3გ/ად 173-კ-02 9 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ხარჯების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელე ე. ბ.-ი 1991 წლიდან 1998 წლამდე მუშაობდა დედოფლისწყაროს რაიონის ...-ის სახელმწიფო სადგურის დირექტორად. სხვა თანამშრომლებთან ერთად მის დაქვემდებარებაში იყო ორი დარაჯი, რომელიც ხელფასს იღებდა კოლმეურნეობიდან გადმორიცხული თანხებით. კოლმეურნეობის დაშლის შემდეგ სადგურში მოხდა თანამშრომელთა შემცირება, რის საფუძველზეც გაუქმდა დარაჯის შტატი. იმის გამო, რომ აუცილებელი იყო ...-ის სადგურის შენობა-ნაგებობებისა და იქ არსებული ქონების დაცვა, ე. ბ.-მ ხელშეკრულებით აიყვანა ორი დარაჯი, რაზეც გამოსცა სათანადო ბრძანება, რომლის თანახმად, ე. ბ.-ი კისრულობდა ვალდებულებას გაწეული სამსახურის სანაცვლოდ, საკუთარი ხარჯებით აენაზღაურებინა დარაჯებისათვის ხელფასი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ე. ბ.-მ დარაჯებისათვის ხელფასისა და სხვა საჭირო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად გაიღო გარკვეული ხარჯები.
1998 წელს გაუქმდა დედოფლისწყაროს ...-ის სადგური და იგი გადატანილი იქნა სხვა რაიონში. გაუქმებული სადგურის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1998წ. 26 იანვრის ¹2-45 ბრძანებით გადავიდა დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში.
2000წ. 26 ივნისს ე. ბ.-მ სარჩელით მიმართა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ 1992 წლიდან 1998 წლამდე პერიოდში მან დარაჯებზე ხელფასისა და სხვა ხარჯების სახით გასცა 8322 ლარი, რაც ინფლაციის გათვალისწინებით შეადგენს 11723 ლარს. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ დარაჯების დაქირავება მოხდა მეცხოველეობის დეპარტამენტთან სიტყვიერი შეთანხმებით, რომლებიც თანახმანი იყვნენ აენაზღაურებინათ მისთვის გაწეული ხარჯები, მაგრამ მათ დანაპირები არ შეუსრულებიათ. სადგური შეტანილია სახელმწიფო ქონების 2000წ. საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში, ამიტომ მოსარჩელემ სახელმწიფო ქონების მართვის დედოფლისწყაროს სამმართველოსაგან მოითხოვა 11723 ლარის ანაზღაურება ...-ის სადგურის ქონების პრივატიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან.
სახელმწიფო ქონების მართვის დედოფლისწყაროს სამმართველომ არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ ...-ის სახელმწიფო სადგური იმყოფებოდა სრულ სამეურნეო ანგარიშზე, რის გამოც სადგურის დირექციას ხარჯები უნდა გაეღო შემოსავლების პროპორციულად. მოსარჩელეს დარაჯების დაქირავების საკითხი არ შეუთანხმებია კომპეტენტურ ორგანოებთან და მას ამის თაობაზე არ გამოყოფია სათანადო თანხები.
დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს 2000წ. 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით სამოქალაქო კოდექსის (1997წ.) 969-974-ე მუხლების საფუძველზე, სარჩელი დაკმაყოფილდა. დედოფლისწყაროს ქონების მართვის სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11723 ლარის გადახდა. რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
აღნიშნული საქმე რამდენჯერმე იქნა განხილული სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ. საბოლოოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 აპრილის ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების მართვის დედოფლისწყაროს სამმართველოს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ე. ბ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საოლქო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
1. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოს იგი არასათანადო მოპასუხეა, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით, ...-ის სახელმწიფო სადგურის შენობა-ნაგებობების მესაკუთრეა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და აღნიშნული ობიექტების პრივატიზებას ახორციელებს მისი ტერიტორიული ორგანო;
2. საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 1992 წლიდან, რის გამოც მოცემული დავის განხილვისას გამოყენებული უნდა იქნეს 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსი. ე. ბ.-მა დარაჯები დაიქირავა და ხელფასი გადაუხადა შესაბამის სამინისტროებთან შეთანხმების გარეშე მაშინ, როცა 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსი დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების ინსტიტუტს არ ითვალისწინებდა. მოსარჩელე ასევე არ იქნებოდა ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 427-ე მუხლით გათვალისწინებული შენახვის ხელშეკრულების მხარე, ვინაიდან იგი სადგურის დირექტორი იყო. ამასთან, ამავე კოდექსის 428-ე მუხლის თანახმად, შენახვის ხელშეკრულება, თუ ჩაბარებული ქონების ღირებულება 100 მანეთს აღემატებობა, დადებული უნდა ყოფილიყო წერილობითი ფორმით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია;
3. საოლქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მხრიდან ადგილი რომც ქონოდა დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებას, მაშინ 1997წ. სკ-ს 971-ე და 974-ე მუხლების შესაბამისად, იგი ვალდებული იქნებოდა ეცნობებინა მეპატრონისათვის მისი საქმეების შესრულების შესახებ. მოსარჩელეს კი არც სახელმწიფო ქონების მართვისა და არც სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ამის თაობაზე არ უცნობებია;
4. საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. ბ.-ის მიერ საქმეზე წარმოდგენილი ქონების დაცვისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი აქტები დაინტერესებულ პირთა მიერაა შედგენილი, რომლებიც არ ასახულან საბუღალტრო დოკუმენტებში და ამიტომ მტკიცებულების ძალა არ გააჩნიათ.
თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ე.ბ.-ი, რომელიც შემდეგი მოტივით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და მისი სარჩელის დაკმაყოფილებას:
1. კასატორი მიუთითებს, რომ დარაჯებთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მან სიტყვიერად აცნობა როგორც რაიონის ქონების მართვის სამმართველოს, ისე მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტს. ვარაუდობდა, რომ მათგან აუნაზღაურდებოდა გაწეული ხარჯები, მაგრამ 1999წ. 13 სექტემბერს ოფიციალურად ეცნობა ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ. კასატორის განმარტებით, მან თავისი უფლებების დარღვევის შესახებ შეიტყო სწორედ ამ წერილის საფუძველზე ე.ი. 1999 წლიდან, ამიტომ მოცემული საქმის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს არა 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსი, არამედ 1997წ. სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ეხება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებას, კერძოდ, 969, 971-974-ე მუხლები;
2. კასატორის აზრით, სახელმწიფო ქონების მართვის დედოფლისწყაროს სამმართველოს კიდევაც რომ ეთქვა უარი მის მიერ დარაჯის დაქირავებაზე, ასეთი უარი სკ-ს 974-ე მუხლის თანახმად იქნებოდა კანონსაწინააღმდეგო, რადგან ყველასათვის აშკარაა, რომ სადგურის შენობა-ნაგებობების დაცვა აუცილებელი იყო მის გადასარჩენად. ამიტომ მას სკ-ს 973-ე მუხლის შესაბამისად, აქვს გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
მოწინაარმდეგე მხარეებმა _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დედოფლისწყაროს სამმართველოსა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წარმომადგენლებმა ე. ბ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებულობის მოტივით არ ცნეს, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სარჩელში მითითებილი ხარჯებისა და დარაჯების ხელფასის შესახებ ე. ბ.-ს არ შეუთანხმებია მათ სამსახურთან, მათთვის უცნობი იყო კასატორის მიერ აღნიშნული ხარჯების გაწევის შესახებ, რადგან ხარჯები ბუღალტრულად არ აისახებოდა სადგურის ბალანსებსა და სხვა ბუღალტრულ დოკუმენტებში, რაც თავად კასატორმაც დაადასტურა და საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული დედოფლიოსწყაროს ცხოველთა ...-ის სახელმწიფო სადგურის საშტატო განრიგი და განმარტა, რადგან სამინისტრო აფინანსებდა მხოლოდ ოთხი თანამშრომლის (დირექტორი, ბუღალტერი, ზოოტექნიკოსი და მძღოლი) ხელფასს და დარაჯის ხელფასი კი თვითდაფინანსების, კოლმეურნეობიდან შემოსული თანხებით ფინანსდებოდა, ამიტომ ე. ბ.-ს სამინისტროსთან არ შეუთახნებია და არ უცნობებია დარაჯების ხელფასზე გაწეული ხარჯების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ბ.-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი ე. ბ.-ი სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსაგან და სახელმწიფო ქონების მართვის დედოფლისწყაროს სამმართველოსაგან ითხოვს 1992 წლიდან 1998 წლამდე პერიოდში ...-ის სახელმწიფო სადგურის დასაცავად დარაჯებისათვის გაცემული ხელფასისა და სხვა ხარჯების ანაზღაურებას 11723 ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი და საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვისას კასატორმაც დაადასტურა აღნიშნული ხარჯების მოპასუხე – სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსათვის შეუთანხმებლობის ფაქტი, რადგან სამინისტროსაგან ფინანსდებოდა სადგურის მხოლოდ 4 შტატის (თანამშრომლის) ხელფასი, ხოლო დარაჯების ხელფასის წყაროს თვითდაფინანსება, კოლმეურნეობებიდან შემოსული თანხები წარმოადგენდა.
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მოთხოვნა საკუთარი ინიციატივით გაწეული ხარჯების მოპასუხეებისაგან ანაზღაურებაზე, რადგან კასატორი თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ვერ უთითებს მის მიმართ მოპასუხეების ვალდებულების წარმოშობის რაიმე სამართლებრივ საფუძველს. კერძოდ, რადგან მოსარჩელე ითხოვდა 1998 წლამდე სადგურის დასაცავად (შესანახად) გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, სააპელაციო პალატამ, სკ-ს 1507-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად გამოიყენა იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წ.), რომელიც დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების სამართლებრივ ინსტიტუტს არ ითვალისწინებდა. მართალია, აღნიშნული კოდექსის 429-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს ქონების მიმბარებლის მოვალეობას ქონების შენახვისათვის შემნახველის მიერ გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების შესახებ, მაგრამ აღნიშნული ნორმა კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება, რადგან კოდექსის 428-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს მოწინააღმდეგე მხარეთა და კასატორს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულება სადგურის შენახვაზე და ვერც იარსებებს, რადგან კასატორი ე. ბ.-ი იყო ამ სადგურის დირექტორი და მის უმთავრეს სამსახურებრივ მოვალეობას სწორედ სადგურის შენახვა და დაცვა შეადგენდა.
ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივარს სააპელაციო პალატის მიერ დავის გადასაწყვეტად 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის უსწოროდ გამოყენების თაობაზე, მაგრამ თუნდაც გაეზიანებინა კასატორის ეს არგუმენტი, ე. ბ.-ის მოქმედება სამართლებრივად არ ჩაითვლება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებად, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში კასატორის მიერ დარღვეულია სკ-ს (1997წ.) 971-ე მუხლის იმპერატიული ვალდებულება მეპატრონის შეტყობინების შესახებ, რომლის თანახმადაც: «შემსრულებელი ვალდებულია პირველ შესაძლებლობისთანავე აცნობოს მეპატრონეს, რომ იკისრა საქმის შესრულება». საქმის მასალების მიხედვით ირკვევა და კასატორმაც დაადასტურა რომ 1992-97 წლებში მის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ წერილობით არ შეუტყობინებია სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსათვის, ხარჯები არ იყო ასახული სადგურის ბუღალტურ დოკუმენტაციაში, რაც 972-ე მუხლის უხეში დარღვევაცაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ იზიარებს ე. ბ.-ის საკასაციო საჩივარს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლისა და მიაჩნია, რომ უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და რომელიც მიღებულია საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასებისა და სამართლის ნორმების მართებული გამოყენება-განმარტებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება;
3. ე. ბ.-ს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 468 ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.