Facebook Twitter

¹ 3გ/ად 6-02 16 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

თავმჯდომარე ნ. კლარჯეიშვილი

მსაჯულები: ი. ბუხნიკაშვილი,

შ. მამფორია

დავის საგანი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 13 მაისის ¹47/2002 განკარგულება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002 წლის 15 მაისს მოსარჩელე – პოლიტიკური გაერთიანება «ს.-ის» საორგანიზაციო კომიტეტმა სარჩელი აღძრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოპასუხე – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ცსკოს 2002 წლის 13 მაისის ¹47/2002 განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის «პ» ქვეპუნქტისა და 120-ე მუხლის მე-6 პუნქტის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცსკოში რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ ზ. ჟ-სა და გ. კ-ს ხელმოწერით პოლიტიკური ორგანიზაცია «ს.-ის» სახელით შეტანილ პარტიულ სიებს.

.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა სარჩელისა და საქმის მასალების გაცნობის, სარჩელის დასაშვებობისა და განსახილველად წარმოებაში მიღების საკითხის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გაერთიანება «ს.-ის» საორგანიზაციო კომიტეტის სარჩელი საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია განსჯადობის დარღვევით და იგი განსახილველად ექვემდებარება საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

1. მოსარჩელე ითხოვს ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის, საქართველოს ცსკოს 2002 წლის 13 მაისის ¹47/2002 განკარგულების ბათილად ცნობას «2002 წლის 2 ივნისის ქ.თბილისის საკრებულოს არჩევნებისათვის «ს.-ის» გ. კ-ს და ზ. ჟ-ს ხელმოწერით წარმოდგენილი პარტიული სიების რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის შესახებ», რომლითაც «ს.-ის» სახელით წარდგენილ პარტიულ სიებს ცსკ-ში რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის «პ» ქვეპუნქტისა და 120-ე მუხლის მე-6 პუნქტის «ე» ქვეპუნქტის საფუძველზე. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტი ეხება თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციაზე უარის თქმას;

2. საქართველოს ორგანული კანონი «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 77-ე მუხლის, რომელიც საარჩევნო დავების განხილვის წესსა და პროცედურას განსაზღვრავს, 23-ე პუნქტი იმპერატიულად ადგენს: «ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობი კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ცენტრალური ან საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო სასამართლოში, რომელიც 3 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას. იგი 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც 3 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება».

განსახილველი დავის შემთხვევაში, «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 118-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მოსარჩელე პოლიტიკური გაერთიანება «ს.-ის» საორგანიზაციო კომიტეტმა პარტიული სია წარადგინა საქართველოს ცსკოში, რომელიც ამავე კოდექსის 115-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თბილისის საკრებულოს არჩევნებისას ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციებს და 120-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით, პარტიული სიის წარდგენიდან 5 დღის ვადაში წყვეტს პარტიული სიის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის საკითხს;

3. საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობი კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ ცსკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები საჩივრდება შესაბამის საოლქო სასამართლოში, თანახმად, «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 77-ე მუხლის 23-ე ნაწილისა, რომელიც სამართლებრივად სპეციალური ნორმაა და იმპერატიულად ადგენს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ცსკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებათა სასამართლოში გასაჩივრების წესს.

ვინაიდან, სადავო ადმინისტრაციული აქტი – საქართველოს ცსკოს ¹47/2002 განკარგულება სწორედ ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნებისათვის «ს.-ის» საორგანიზაციო კომიტეტის მიერ წარდგენილი პარტიული სიების რეგისტრაციას ეხება, «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» ზემოაღნიშნული 77-ე მუხლის 23-ე ნაწილის მიხედვით, პოლიტიკური გაერთიანება «ს.-ის» საორგანიზაციო კომიტეტის სარჩელი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსჯადობის დარღვევითაა შემოტანილი, საქართველოს ცსკოს მითითება სადავო აქტის საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებაზე უმართებულოა, სარჩელი განსახილველად ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, რომელსაც საქმე განსჯადობით გადაეგზავნება, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილისა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 26-ე მუხლის I-II ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-286-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პოლიტიკური გაერთიანება «ს.-ის» საორგანიზაციო კომიტეტის სარჩელი, საქმის მასალებთან ერთად განსახილველად განსჯადობით გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;

2. უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები დაეგზავნოთ მხარეებს;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.