3გ-ად-406-კ-02 18 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: საქართველოს ცსკოს დადგენილებისა და განკარგულებების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 27 სექტემბერს საქართველოს სოციალისტურმა პარტიამ სარჩელით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს ცსკოს ¹28/2002 დადგენილებისა და ¹149/2002 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა. სარჩელი განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას გადაეგზავნა.
მოსარჩელემ სარჩელი ერთხელ კიდევ დააზუსტა და მოითხოვა:
1. «¹48.01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს _ ხელახალი არჩევნების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს ცსკოს 2002წ. 24 სექტემბრის ¹28/2002 დადგენილების ბათილად ცნობა;
2. «ცსკოს სპეციალური ჯგუფების შექმნის შესახებ" ცსკოს 2002წ. 24 სექტემბრის ¹149/2002 განკარგულების ბათილად ცნობა;
3. «ცსკოს სპეციალური ჯგუფების შექმნის შესახებ" საქართველოს ცსკოს 2002წ. 24 სექტემბრის ¹149/2002 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" ცსკოს 2002წ. 1 ოქტომბრის ¹151/2002 განკარგულების ბათილად ცნობა;
4. ცსკოს დავალდებულება, თავის სხდომაზე დაუყოვნებლივ მიიღოს განკარგულება დაბა ...-ში 2002წ. 29 სექტემბრის საკრებულოს ხელახალი არჩევნების შედეგების შესახებ.
სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
1. ცსკოს 2002წ. 24 სექტემბრის გასაჩივრებული დადგენილება და განკარგულება მიღებულია «საქართველოს საარჩევნო კოდექსის" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის უხეში დარღვევით, კერძოდ, არც დადგენილებას და არც განაკრგულებას ხელს არ აწერს კომისიის მდივანი, კომისიის გასაჩივრებული დადგენილება, როგორც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, არ არის რეგისტრირებული და გამოქვეყნებული კანონით დადგენილი წესით;
2. ცსკოს 2002წ. 24 სექტემბრის გასაჩივრებული დადგენილება და განკარგულება მიღებულ იქნა ¹48 ...-ის საოლქო საარჩევნო კომისიისა და დაბა ...-ში საკრებულოს ხელახალი არჩევნების თარიღის შესახებ სასამართლო დავის მიმდინარეობის პერიოდში, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლო 2002წ. 24 სექტემბერს «¹48 ...-ის საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და სპეციალური ჯგუფის შექმნის შესახებ" ცსკოს 2002წ. 27 აგვისტოს ¹27/2002 დადგენილებისა და დაბა ...-ში საკრებულოს ხელახალი არჩევნების თარიღის შესახებ ¹137/2002 განკარგულების კანონიერების საკითხს განიხილავდა. აღნიშნული საქმის განხილვაში ცსკოს მონაწილეობაც კი არ მიუღია, იგი ამ დროს დაბა ...-ის შესახებ ახალ უკანონო აქტებს იღებდა.
3. ცსკოს 2002წ. 24 სექტემბრის განკარგულებაში არ არის მითითებული თუ რა სპეციალური ჯგუფები შეიქმნა, რითაც დარღვეულია საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ა" ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის «ბ" ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომლებიც სპეციალური ჯგუფების შექმნას არ ითვალისწინებს;
4. ცსკოს 2002წ. განკარგულებაში არასწორად არის მითითებული საარჩევნო კოდექსის მე-17 მუხლი და 128-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ასევე, მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის «ა" ქვეპუნქტი და 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ე" ქვეპუნქტი. ცსკომ კანონით განსაზღვრულ ვადაში ვერ უზრუნველყო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირება;
5. ცსკოს 2002წ. 1 ოქტომბრის ¹151/2002 განკარგულებით ცვლილებები შევიდა ცსკოს 2002წ. 24 სექტემბრის ¹149/2002 განკარგულებაში, რომელიც ასევე ბათილად უნდა გამოცხადდეს.
მოპასუხე _ ცსკომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის _ საქართველოს სოციალისტური პარტიის სარჩელი დაუშვებელია, ვინაიდან გასაჩივრებული აქტები პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ არ ზღუდავენ მის უფლებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალისტური პარტიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ცსკოს გასაჩივრებული აქტები.
საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება დაAმიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სოციალისტური პარტიის სარჩელი არ იყო დასაშვები, რადგან ცსკოს გასაჩივრებული აქტები პირდაპირ და უშუალო (ინივიდუალურ) ზიანს არ აყენებდნენ მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ არ ზღუდავდნენ მის უფლებას.
საოლქო სასამართლომ, ამასთან, ჩათვალა, რომ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების დარღვევას გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადგილი არ ჰქონია, რადგან ამ კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ა" ქვეპუნქტის თანახმად, ცსკოს სპეციალური ჯგუფების შექმნის უფლებამოსილება გააჩნია.
თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სოციალისტურმა პარტიამ საკასაციო წესით ცსკოს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა.
კასატორი თვლის, რომ საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. ამასთან, საოლქო სასამართლომ არ იმსჯელა მოსარჩელის მიერ დასახელებულ გარემოებებზე, რომლებიც საარჩევნო კოდექსის უხეშ დარღვევებზე მიუთითებდნენ, კერძოდ, შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ ცსკოს გასაჩივრებული აქტები გამოცემისას ხელმოუწერელი იყო. უფრო მეტიც, მათ მიერ გასაჩივრებული დადგენილება, როგორც ნორმატიული აქტი, არ იყო რეგისტრირებული და გამოქვეყნებული კანონით დადგენილ წესით გამოცემისთანავე. მისი ხელმოწერა მოხდა 4 დღის შემდეგ, როცა დარღვეულ იქნა საარჩევნო კოდექსის 22-ე მუხლის მე-13 პუნქტის მოთხოვნა.
კასატორმა, საბოლოოდ, გასაჩივრებულ ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და ცსკოს ¹28/2002 დადგენილებისა და ¹149/2002, ¹151/2002 განკარგულებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საქართველოს სოციალისტური პარტიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ მოცემული საქმის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. ამასთან, საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ, საქართველოს სოციალისტური პარტიის სარჩელი დაუშვებელია, რადგან გასაჩივრებული აქტები პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ არ ზღუდავენ მის უფლებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ უნდა გამოეყენებინა, რადგან საქართველოს სოციალისტური პარტია მონაწილეობს ...-ის რაიონის თვითმართველობის ორგანოთა არჩევნებში და შესაბამისად, თავისი წარმომადგენელი ჰყავდა ...-ის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.
საკასაციო სასამართლო, ასევე, იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საოლქო სასამართლომ არ იმსჯელა ცსკოს მიერ დაშვებულ საარჩევნო კოდექსის იმ დარღვევებზე, რასაც მოსარჩელე მიუთითებდა და არ შეაფასა, თუ რამდენად არსებითი და უხეში იყო აღნიშნული დარღვევები და ქმნიდა თუ არა საფუძველს გასაჩივრებული აქტების ბათილად გამოსაცხადებლად. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ცსკოს 2002წ. 24 სექტემბრის გასაჩივრებულ ¹28/2002 დადგენილებასა და ¹149/2002 განკარგულებას გამოცემისას ხელს არ აწერდა კომისიის მდივანი, რითაც დარღვეულ იქნა საარჩევნო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ცსკოს დადგენილებასა და განკარგულებას ხელს უნდა აწერდეს მდივანი. კანონის აღნიშნული მოთხოვნა გასაჩივრებული აქტების მიღებისას დაცული არ ყოფილა. საყურადღებოა ისიც, რომ საქმეში დღემდე არ მოიპოვება გასაჩივრებული ¹149/2002 განკარგულების მდივნის მიერ ხელმოწერილი დედანი ან ასლი.
საკასაციო სასამართლო, ამასთან, თვლის, რომ ცსკოს მიერ გასაჩივრებული აქტები, დაბა ...-ში საკრებულოს ხელახალი არჩევნების შესახებ, მიღებულ იქნა 2002წ. 24 სექტემბერს, იმ დროს, როცა საქართველოს უზენაეს სასამართლოში იხილებოდა დავა სწორად ...-ის საოლქო საარჩევნო კომისიისა და დაბა ...-ში ხელახალი არჩევნების ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიებათა შესახებ, რომელშიც ცსკოს მონაწილეობა არ მიუღია. საგულისხმოა, რომ უზენაესი სასამართლო იხილავდა დავას იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ ცსკოს ¹137/2002 განკარგულება კანონიერი იყო. ამ განკარგულებით დაბა ...-ში საკრებულოს ხელახალი არჩევნები 2002წ. 29 სექტემბერს იყო დანიშნული. დავის სასამართლო განხილვის პერიოდში ცსკომ მიიღო სადავო ¹28/2002 დადგენილება, რომლითაც დაბა ...-ში საკრებულოს ხელახალი არჩევნები 2002წ. 20 ოქტომბერს დანიშნა ისე, რომ ცვლილებაც არ შეუტანია ¹137/20002 განკარგულებაში, არ დაუსაბუთებია თუ რითი იყო ამ აქტის მიღება გამოწვეული და არც დალოდებია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ¹137/2002 განკარგულების კანონიერების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ცსკ-ომ ¹28/2002 დადგენილებისა და ¹149/200 განკარგულების მიღებისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53 მუხლის 1-ლი ნაწილი და 182-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ" ქვეპუნქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ცკსოს ¹28/2002 დადგენილებისა და ¹149/2002 განკარგულების მიღებისას ცსკოს მიერ არსებითად არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის «დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული აქტები ბათილად უნდა გამოცხადდეს. შესაბამისად, ბათილია ბათილად ცნობილი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მიღებული ¹151/2002 განკარგულება, როგორც თანმდევი შედეგი.
საკასაციო სასამართლო, ამასთან, ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა" და «დ" ქვეპუნქტების თანახმად, ცსკოს აუცილებლობის შემთხვევაში უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქვემდგომი საარჩევნო კომისიის (მათ შორის საუბნო საარჩევნო კომისიების) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და ცსკოს მიერ შექმნილი სპეციალური ჯგუფისათვის (ჯგუფებისათვის) ამ კომისიის (კომისიების) უფლებამოსილების გადაცემის შესახებ. ცსკო უფლებამოსილია, ასევე, გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ამ კანონის მოთხოვნათა შესრულება, დაამტკიცოს საარჩევნო ღონისძიებათა ახალი ვადა და წესი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სოციალისტური პარტიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს სოციალისტური პარტიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. საქართველოს სოციალისტური პარტიის სარჩელი დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნეს ცნობილი ცსკოს 2002წ. 24 სექტემბრის ¹28/2002 დადგენილება «¹48.01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს _ საკრებულოს ხელახალი არჩევნების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე», 2002წ. 24 სექტემბრის ¹149/2002 განკარგულება «ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალური ჯგუფების შექმნის შესახებ» და 2002წ. 1 ოქტომბრის ¹151/2002 განკარგულება «ცსკოს სპეციალური ჯგუფის შექმნის შესახებ» ცსკოს 2002წ. 24 სექტემბრის ¹149/2002 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე».
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.