სამუშაოზე აღდგენა
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-357-კ-02 8 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
28.07.01წ. თბილისის შსს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლი მთავარი სამმართველოს მუშაკებმა ქ. თბილისში, .... პროსპექტზე დააკავეს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგამოძიებო სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი დ. ა-ე თანმხლებ პირებთან ერთად. დ. ა-ე წარდგენილ იქნა ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუში, რომლის 29.07.01წ. დასკვნის თანახმად, დ. ა-ე შემოწმების მომენტში კლინიკურად იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, საჭიროებდა გამოკვლევას.
საქართველოს შს მინისტრის 31.08.01წ. ¹356 ბრძანებით, დ. ა-ე «შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 67-ე მუხლის «დ" ქვეპუნქტის მიხედვით (სამსახურებრივი შეუფერებლობის გამო საატესტაციო წესით) დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო შსს საგამოძიებო დეპარტამენტის 23.09.01წ. ¹39/სდ-1702 შუამდგომლობა, სამსახურებრივი ატესტაცია და ნარკოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დასკვნა.
14.01.02წ. დ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ დაკავების მომენტში იყო მსუბუქად ნასვამი და არ იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების შესახებ მისთვის არ უცნობებიათ, იგი ჩვეულებრისამებრ დადიოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ბრძანების არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2001წ. დეკემბერში, როდესაც მიაკითხა შსს გენერალურ ინსპექციას. მოსარჩელემ მოითხოვა შს მინისტრის 31.08.01წ. ¹356 ბრძანების გაუქმება, გათავისუფლებამდე დაკვებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგება.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 25.03.02წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შს მინისტრის 03.08.01წ. ¹365 ბრძანება დ. ა-ის დათხოვნის შესახებ, დ. ა-ე აღდგენილ იქნა პირვანდელ თანამდებობაზე. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მოსარჩელის უარყოიფითი ატესტაციის, სასამხურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შესახებ, ვინაიდან მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი ასეთის დასადასტურებლად. არ იქნა გაზიარებული აგრეთვე მოპასუხის არგუმენტი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის თაობაზე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანება მოსარჩელეს არ გაგზავნია, შესაბამისად, იგი ცნობილი არ იყო მოსარჩელისათვის. სასამართლომ უმართებულოდ მიიჩნია აგრეთვე გასაჩივრებულ ბრძანებაში «საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგში შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულების 67-ე მუხლის «დ" ქვეპუნქტის გამოყენება, რადგან არ იყო დადგენილი სამსახურებრივი შეუფერებლობა და ნარკოტიკული საშუალებების ზეგავლენის ქვეშ ყოფნის ფაქტი. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შსს წარმომადგენლის მიერ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და დ. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილბაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 21.06.02წ. განჩინებით შს სამინისტროს წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა, უცვლელად დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 25.03.02წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავის (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და VI თავის (ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი, მარტივი ადმინისტრაციული წარმოება) დებულებები, კერძოდ, 52.1.2 მუხლის და 53-ე, აგრეთვე 96-ე მუხლების მოთხოვნები, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებაზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესით გამოუკვლევი გარემოება ან ფაქტი. პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას საერთოდ არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება, რითაც დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის დებულებები, კერძოდ, 75-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვით მოსარჩელე დ. ა-ე უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე. პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დაცული იქნა «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მოთხოვნები, არ იქნა გაზიარებული. პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, მითითებული კანონი აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მაგრამ 2000წ. 1 იანვრიდან ამოქმედდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომლის 1-ლი მუხლის მიხედვით, კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაიული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესს, ხოლო შს მინისტრის ბრძანება საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რომლის გამოცემისას გამოყენებული უნდა იქნეს ამ კოდექსით დადგენილი წესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციოული კოდექსის 60.1 «დ" ქვეპუნქტის საფუძველზე მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
სააპელაციო სასმართლოს 21.06.02წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შს სამინისტროს წარმომადგენლის მიერ. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დაირღვა კოდექსის 52.1.2, 53-ე, 75-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შს ორგანოების რიგითთა და უფროსთა შემადგენლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ დისციპლინური წესდების მიხედვით, აღნიშნულ პირებს არ შეეფარდებათ ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაოები და ადმინისტრაციული პატიმრობა. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში დაცულია 2000-01წწ. ატესტაციის დასკვნა, რომლის მიხედვით დ. ა-ე არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას, იმსახურებს გათავისუფლებას და შს ორგანოებიდან დათხოვნას. ატესტაციას ხელს აწერს დ. ა-ე, რომელსაც თავისი ხელით გაკეთებული აქვს შემდეგი სახის ჩანაწერი: «გავეცანი, დავუშვი ისეთი საქციელი, რომელიც არ შემეფერებოდა, რისთვისაც ვიმსახურებ დასჯას". გარდა ამისა, ნარკოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 29.07.01წ. დასკვნაში აღნიშნულია, რომ დ. ა-ე შემოწმების მომენტში იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და საჭიროებს გამოკვლევას. გამოკვლევა შემდეგში ვერ იქნა ჩატარებული, ვინაიდან დ. ა-ე შემდეგ დღეებში ვერ იქნა წარმოდგენილი განმეორებით შემოწმებაზე, გამოძახების მიუხედავად იგი არ ცხადდებოდა მაშინ, როდესაც გაცემული დასკვნის გამო თავად უნდა ყოფილიყო დაინტერესებული გამოკვლევის ჩატარებაში. დ. ა-ე 29.07.01წ. თავისი ხელით დაწერილ ახსნა-განმარტებაში აღიარებს, რომ იყო ნარკოტიკული საშუალებების არასისტემატიური მომხმარებელი და უკანასკნელად 28.07.01წ. მიღებული ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება. კასატორი უთითებს, რომ დ. ა-ეს გაცდენილი აქვს «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 127-ე მუხლით დადგენილი სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული ბრძანების, განკარგულების, გადაწყვეტილების, მოქმედების სასამართლოში გასაჩივრების ერთთვიანი ვადა. დ. ა-ემ იცოდა, რომ 31.08.01წ. დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან, მიუხედავად ამისა სარჩელი სასამართლოში შეიტანა 4 თვისა და 11 დღის შემდეგ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა, საქმის მასალების შესწავლის და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი არგუმენტაცია ეხება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებისადმი შს მინისტრის სადავო ბრძანების შესაბამისობას. ამდენად, უადგილოა კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები შს სამინისტროს მუშაკების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის ნორმების მოქმედების თაობაზე, აღნიშნულს არ აქვს კავშირი სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მოყვანილი არგუმენტაციასთან.
სააპელაციო პალატა დ. ა-ის შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ შს მინისტრის 31.08.01წ. ¹356 ბრძანებას მიიჩნევს ადმინისტრაციულ აქტად, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილი აგებულია შს მინისტრის გასაჩვრებული ბრძანების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის წესების დაცულობის ანალიზზე. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას შს მინისტრის 31.08.01წ. ¹356 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, სახელდობრ, მე-4 და მე-VI თავებით დადგენილი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის წესების დაუცვლელობის გამო. განსახილველ დავაში მოსარჩელეა შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგამოძიებო სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის საგამოძიებო სასამხურის ყოფილი გამოძიებელი დ. ა-ე, რომელიც «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-2, მე-4 მუხლების თანახმად იყო საჯარო მოსამსახურე, ხოლო მოპასუხეა _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის თანახმად სამთავრობო დაწესებულებას წარმოადგენს. 2000წ. 1 იანვრიდან ამოქმედებულმა ზოგადმა ადმინისტრაციულმა კოდექსმა შემოიღო ადმინისტრაციული გარიგების ინსტიტუტი (თავი V), კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ" ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული გარიგება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება. მოცემულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს დ. ა-ესა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის, შს მინისტრის 31.08.01წ. ბრძანებით შეწყდა საჯარო-სამართლებრივი სამსახურებრივი ურთიერთობა. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული გარიგების _ საჯარო სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტა და არა ადმინისტრაციული აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. საქართველოს შს მინისტრის 31.08.01წ. ¹356 ბრძანება ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, სახელდობრ, ბრძანება მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს შს მინისტრის მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, არის ინდივიდუალურ-სამართლებრივი ხასიათის და კონკერტულად დ. ა-ესა და შს სამინისტროს შორის საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას ეხება. ამასთანავე, ბრძანების სამართლებრივ შედეგს და მიზანს წარმოადგენს საჯარო-სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტა, ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება მუშაკის სამუშაოზე მიღების ან განთავისუფლების შესახებ თავისი არსით არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა არა ადმინისტრაციული აქტის, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერებაზე, სადავო ბრძანების «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონთან, შრომის კანონთა კოდექსთან და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავთან («ადმინისტრაციული გარიგება”) შესაბამისობაზე. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
გარდა აღნიშნულისა, საოლქო სასამართლოს მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ შს მინისტრის 31.08.01წ. ბრძანება გამოიცა საქმის გარემოებებისა და ფაქტების გამოკვლევა-შესწავლის გარეშე. ამასთანავე, თავად პალატას სასკ მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე არ მიუღია რაიმე ზომები საქმის გარემოებების გამოსარკვევად, დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებების შესაგროვებუნლად. კერძოდ, არ იქნა გამოკვლეული ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დასკვნა, არ დაკითხულა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შესახებ დასკვნის გამცემი ექიმი, რათა გამოკვლეულიყო დასკვნის დასაბუთებულობა, გამოკვლევის მეთოდი, აგრეთვე ის თუ რა გამოკვლევის საჭიროებაზეა მითითებული 29.07.01წ. გაცემული შემოწმების დასკვნაში. «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 127-ე მუხლით დადგენილი სასამართლოშიOგასაჩივრების ერთთვიანი ვადის დაცულობის საკითხის გასარკვევად საქმეზე დასადგენია გასაჩივრებული ბრძანების დ. ახობაძისათვის გაცნობის მომენტი, ამ მიმართებით გარკვევას საჭიროებს აგრეთვე სადავო ბრძანების გამოცემის შემდეგ დ. ა-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, ხელფასის მიღების ფაქტი. სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა შეფასებული აგრეთვე დ. ა-ის სამსახურებრივი ატესტაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული და არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქმის განმხილველმა სასამართლომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დამატებით უნდა გამოიკვლიოს საქმის ყველა გარემოებანი და მისცეს მათ სათანადო სამართლებრივი შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 21.06.02წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.