თანხის დაბრუნება
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-358-კ-02 8 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ახალქალაქის საგადასახადო ინსპექციის (ზონალური ინსპექციის) სს «ა.» ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 27 ივნისს სს «ა.» სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს და მოპასუხე ახალქალაქის რაიონის საგადასახადო ინსპექციისათვის მოსარჩელის მიერ არასწორად გადახდილი თანხის 33165 ლარის, სააქციო საზოგადოების სახსრების სარგებლობისათვის პროცენტის სახით _ 4809 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 1078 ლარის დაკისრება მოითხოვა. სს «ა.» სარჩელში შემდეგ გარემოებებზე უთითებდა:
საგადასახადო დეპარტმენტის 2000წ. 9 სექტემბრის ¹568 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო დეპარტამენტის სარევიზიო ბრიგადამ მოსარჩელის სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების დოკუმენტალური რევიზია ჩაატარა. სარევიზიო ბრიგადამ შემოწმების შედეგად ახალქალაქის რეგიონალური საბაჟოს მიერ რუსეთიდან იმპორტირებული გაზის არასწორი განბაჟების ფაქტი დააფიქსირა, კერძოდ, იმპორტის საბაჟო ღირებულებაში არ იყო გათვალისწინებული სააქციო საზოგადოების მიერ დღგ-ს საგადასახადო ვალდებულების ზემოაღნიშნული თანხით შემცირება, რის საფუძველზეც მოსარჩელეს ჯარიმა დაერიცხა. მოსარჩელე არ დაეთანხმა საგადასახადო სამმართველოს მიერ განხორციელებულ ქმედებას და მიუთითა, რომ საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის თანხმად, მის მიერ განხორციელებული იმპორტის ოპერაცია 1997წ.ათვს დამატებითი ღირებულების გადასახადით დაბეგვრას არ ითვალისწინებდა და, შესაბამისად, უკანონო იყო მისთვის ჯარიმის დაკისრებაც, რადგან დაბეგვრა 1998 წელს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოხდა, მაშინ როცა საქონლის იმპორტი 1997 წელს იქნა განხორციელებული. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება და შეცდომით გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2000წ. 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს «ა.» სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს დაუბრუნდა გადახდილი თანხა, შესაბამისი პროცენტი და სახელმწიფო ბაჟი. ასევე, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ახალქალაქის საგადასახადო ინსპექციისა და საგადასახადო დეპარტამენტის 1999წ. 11 დეკემბრის სადავო აქტის ის ნაწილი, რომელიც დღგ-ს შეეხებოდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ახალქალაქის საგადასახადო ინსპექციის მიერ სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 10 ივნისის ახალი გადაწყვეტილებით სს «ა.» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სადავო 1999წ. 11 დეკემბრის ერთობლივი აქტი დღგ-ს ნაწილში. ახალქალაქის საოლქო საგადასახადო ინსპექციას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის სასარგებლოდ არასწორად გადახდილი დღგ-ს თანხის _ 33165 ლარის გადახდა დაეკისრა. ამავე გადაწყვეტილებით დაბრუნებას დაექვემდებარა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1078 ლარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ახალქალაქის ზონალურმა საგადასახადო ინსპექციამ და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
2002წ. 1 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში განხილულ იქნა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი. მითითებულ პროცესზე კასატორს მიეცა ვადა ა.წ. 8 ნოემბრამდე მტკიცებულებების წარმოსადგენად, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას გასაჩივრების ერთთვიანი ვადა გაშვებული არ ჰქონდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩინა, რომ ახალქალაქის ზონალური საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. აღნიშნული ვადის (გაგრძელება) აღდგენა არ დაიშვება და იგი იწყება ორივე მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორს _ ახალქალაქის ზონალურ საგადასახადო ინსპექციას გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2002წ. 19 ივლისს ჩაბარდა ხელზე, მაშინ როცა საკასაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2002წ. 21 აგვისტოს, კანონით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გაგრძელება ან აღდგენა არ დაიშვება. აქვე ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება უნდა შესრულდეს კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო 61-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის ბოლო დღე დასვენების ან უქმე დღეებს ემთხვევა, საპროცესო ვადა გასულად ჩაითვლება მომდევნო პირველ სამუშაო დღეს. აღსანიშნავია, რომ ამავე კოდექსის 65-ე მუხლი საპატიო მიზეზის არსებობისას გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენას ითვალისწინებს, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლი სპეციალურ მუხლს წარმოადგენს და კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის აღდგენა თუნდაც საპატიო მიზეზის არსებობისას არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რადგან კასატორს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის გადაწყვეტილება ჩაბარდა 19 ივლისს, საპროცესო ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მომდევნო დღეს _ ანუ 20 ივლისს და ახალქალაქის ზონალურ საგადასახადო ინსპექციას საკასაციო საჩივარი სასამართლოში 20 აგვისტომდე უნდა წარედგინა.
საკასაციო სასამართლო აქვე დაამატებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ახალქალაქის ზონალური საგადასახადო ინსპექციის მიერ საკასაციო საჩივრის ფოსტაში ვადაში ჩაბარების შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ვადა არ იქნებოდა მიჩნეული გაშვებულად, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ საკასაციო სასამართლოში ახალქალაქის ზონალური საგადასახადო ინსპექციის მიერ წარმოდგენილი ცნობა იმის თაობაზე, რომ მათ შემავალი დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალში გადაწყვეტილება 26 ივლისს აქვთ რეგისტრირებული და შესაბამისად, ვადის ათვლაც ამ თარიღიდან უნდა დაწყებულიყო, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან საქმეში მოიპოვება ფოსტის ცნობა, რომლითაც დასტურდება რომ ახალქალაქის ზონალური საგადასახადო ინსპექციის უფროსს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ხელზე ა/წ 19 ივლისს ჩაბარდა და,Aამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებისა და ვადის ათვლის თარიღად 19 ივლისი უნდა იქნეს მიჩნეული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ახალქალაქის ზონალური საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილია კანონით გათვალისწინებული ვადის დაუცველად. როგორც აღვნიშნეთ, მითითებული ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება. ამდენად, ახალქალაქის ზონალური საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალქალაქის ზონალური საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.