3კ/ად-45-კს-01 26 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: აღსრულების გადადება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 12.12.2000წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. მ-ოვის სარჩელი და თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობას დაევალა ქ. თბილისში, ..... მდებარე მოსარჩელის ბინაში არსებული კიბის უჯრედის, სამზარეულოსა და სანიტარული კვანძის აღდგენა.
ზ. გ-იამ 09.03.01წ. განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 12.12.2000წ. კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 04.04.01წ. განჩინებით ზ. გ-იას განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. გ-იამ. ამასთან, 24.04.01წ. განცხადებით მან მოითხოვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 04.06.01წ. განჩინებით ზ. გ-იას განცხადება დაკმაყოფილდა, შეჩერდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულება საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ თბილისში, ..... მდებარე, კიბის უჯრედის, სამზარეულოსა და სანკვანძის აღდგენითი სამუშაოების განხორციელების შედეგად შესაძლებელია შეილახოს ამავე მისამართზე მცხოვრები ზ. გ-იას უფლებები და კანონიერი ინტერესები.
სააპელაციო პალატის 04.06.01წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. მ-ოვის მიერ. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულება არანაირად არ ლახავს მეორე სართულზე მცხოვრებ ზ. გ-იას უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. 1987 წლის ექსპერტიზის დასკვნა სადაც დაფიქსირებულია სამშენებლო წესებისა და ნორმების უხეში დარღვევა და რაზედაც დაფუძნებულია გასაჩივრებული განჩინება აშკარად შეუსაბამოა რეალურ ვითარებასთან. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ კიბის უჯრედი, რომლის საშუალებითაც სარგებლობს მეორე სართულზე მცხოვრები ზ. გ-ია შეესაბამება არსებულ სამშენებლო წესებსა და ნორმებს. საქართველოს არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის მიერ ოფიციალური გამოშვების ს.ნ. 02.08.01-89 ცხრილი ¹3-ის მიხედვით კიბის ბაქნის სიგანე უნდა იყოს 103-105 სმ, ხოლო უდიდესი ქანობი 1,5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ი. მ-ოვმა მოითხოვა სააპელაციო პალატის 04.06.01წ. განჩინების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 07.09.01წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 12.12.2000წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. მ-ოვის სარჩელი და ქ. თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობას დაევალა ქ. თბილისში, ..... მდებარე ი. მ-ოვის ბინაში არსებული კიბის უჯრედის, სამზარეულოსა და სანკვანძის აღდგენა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ ქ.თბილისში, ... კიბის უჯრედის, სამზარეულოსა და სანკვანძის აღდგენითი სამუშაოების განხორციელებით შესაძლოა შეიზღუდოს იმავე სადარბაზოში მეორე სართულზე მცხოვრები ზ. გ-იას კანონიერი ინტერესები და უფლებები. დავის გადაწყვეტამდე საამშენებლო სამუშაოების ჩატარება, ზ. გ-იას მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაოებისათვის ჩასატარებლად საჭირო სახსრების ფუჭი ხარჯვა, აღდგენილი კიბის უჯრედის, სამზარეულოსა და სანკვანძის დაშლის, საამისოდ დამატებითი სახსრების გამოყოფის საჭიროება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინება შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. ამასთან, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განუმარტოს კერძო საჩივრის ავტორს, რომ კანონიერ ძალაში შესული კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვტილების აღსრულების გადაწყვეტილება წარმოადგენს დროებით პროცესუალურ მოქმედებას, საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 420-ე, 432-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. მ-ოვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაიცო პალატის 04.06.01წ. და 07.09.01წ. განჩინებები.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.