Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/დ-157-კ-01 22 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის ¹668 ბრძანებულება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 1 ნოემბერს სახაზინო საწარმო «ს.» შრომითი კოლექტივის წევრებმა სარჩელით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ¹668 ბრძანებულებაში საჯარო სამართლის იურიდილ პირად გარდასაქმნელი ინსტიტუტების შემადგენლობიდან სახაზინო საწარმო «ს.» ამორიცხვა და მითითებული პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვეს. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ ზემოხსენებული აქტი ეწინააღმდეგებოდა კანონს და ზიანს აყენებდა მათ კანონიერ ინტერესებს. ამასთან, «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» კანონის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას კოლექტიურ, სამართლებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო მიზნებისათვის. სახაზინო საწარმო «ს.» საქმიანობის ძირითად სფეროს კი სამეწარმეო საქმიანობა წარმოადგენდა. ამასთან, «მეწარმეთა შესახებ» კანონის შესაბამისად სახაზინო საწარმოები უნდა გარდაქმნილიყვნენ ამავე კანონით გათვალისწინებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებად ან სააქციო საზოგადოებებად, თუმცა კანონით აღნიშნული მოთხოვნა დაცული არ ყოფილა. ამდენად, მოსარჩელეებმა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის ბრძანებულების შესაბამისი პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვეს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ «მეწარმეთა შესახებ» კანონის 70-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ სახაზინო საწარმოს დამფუძნებელი გადაწყვეტს განაგრძოს თუ არა სახაზინო საწარმოს მეშვეობით სამეწარმეო საქმიანობა და კანონი მითითებული საკითხის გადაწყვეტისას არ ავალდებულებს დამფუძნებელს განაგრძოს შპს-ად ან სს-ის სახით საქმიანობა. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახაზინო საწარმოს გარდაქმნის საკითხის გადაწყვეტისას მოსარჩელეთა (საწარმოს თანამშრომელთა) ნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამასთან, მოსარჩელეებს გაშვებული ჰქონდათ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების 3 თვიანი ვადა. ამდენად, მოპასუხემ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია. სარჩელი არ ცნო არც საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით საწარმო «ს.» შრომითი კოლექტივის წევრებს თანამშრომლებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ. საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა შემდეგზე: სახელმწიფომ მართებულად გამოიყენა «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და საწარმო «ს.» გარდაიქმნა არა შპს-ად ან სს-ად, როგორც მოსარჩელეები ითხოვდნენ, არამედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ «მეწარმეთა შესახებ» კანონი 1999 წლის 1 სექტემბრამდე სახაზინო საწარმოთა მეწარმე სუბიექტად გარდაქმნის შესაძლებლობას ითვალისწინებდა და მითითებული დამფუძნებლის ვალდებულებას არ გულისხმობდა. საოლქო სასამართლომ აქვა დაამატა, რომ მოსარჩელეები საერთო სასარჩელო წესით პირდაპირი მიყიდვის წესით «ს.» პრივატიზების უფლების აღდგენას მოითხოვდნენ; მითითებული საქმის წარმოება კი მათი მოთხოვნით იყო შეჩერებული წინამდებარე საქმის განხილვამდე. მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს უწინარესად პრივატიზების საკითხის განხილვასა და წარმოდგენილი ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერებაზე. ამდენად, რადგან წინამდებარე დავაში მოსარჩელეები საწარმო «ს.» დაკავშირებული არიან მხოლოდ შრომითი ურთიერთობებით, საწარმოს გარდაქმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს თანამშრომელთა ინტერესებს.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საწარმო «ს.» შრომითი კოლექტივის წევრებმა: ვ.უ-ემ და სხვებმა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და ამასთან, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსაგან საწარმო «ს.» კერძო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნა მოითხოვეს.

საკასაციო პალატაში საქმის განხილვისას კასატორებმა განცხადებით მიმართეს საკასაციო სასამართლოს და ითხოვეს, რომ რადგან პრეზიდენტის 2002 წლის 20 მარტის ¹118 ბრძანებულებით მათი სასარჩელო მოთხოვნა საწარმო «ს.» საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნის ნაწილში პრეზიდენტის ¹668 ბრძანებულების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა და მითითებული საწარმო ამოირიცხა შესაბამისი სიიდან, დავის საგანი აღარ არსებობდა. ამდენად, კასატორებმა უარი თქვეს სარჩელზე და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს.

მოპასუხეებმა მხარი დაუჭირეს საქმის შეწყვეტას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საწარმო «ს.» შრომითი კოლექტივის წევრთა შუამდგომლობას სარჩელზე უარის თქმის შესახებ და თვლის, რომ მოცემულ ადმინისტრაციულ დავაზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად (დისპოზიციურობის პრინციპი) მხარეები თავად იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თავადვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. მართალია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განსხვავებით ზემოაღნიშნული ნორმისა, დადგენილია, რომ «ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას», მაგრამ მოცემულ შემთხვევაზე იგი ვერ გავრცელდება, რადგან სარჩელზე უარი განაცხადა არა ადმინისტრაციულმა ორგანომ, არამედ ფიზიკურმა პირებმა. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლისა და 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეწყვიტოს საქმის წარმოება, რადგან მოსარჩელე ფიზიკურმა პირებმა: ვ. უ-ძემ, ი. ხ-იანმა, თ. ფ-ძემ, თ. მ-შვილმა და მ. ე-შვილმა უარი თქვეს სარჩელზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით,. 273-ე და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.

2. დაკმაყოფილდეს საწარმო «ს.» შრომითი კოლექტივის წევრთა სარჩელზე უარის თქმის შესახებ შუამდომლობა და შეწყდეს საქმის წარმოება.

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.