3კ/ად-13-კ-ს-02 10 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე,)
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ბინის პრივატიზაციის გაუქმება და სახლის 1/5-ის კანონიერ მფლობელეობაში დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
1996 წლის 12 ნოემბერს თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს მიმართა მ. ჯ-მ და მოპასუხედ ¹59 სახლმმართველობა, ხოლო მესამე პირად ¹... სანოტარო კანტორა დაასახელა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ თბილისში, ... მდებარე სადავო ბინა 1920 წლიდან მისი ბებიის _ მ. ჯ-შის საკუთრებაში იყო. 1942 წელს სახლის 1./5 გირაოთი გადაეცა პ. მ-ძეს, რომელმაც მითითებული ფართი უკანონოდ აღრიცხა ტექინვენტარიზაციის ბიუროში თავის სახელზე. სადავო ბინაში მდგმურის უფლებით მცხოვრებმა დ. ც-ძემ მოახდინა ბინის 1/5 პრივატიზება თავის სახელზე. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მ. ჯ-მ პრივატიზების გაუქმება და ფართის მის სახელზე აღრიცხვა მოითხოვა. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 10.12.96წ. გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ზედამხედველობის წესით პროტესტის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 12.02.98 წლის დადგენილებით გაუქმდა თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 10.12.96წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის დადგენილების მიღებამდე, მ. ჯ-მ სარჩელით მიმართა თბილისის მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და დ. ც-ძის ფართიდან გამოსახლება მოითხოვა. მოპასუხე ც-ძემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში და დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების აღდგენა, ტექინვენტარიზაციის ბიუროში სახლის 1/5-ის მის სახელზე აღრიცხვა და მ. ჯ-ისათვის მორალური და მატერიალური ზიანის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ჯ-ის ძირითადი სარჩელი, გაუქმდა მთაწმინდის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო უბანსა და დ. ც-ძეს შორის 215.05.95წ. დადებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება. მ. ჯ-ი ცნობილ იქნა სადავო ბინის 1/5 ფართის მესაკუთრედ და ძალაში დარჩა ტექაღრიცხვის ბიუროში მ. ჯ-ის სახელზე არსებული რეგისტრაცია. ამასთან, მ. ჯ-ის სარჩელი დ. ც-ძის ბინიდან და დამხმარე სათავსოდან გამოსახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ასევე სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა დ. ც-ძის შეგებებული სარჩელი.
დ. ც-ძის საკასაციო საჩივრის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს 09.06.98 წ. განჩინებით თბილისის მთაწმინდის რაიონის 23.04.98წ. გადაწყვეტილება დ. ც-ძის ბინიდან გამოსახლებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად, ხოლო დანარჩენ ნაწილში გაუქმდა და დაბრუნდა ხელახლა განსახილველად.
თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის მოთხოვნას მოპასუხე ც-ძის ბინიდან გამოსახლებისა და პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე უარი ეთქვა. დაკმაყოფილდა დ. ც-ძის შეგებებული სარჩელი. ც-ძე ცნობილ იქნა სადავო ფართის თანამესაკუთრედ, აღდგა ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულება, ხოლო მ. ჯ-ისაგან მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ზემომითითებული გადაწყვეტილება მ. ჯ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა მიუთითა, რომ ძირითადი სარჩელის არსებობისას შეგებებული სარჩელის განხილვა დაუშვებელი იყო. ამასთან, კრწანისის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ჯ-ის სადავო ფართის 1/5 წილის მესაკუთრედ ცნობისა და შესაბამისი ფაქტის ტექინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრაციის თაობაზე უკვე აღსრულებული იყო და კანონი აღსრულების შებრუნების შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა. მ. ჯ-მ საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
თბილისის საოლქო საამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 15 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 17.02.200წ. გადაწყვეტილება მ. ჯ-ის სარჩელის გამო თბილისში, ... მდებარე სახლი 1/5-ის დ. ც-ძის სახელზე პრივატზაციის გაუქმებისა და ამ ბინიდან მოპასუხე ც-ძის გამოსახლების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად და ტექინვენტარიზაციის ბიუროს დაევალა საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლიელებების შეტანა.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 15.05.2000წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა იგივე საფუძვლებით მ. ჯ-მ და განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. საქმის განხილვის პროცესში კასატორმა საქმის გადაცემა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატისათვის ითხოვა. შუამდგომლობაზე უარის თქმის შემდეგ მ. ჯ-მ განსჯადობის წესების დარღვევის გამო საოლქო სასამართლოს 2000 წლის 1 მაისის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2001 წლის 13 თებერვლის განჩინებით მიიჩნია, რომ პრივატიზების შესახებ დავა არა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის, არამედ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განსჯადი იყო, საკასაციო სასამართლომ არაგანსჯადი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მთლიანად გააუქმა და აქვე მიუთითა, რომ საქმეში ჩართული უნდა ყოფილიყო 1995 წელს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების კონტრაჰენტი _ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს წარმომადგენელი, მე-3 პირად კი _ პრივატიზაციის ხელშეკრულების დამმოწმებელი _ ¹... სანოტარო კანტორის ნოტარიუსი.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 3 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობა.
2002 წლის 4 თებერვალს მ. ჯ-მ კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 3 იანვრის განჩინებაზე და მიუთითა, რომ საოლქო სასამართლომ, მიუხედავად მისი მრავალი თხოვნისა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ იგი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა პრივატიზაციის საკითხის განხილვასა და საქმეში მესამე პირად მთაწმინდა-კრწანისის გამგეობის ჩართვას. კერძო საჩივრის ავტორი აქვე მიუთითებს, რომ სადავო ბინა კომუნალურ ფართში არსაოდეს ყოფილა ჩარიცხული და საქმეში მესამე პირად გამგეობის ჩართვით ილახებოდა მისი ინტერესები.
2002 წლის 5 თებერვლის განჩინებით მ. ჯ-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მესამე პირად ჩართვაზე გამოტანილი განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 3 იანვრისა და 5 თებერვლის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კერძო საჩივარი დაუშვებელია და მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია საქმეში მესამე პირად ჩააბას ის პირი, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განჩინება პირის საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ არ გასაჩივრდება. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიიჩნია მ. ჯ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლად. ამდენად, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 3 იანვრისა და 5 თებერვლის განჩინებები.'
ამასთან, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 13 თებერვლის განჩინებაში საუბარი იყო საქმეში ჩართულიყო 1995 წლის პრივატიზაციის ხელშეკრულების კონტრაჰენტი _ ადგილობრივი მმართველობის ორგანო, ხოლო მესამე პირად _ სანოტარო კანტორის ნოტარიუსი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებდა საქმეში თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის მოპასუხედ ჩართვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და მე-16 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 3 იანვრისა და 5 თებერვლის განჩინებები.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.