¹ 3გ-ად-428-კ-02 25 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს სოციალისტური პარტიის წარმომადგენლის დ. დ.-ის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, საქმეზე _ სოციალისტური პარტიის სარჩელის გამო, საქართველოს ცსკოს მიმართ ცსკოს 2002წ. 1 ოქტომბრის ¹29/2002 დადგენილებისა და ¹152/2002 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 4 ოქტომბერს საქართველოს სოციალისტურმა პარტიამ სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოპასუხე ცსკოს მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 2002წ. 1 ოქტომბერს ცსკომ საარჩევნო კოდექსისა და ცსკოს რეგლამენტის უხეში დარღვევით მიიღო ¹29/2002 დადგენილება, ¹151/2002 და ¹152/2002 განკარგულებები, აგრეთვე, ცსკოს თავმჯდომარემ 1Oოქტომბერს გამოსცა ¹82 ბრძანება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ აღნიშნული დადგენილება, განკარგულებები და ბრძანება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი შემდეგი გარემოებების გამო:
1. ¹29/2002 დადგენილების მიღების საფუძვლად ცსკო უთითებდა ხელახალი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფაზე, რასაც მოსარჩელე არ ეთანხმებოდა, რადგანაც ¹27/2002 დადგენილებით ცსკომ არჩევნების უზრუნველყოფა დაავალა სპეციალურ ჯგუფს 6 წევრის შემადგენლობით და არ არსებობდა არანაირი არგუმენტი იმის დასამტკიცებლად, რომ 6 კაცი ვერ უზრუნველყოფდა არჩევნების ჩატარებას. ამიტომაც საჭირო იყო, ჯგუფს დამატებოდა კიდევ 2 წევრი. საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებდა იმასაც, რომ ცსკო ნებისმიერ დროს ამატებდა ან აკლებდა წევრთა რაოდენობას.
2. ცსკოს ¹29/2002 დადგენილების საფუძვლად მითითებული იყო საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, რომელიც არ ითვალისწინებდა სპეციალური ჯგუფის შემადგენლობაში წევრთა რაოდენობრივი ცვლილების განხორციელებას.
3. საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად საერთოდ სპეციალური ჯგუფის შემადგენლობა უნდა დანიშნულიყო ცსკოს თავმჯდომარის ბრძანებით და არა ცსკოს დადგენილებით.
4. ცსკომ 1 ოქტომბერს ისე მიიღო ¹29/2002 დადგენილება, რომ კომისიის წევრებმა ვერ მიიღეს პასუხი საორგანიზაციო განყოფილებიდან იმის თაობაზე, თუ ვისი წარდგინებით იხილებოდა მ. მ.-ძისა და ა. ქ.-ის კანდიდატურები, რა მონაცემები ჰქონდათ მათ შესახებ. ამით მთლიანად დაირღვა საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები.
5. ცსკომ თავისი ¹27/2002 და შემდგომ ¹29/2002 დადგენილებით ისე შეუწყვიტა უფლებამოსილება ...-ის საოლქო საარჩევნო კომისიას “აუცილებელი შემთხვევის” დასაბუთების გარეშე, რომ დაარღვია საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადის, კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შესაძლებლობისა და სპეციალური ჯგუფის შექმნის ვადის განსაზღვრის შესახებ.
6. ცსკოს ¹151/2002 განკარგულების პირველი პუნქტით შექმნილი იყო სპეციალური ჯგუფების პერსონალური შემადგენლობა, რომლის შექმნას არ ითვალისწინებდა საარჩევნო კოდექსის პრეამბულაში მითითებული 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი. სპეციალური ჯგუფის წევრები საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად ინიშნებოდნენ მხოლოდ ცსკოს თავმჯდომარის ბრძანებით.
7. ცსკოს ¹151/2002 განკარგულების პირველი პუნქტის მიღებით უხეშად დაირღვა საარჩევნო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა საუბნო კომისიის თამჯდომარის არჩევას კომისიის წევრების შემადგენლობიდან თვით კომისიის მიერ და არა ცსკოს განკარგულებით. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საარჩევნო კოდექსი ორგანული კანონია და მისი რომელიმე მუხლის შეცვლა ცსკოს განკარგულებით კანონსაწინააღმდეგო იქნებოდა.
8. სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ დაირღვა აგრეთვე, საარჩევნო კოდექსის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც მოითხოვდა საუბნო კომისიის წევრობის კანდიდატთა წარდგენის წესის განსაზღვრას ცსკოს დადგენილებით, რაც კომისიას არ გაუკეთებია. ამავე დროს, ¹151/2002 განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული იყო, რომ სპეციალური ჯგუფი შექმნილი იყო “საუბნო საარჩევნო კომისიის გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად”.
9. დაბა ...-ის ¹48.01 საარჩევნო უბნისა და პატარა ...-ის ¹48.02 საარჩევნო უბნის თავმჯდომარეებად დანიშნულები იყვნენ ტ. გ.-ე და ზ. ც.-ი, რომლებიც ამავე დროს იყვნენ ცსკოს წევრები და გარდა ამისა, ცსკოს 2002წ. 8 ივლისის ¹25 დადგენილებისა და 2002წ. 22 ივლისის ¹126/2002 განკარგულების შესაბამისად შეყვანილი იყვნენ ქ. თბილისის საკრებულოს 2002წ. 2 ივნისის არჩევნების შედეგების გადამოწმების სპეციალური ჯგუფების შემადგენლობაში, რომლებსაც არ დაუსრულებიათ მათზე დაკისრებული სამუშაო და რისი დროულად დასრულება ეწინააღდეგებოდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ცსკოს ევალებოდა უმოკლეს ვადებში დაესრულებინა ქ.Oთბილისში ჩატარებული არჩევნების შედეგების გადამოწმება და ხელმეორედ შემაჯამებელი ოქმის შედგენა.
10. სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელემ მიუთითა, რომ ცსკომ დაარღვია საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნები, როდესაც ¹151/2002 განკარგულებით დაამტკიცა საარჩევნო უბნებში სხვა 9-9 წევრი ისე, რომ მათზე არ არსებობდა შესაბამისი წარდგინებები, რასაც მოითხოვდა კანონი და არც პერსონალურად გაუცნიათ ისინი ცსკოს სხდომაზე.
11. ცსკომ თავისი ¹151/2002 განკარგულებით დაარღვია ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, როდესაც აღნიშნული განკარგულების მე-2 მუხლში შეცვალა აღნიშნული მუხლის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ კომისიის თავმჯდომარე ირჩევა თვით კომისიის შემადგენლობიდან.
12. საერთოდ გაყალბებული იყო ¹151/2002 განკარგულება, რადგანაც აღნიშნული განკარგულების პროექტში არ არსებობდა მე-2 მუხლი იმ რედაქციით, რაც შემდეგ დაფიქსირებული იყო გაფორმებულ განკარგულებაში, ანუ IVI პუნქტი მიმატებული იყო თვითნებურად და უკანონოდ, სხდომაზე განხილვის გარეშე.
13. ცსკომ უხეშად დაარღვია საარჩევნო კოდექსი, როდესაც 2002წ. 1 ოქტომბრის ¹152/2002 განკარგულების მიღების საფუძვლად მიუთითა კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტზე, რომელიც ითვალისწინებდა საარჩევნო ღონისძიებათა დაწყებისა და დამთავრების დადგენას, გამოქვეყნებას და არა _ ცვლილებების შეტანას, აგრეთვე, საარჩევნო კოდექსის მრავალი მუხლის დარღვევით და მათი უგულებელყოფით არჩევნების გაყალბებას. გარდა ამისა, დაირღვა საარჩევნო კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები, ...-ის არჩევნებისათვის ფულადი სახსრების გამოყოფისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდინარე ანგარიშზე ჩარიცხვის თაობაზე, რომელიც საერთოდ არ გააჩნდა სპეციალურ ჯგუფს.
14. მოსარჩელის მითითებით, არჩევნების ჩატარების ვადად 2002წ. 20 ოქტომბერს განსაზღვრა იყო უკანონო, რადგანაც ხელახალი არჩევნები, რომელიც დანიშნული იყო 29 სექტემბერს, არ ჩატარებულა, ხოლო საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში ¹152/2002 განკარგულებაში საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევით განზრახ შემცირებული იყო მრავალ ღონისძიებათა ვადა არჩევნების დღესთან მიმართებაში, კერძოდ, დაირღვა კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი.
15. ცსკოს თავმჯდომარემ ჯ. ლ.-მ უხეშად დაარღვია საარჩევნო კოდექსი, როდესაც თავის 2002წ. 1 ოქტომბრის ¹82 ბრძანებით დაინიშნა სპეციალური ჯგუფების თავმჯდომარეები. ეს ეწინააღდეგებოდა საარჩევნო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტების, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 პუნქტების, მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის უხეში დარღვევების გამო, საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული წესის უზრუნველყოფისათვის მოსარჩელემ ითხოვა ცსკოს 2002წ. 1 ოქტომბრის ¹29/2002 დადგენილების, ¹151/2002 და ¹152/2002 განკარგულებებისა და ცსკოს თავმჯდომარის 1Oოქტომბრის ¹82 ბრძანების ბათილად ცნობა.
2002წ. 7 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ საქართველოს სოციალისტური პარტიის სარჩელი განსჯადობით განსახილვევლად გადაუგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 9 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სოციალისტური პარტიის სასარჩელო განცხადება ცსკოს მიმართ, საქართველოს საარჩევნო კომისიის 2002წ. 1 ოქტომბრის ¹29/2002 დადგენილების, 2002წ. 1 ოქტომბრის ¹152/2002 განკარგულებისა და ცსკოს თავმჯდომარის 2002წ. 1 ოქტომბრის ¹82 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე; უარი ეთქვა საქართველოს სოციალისტურ პარტიას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ცსკოს 2002წ. 1 ოქტომბრის ¹151/2002 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში; არ დაკმაყოფილდა საქართველოს სოციალისტური პარტიის შუამდგომლობა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების – ცსკოს 2002წ. 1 ოქტომბრის ¹29/2002 დადგენილების, ¹152/2002 განკარგულებისა და ცსკოს თავმჯდომარის 2002წ. 1 ოქტომბრის ¹82 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
აღნიშნულ საქმეზე 2002წ. 16 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ მიიღო განჩინება, რომლის საფუძველზე წინამდებარე საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო საქართველოს სოციალისტური პარტიის სარჩელი ცსკოს მიმართ, ცსკოს თავმჯდომარის 2002წ. 1 ოქტომბრის ¹82 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეჩერდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ 2002წ. 7 ოქტომბერს განხილულ ¹3ა/428 საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სასამართლო კოლეგიამ 2002წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საქართველოს სოციალისტური პარტიის სარჩელი.
საქართველოს სოციალისტურმა პარტიამ თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საკასაციო საჩივარში კასატორმა მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა, რასაც ასაბუთებს შემდეგი გარემოებებით:
სასამართლომ კანონის უხეში დარღვევით არ შეაჩერა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების მოქმედება, რასაც ითვალისწინებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილი, სადაც მითითებული იყო, რომ «სარჩელის წარდგენა სასამართლოში აჩერებს მოქმედებას”. რაც შეეხება იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებს, მას საერთო არ ჰქონდა სასამართლოს მიერ მითითებულ გარემოებებთან.
სასამართლო კოლეგიამ სრული იგნორირება გაუკეთა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ცსკოს მიერ მიღებული ¹29/2002 დადგენილება უშუალო და პირდაპირ ზიანს აყენებდა საქართველოს სოციალისტურ პარტიას, რადგანაც სპეციალური ჯგუფის შემადგენლობაში არ იყო შეყვანილი სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი, მაშინ, როდესაც ...-ის ¹48 საოლქო საარჩევნო კომისიაში 2000 წლიდან მუშაობდა კომისიის წევრი, სოციალისტური პარტიის მიერ დანიშნული ლ. გ.-ი.
სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა ის, რომ ¹29/2002 დადგენილებით ცსკომ სპეციალური ჯგუფის შემადგენლობას დაამატა კიდევ 2 წევრი, რასაც არ ითვალისწინებდა საარჩევნო კოდექსის არც ერთი მუხლი და იყო კანონსაწინააღმდეგო ქმედება.
¹29/2002 დადგენილების საფუძვლად ცსკო მიუთითებდა საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტზე, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა კავშირი სპეციალური ჯგუფის წევრთა რაოდენობის ან მომატებასთან ან დაკლებასთან.
სასამართლო კოლეგიამ არ მიიღო მხედველობაში ის, რომ სპეციალური ჯგუფის შემადგენლობას თავის ბრძანებით ღებულობდა ცსკოს თავმჯდომარე და არა _ ცსკო თავისი დადგენილებით.
სასამართლო კოლეგიამ იგნორირება გაუკეთა იმ ფაქტს, რომ ¹29/2002 დადგენილებით უკანონოდ დამატებულ ჯგუფის წევრზე არ არსებობდა მისი წარდგინების არანაირი საბუთი, რითაც დაირღვა “ნორმატიული აქტების შესახებ” ორგანული კანონის მოთხოვნები, აგრეთვე, საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები.
სასამართლო კოლეგიამ სრული იგნორირება გაუკეთა სოციალისტური პარტიის მტკიცებულებებს იმის თაობაზე, რომ 2002წ. 1 ოქტომბრის ¹152/2002 განკარგულების მიღებით ცსკომ უშუალო და პირდაპირი ზიანი მიაყენა საქართველოს სოციალისტურ პარტიას, რადგანაც ხსენებულ განკარგულებაში ფიგურირებდა ხელახალი არჩევნების ახალი ვადა – 15-20 ოქტომბერი.
სასამართლომ იგნორირება გაუკეთა იმ ფაქტს, რომ ¹152/2002 განკარგულების თითოეული პუნქტი შედგენილი იყო საარჩევნო კოდექსის მრავალი მუხლის უხეში დარღვევით, თვითნებურად შეცვლილი იყო სხვადასხვა ჩასატარებელ ღონისძიებათა ვადები არჩევნების დღესთან მიმართებაში. კასატორმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ ¹152/2002 განკარგულება საარჩევნო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად იყო ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი და მას ორგანულ კანონთან მიმართებაში არ გააჩნდა უპირატესი უფლება.
სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა ის მტკიცებულება, რაც მოსარჩელემ წარუდგინა სასამართლოს იმის თაობაზე, რომ 16 ოქტომბრის მდგომარეობით ფინანსთა სამინისტროს არ ჰქონდა ჩარიცხული ცსკოში დაბა ...-ში დანიშნული ხელახალი არჩევნებისათვის მოთხოვნილი საბიუჯეტო თანხები, რითაც დაირღვა საარჩევნო კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები. ამის გამო შეუძლებელი ხდებოდა არჩევნების ჩატარება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ 2002წ. 16 ოქტომბერს გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილება.
2002წ. 25 ოქტომბერს საქართველოს სოციალისტური პარტიის წარმომადგენელმა დ. დ.-მ დაზუსტებული საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და აღნიშნა, რომ ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ცსკოს 2002წ. 24 სექტემბრის ¹28/2002 დადგენილება «დაბა ...-ის ¹48.01 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს _ საკრებულოს ხელახალი არჩევნების შესახებ ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე», 2002წ. 24 სექტემბრის ¹149/2002 განკარგულება «ცსკოს სპეციალური ჯგუფების შექმნის შესახებ» და 2002წ. 1 ოქტომბრის ¹151/2002 განკარგულება «ცსკოს სპეციალური ჯგუფის შექმნის შესახებ» ცსკოს 2002წ. 24 სექტემბრის ¹149/2002 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე».
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი თვლის, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ცსკოს 2002წ. 1 ოქტომბრის ¹152/2002 განკარგულება და 2002წ. 1 ოქტომბრის ¹29/2002 დადგენილება.
იმავე დღეს, 2002წ. 25 ოქტომბერს საქართველოს სოციალისტური პარტიის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომლითაც უარი ეთქვა საქართველოს სოციალისტურ პარტიას საკასაციო საჩივარზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, იმსჯელა მის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა შეწყდეს საკასაციო წარმოებაც.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ს 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც კოდექსის აღნიშნული თავი შეიცავს, ხოლო ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, კოდექსის ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ს 272-ე მუხლის «გ» პუნქტი, რომლის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
სსკ-ს მე-7 მუხლის თანახმად, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, საკასაციო წარმოება უნდა შეწყდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მე-7 მუხლებით, 272-ე მუხლის «გ» პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს სოციალისტური პარტიის განცხადება, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
2. მოცემულ საქმეზე შეწყდეს საკასაციო წარმოება.
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.