შესახებ 2002წ. 18 სექტემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე და 396-ე მუხლის მე-2-3 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა მისცა კასატორს. ხარვეზი დროულად იქნა გამოსწორებული და 2002წ. 30 სექტემბრის ¹06-გ-2002 წერილით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა კ. უ.-ის უფლებამოსილება პროკურატურის სახელით საკასაციო საჩივრის შეტანაზე და მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, ამიტომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის პრეტენზია საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ უსაფუძვლოა და საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის განსახილველად წარმოებაში მიღება, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით არ საჩივრდება.

ამდენად, საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილება, რადგან სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა უსწორო შეფასებითა და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის მცდარი განმარტებით გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ამასთან, ვინაიდან საქმის გარემოებები სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე და არც მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევაა საჭირო, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია საქმეზე მიიღოს ახალი გადაწყვეტილება ხანდაზმულობის მოტივით თ. ჯ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 389-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. თ. ჯ.-ს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის გამო;

4. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.