მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება; თანამდებობაზე აღდგენა
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-340-კ-02 8 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: წინანდელ თანამდებობაზე ან სხვა ტოლფას თანამდებობაზე დასაქმება, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. შ-მა 28.11.01წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა კასპის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის _ კასპის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა კასპის რაიონის გამგეობის ... ან სხვა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, მოპასუხისათვის მიუღებელი ხელფასის _ 4368 ლარის და მორალური ზიანის _ 3000 ლარის ანაზღაურების დაკისრება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. კასპის საკრებულოს .... თანამდებობაზე მუშაობდა 1991წ. 6 აპრილიდან 1998წ. 18 დეკემბრამდე, თანამდებობიდან გათავისუფლდა უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით. არ იქნა რა არჩეული ახალი საკრებულოს ...., მან 1999წ. იანვარის დასაწყისში, არჩევნებამდე დაკავებულ თანამდებობაზე ან სხვა ტოლფას სამსახურში დასაქმების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა კასპის რაიონის გამგებელს, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულს შიდა ქართლის მხარეში, რეგიონალური პოლიტიკის და მართვის სამსახურს. კასპის რაიონის გამგეობამ 22.05.02წ. შესთავაზა მას რაიონის ტრანსპორტის კონტროლის სამსახურის .... თანამდებობა, რაზედაც მოსარჩელემ უარი განაცხადა. მოგვიანებით, 2001 წელს გამგეობამ მას უარი უთხრა შრომით დასაქმებაზე იმ მოტივით, რომ მისი თანამდებობა _ საკრებულოს .... იყო დანიშვნითი და მასზე არ ვრცელდება შრომის კანონთა კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული გარანტიები შრომითი დასაქმების თაობაზე.
კასპის რაიონული სასამართლოს 20.02.02წ. გადაწყვეტილებით ე. შაველაშვილის სარჩელი შრომითი დასაქმების მოთხოვნის, მორალური ზიანისა და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე. შ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, მისი სარჩელის დაკმაყოფილება. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 02.07.02წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა კასპის რაიონული სასამართლოს 20.02.02წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კასპის რაინული სასამართლოს 09.10.01წ. გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ ე. შ-ის შრომითი საქმიანობის სამსახური 1991წ. 6 აპრილიდან 1998წ. 18 დეკემბრამდე იყო ქ. კასპის დეპუტატთა საკრებულო, აღნიშნულ პერიოდში იგი მუშაობდა დეპუტატების მიერ არჩეულ საკრებულოს გამგებლად, საიდანაც იგი განთავისუფლდა უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, შრომის კანონთა კოდექსის 109-ე მუხლის საფუძველზე, საკრებულოს სესიის მიერ აღნიშნულ თანამდებობაზე სხვა პირის არჩევის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ამჟამად კანონიერ ძალაშია შესული და სსკ-ს 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტს. კასპის რაისაბჭოს აღმასკომის 01.12.88წ. ¹243 განკარგულების და კასპის რაიონის პრეფექტურის 28.07.91წ. ¹201ა განკარგულების საფუძველზე, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ე. შაველაშვილი ქ. კასპის საკრებულოს გამგებლად არჩევამდე მუშაობდა კასპის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილის და საბინაო-კომუნალური განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ე. შ-ის მიერ გასაჩივრებულია გამგეობის მოქმედება, ვინაიდან კასპის რაიონის გამგეობამ არ დააკმაყოფილა მისი არაერთი მოთხოვნა ადრინდელ ან მის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია რაიონული სასამართლოს მიერ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127.1 მუხლის გამოყენება, რომლის თანახმად მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში სასამართლოში გაასაჩივროს სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, მოქმედება და აღნიშნა, რომ აპელანტს გაშვებული აქვს სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის ერთთვიანი ვადა. პალატამ მიუთითა აგრეთვე, რომ ე. შ-ს არ მოუთხოვია გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის საპატიოდ ჩათვლა, რის გამო სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა იმის თაობაზე თუ რამდენად საპატიოდ იქნა გაშვებული სარჩელის წარდგენის ვადა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 02.07.02წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ე. შ-ის მიერ. კასატორი არ ეთანხმება საპელაციო პალატის მითითებას იმის შესახებ, რომ მას არ უთხოვია ხანდაზმულობაზე მსჯელობა და აღნიშნავს, რომ 1991 წლიდან 2002წ. ივლისამდე იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს _ ქ. კასპის საკრებულოს წევრი და «საჯარო სამსახურის კანონის» მე-11 მუხლის თანახმად მის მიმართ არ დაიშვებოდა ამავე კანონის 127-ე მუხლის გამოყენება. კასატორი თვლის, რომ საოლქო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს თუნდაც იმის გამო, რომ განჩინებით არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა ნამსახურების ნუსხის (,,საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 124-ე, 125-ე მუხ.), შრომითი წიგნაკის («საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 93-ე, 94-ე, 110-ე, 121-ე, 123-ე მუხ., შკკ-ის 41-ე, 42-ე, 109-ე მუხ.) დაბრუნების შესახებ, სასამართლოს არ უმსჯელია იმაზე, რომ არ არსებობს მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება. კასატორი ითხოვს სააპელაციო პალატის 02.07.02წ. განჩინების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღებას, არჩევნებამდე დაკავებული ან მის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნას, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას, ნამსახურების ნუსხის და შრომის წიგნაკის დაბრუნებას.
საკასაციო პალატის მიერ საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და ითხოვა საპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამო შეუძლებელია გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება. კერძოდ, სააპელაციო პალატა ეთანხმება რა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ე. შაველაშვილის მიერ «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევის თაობაზე, უპასუხოდ ტოვებს სააპელაციო საჩივრის ძირითად მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ არ მიღებულა, ხოლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 127-ე მუხლის გამოყენება მის მიმართ არ იყო დაშვებული, ვინაიდან იგი 2000წ. ივლისამდე იყო საკრებულოს წევრი, ხოლო აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის «ბ" ქვეპუნქტის თანახმად, «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მოქმედება არ ვრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს წევრზე. სააპელაციო პალატა გაცდენილად თვლის რა სასამართლოში მიმართვის ერთთვიან ვადას, აღნიშნავს, რომ ე. შ-ი არ მოითხოვდა გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენას, რაც არ აძლევდა სასამართლოს შესაძლებლობას ემსჯელა იმაზე, თუ რამდენად საპატიოდ იქნა გაშვებული ე. შაველაშვილის მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენის ერთთვიანი ვადა. სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება არ შეესაბამება საქმეში დაცულ მასალებს, ე. შ-ის სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა ის, რომ წინანდელ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით საჩივრებით მიმართავდა სხვადასხვა ზემდგომ ორგანოებს, პირველი ინსტანციის სასამართლო შკკ-ის 204.3 მუხლის, საქმეში დაცული მასალების საფუძველზე მოვალე იყო ემსჯელა ვადის გაცდენის მიზეზებზე და ჩაეთვალა იგი საპატიოდ. ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული სასამართლოში გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევა ფაქტობრობად წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 02.07.02წ. განჩინება იურიდიულად არ არის საკამოდ დასაბუთებული, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის «ე" ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იქონია მსჯელობა ე. შაველაშვილის სააპელაციო საჩივარში მოყვანილ ისეთ მოთხოვნებზე, როგორიცაა ნამსახურობის ნუსხის, შრომითი წიგნაკის დაბრუნება, მაშინ, როდესაც ე. შ-ი თავის სააპელაციო საჩივარში და საქმის განხილვის პროცესში აყენებდა ამ მოთხოვნებს, ხოლო სასამართლოს 14.06.02წ. საოქმო განჩინებით კასპის რაიონის გამგეობის წარმომადგენელს დაევალა ნამსახურობის ნუსხის, შრომის წიგნაკის, შრომის წიგნაკის დაბრუნების შესახებ ხელწერილის, გათავისუფლების ბრძანების წარმოდგენა, რაზედაც კასპის რაიონის გამგეობის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილ იქნა მასალა. პალატას არ მიუცია რაიმე შეფასება წარდგენილი მასალებისათვის, პალატას საერთოდ არ უმსჯელია დავის საგნის გადიდების მიზანშეწონილობაზე (სსკ-ს 381-ე მუხ.).
საკასაციო პალატა არ იზიარებს აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სსკ-ს 106-ე მუხლის «ბ"'ქვეპუნქტის შესაბამისიად, კასპის რაიონული სასამართლოს 09.10.01წ. გადაწყვეტილებას აქვს პრეიუდიციული მნიშვნელობა განსახილველი საქმისადმი. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი 1991წ. 6 აპრილიდან 1998წ. 18 დეკემბრამდე ქ. კასპის დეპუტატთა საკრებულოში საქმიანობის, აღნიშნულ პერიოდში საკრებულოს გამგებლად მუშაობის, შკკ-ს 109-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით გათავისუფლების შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ უდავო წარმოების წესით გამოტანილი გადაწყვეტილება იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ ვერ დაედება საფუძვლად სასარჩელო წარმოების წესით განსახილველ დავას, რადგან კასპის რაიონული სასამართლოს 09.10.01წ. გადაწყვეტილება იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ მიღებულია უდავო წარმოების წესით, ურთიერთდაპირისპირებული მხარეების გარეშე, ხოლო სსკ-ს 106-ე მუხლის თანახმად დამტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. საქმის ხელახალი განხილვის დროს სადავო ურთიერთობების მიმართ შკკ-ს 109-ე და «ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ" მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო პალატამ მხედველობაში უნდა იქონიოს, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 02.08.93წ. ¹283 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს რესპუბლიკის რაიონის (ქალაქის) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესახებ" დროებითი დებულების მე-15, 22.4 მუხლების, აგრეთვე, თვითმმართველობის ორგანოების არჩევამდე მოქმედი, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 16.09.95წ. ¹362 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს რესპუბლიკის მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესახებ" დროებითი დებულების მე-13 მუხლის თანხმად, სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელის თანამდებობა, თვითმართველობის ადგილობრივი ორგანოების არჩვნებამდე, წარმოადგენდა დანიშვნით თანამდებობას.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 02.07.02წ. განჩინება.
2. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.