გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/ად-166-კ-01 13 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: მოპასუხისათვის საგადასახადო დავალიანების დაკისრება 786563,36 ლარის ოდენობით.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციამ ქ.ქუთაისში 2001 წლის 7 ივნისს განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სს «ე.» ფილიალის ქუთაისის საქსელო საწარმოს მიმართ, გადახდის ბრძანების დაშვების შესახებ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 302-303-ე მუხლების შესაბამისად, გამარტივებული წარმოების წესით მოითხოვა განცხადების განხილვა და მოვალესათვის – სს «ე.» ფილიალის ქუთაისის საქსელო საწარმოსათვის 2001 წლის 6 ივნისის მდგომარეობით რიცხულ საბიუჯეტო დავალიანებაზე – 786563,36 ლარზე გადახდის ბრძანების გაცემა. მოვალემ – სს «ე.» ფილიალის ქუთაისის საქსლო საწარმომ საბიუჯეტო დავალიანება ცნო, ხოლო საქმეში მესამე პირად ჩართულმა სს «ე.» (ამჟამად კასატორი) წარმომადგენელმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» პუნქტის საფუძველზე, მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება, თბილისის საოლქო სასამართლოში 9 მილიონი ლარის ბიუჯეტში ზედმეტად გადახდის აღიარების შესახებ მათი სარჩელის განხილვამდე, რაც არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმნისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი და სს «ე.» ფილიალის ქუთაისის საქსელო საწარმოს დაეკისრა 786563,36 ლარი საბიუჯეტო დავალიანების გადახდა, რაც უნდა დაიფაროს სათავო საწარმოს სს «ე.» ანგარიშიდან.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს სს «ე.», რომელიც გადაწყვეტილების გაუქმებასა და ხელახლა განსახილველად საქმის საოლქო სასამართლოში დაბრუნებას ითხოვს, შემდეგ საპროცესო ნორმათა დარღვევის გამო:
1. გადაწყვეტილება გასაუქმებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის საფუძველზე, ვინაიდან იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება;
2. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» პუნქტი და უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა კასატორის მოთხოვნა მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი 9000000 ლარის დაბრუნების თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოში აღძრული სარჩელის გადაწყვეტამდე, ამ დავის განხილვის შეჩერების შესახებ. კასატორის აზრით, თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვის შედეგს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა ამ კონკრეტული დავის გადაწყვეტისთვისაც, რადგან მათი სარჩელის დაკმაყოფილება, საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის თანახმად, თავისთავად გამორიცხავდა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელის დაკმაყოფილებას;
3. სასამართლო კოლეგიამ კანონის დარღვევით 786563,36 ლარის საგადასახადო დავალიანების გადახდა დააკისრა სს «ე.» ფილიალის ქუთაისის საქსელო საწარმოს, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 28-ე და «მეწარმეთა შესახებ» კანონის მე-16 მუხლიდან გამომდინარე არ არის იურიდიული პირი, თავისი სახელით არ გამოდის ურთიერთობებში და არც დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა ეკისრება.
მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელი საკასაციო საჩივარს არ ცნობს, უსაფუძვლობის მოტივით ითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას, ვინაიდან «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» საქართველოს კანონის მე-8, მე-18 და 30-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელნი არიან, ამიტომ ამ საქმის განხილვა შესაძლებელი იყო თბილისის საოლქო სასამართლოში სს «ე.» მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ დავის გადაწყვეტამდე.
სს «ე.» საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მოპასუხე – სს «ე.» ფილიალის ქუთაისის საქსელო საწარმოს წარმომადგენელის დასწრების გარეშე, რომელმაც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად, წერილობით თანხმობა განაცხადა მის დაუსწრებლად საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «ე.» საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საკასაიცო სასამართლო ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან 786563,36 ლარის საგადასახადო დავალიანების კანონიერება, დარიცხვის სისწორე არც კასატორს გაუხდია სადავოდ და არც მოპასუხე – სს «ე.» ქუთაისის საქსელო საწარმოს, ორივემ ცნო (აღიარა) ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი, მათი, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირების დისპოზიციურობა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის I ნაწილითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შეუზღუდავია, პროცესუალურად უფლებამოსილონი იყვნენ ეღიარებინათ სარჩელი, ამიტომ სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა და დააკმაყოფილა სარჩელი. ვინაიდან განსახილველ შემთზვევაში მოპასუხე არ იყო ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო კოლეგია არ იყო ვალდებული შეემოწმებინა და იურიდიულად დაესაბუთებინა მოპასუხე-ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობის კანონშესაბამისად. ამდენად გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე მითითება უმართელოა, კასაცია ამ მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. კასატორის აზრით, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» პუნქტის უსწორო განმარტებით, უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი 9000000 ლარის დაბრუნების თაობაზე მათ მიერ შეტანილი სარჩელის თბილისის საოლქო სასამართლოში გადაწყვეტამდე, ამ დავის განხილვის შეჩერების შესახებ, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან მართებული ნორმით თანახმად «სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით». საკასაიცო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოტივაციას და მიაჩნია, რომ კოლეგიამ მართებულად არ შეაჩერა თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელის გადაწყვეტამდე ამ დავის განხილვა, ვინაიდან ამ დავების ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გადაწყვეტა პროცესუალურად შესაძლებელი იყო და არ არსებობდა სამართალწარმოების შეჩერების აუცილებლობა. მით უფრო, რომ თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელის განხილვა დღემდე არც დაწყებულა და საქმის შეჩერებაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება მხოლოდ გააჭიანურებდა დავის განხილვას. რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლზე მხარეებს, რომ ბიუჯეტში ზედმეტადჟ გადახდილი 9000000 ლარის სს «ე.» დაბრუნების შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება თითქოს თავისთავად გამორიცხავდა ქუთაისის საოლქო სასამართლოში აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სს «ე.» სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 34-ე მუხლის I ნაწილის «გ» პუნქტის თანახმად, მხარეთა – სს «ე.» და საქართველოს საგადასახადო შემოსათლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მორიგება დასაშვებია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების სტადიაზეც.
3. საკასაციო სასამათლო, ასევე, ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მესამე საფუძველს, სამოქალაქო კოდექსის 28-ე და «მეწარმეთა შესახებ» კანონის მე-16 მუხლის დარღვევაზე 786563,36 ლარის საბიუჯეტო დავალიანების არაიურიდიული პირისათვის – სს «ე.» ფილიალის ქუთაისის საქსელო საწარმოსათვის დაკისრების თაობაზე, რადგან ასამართლოს აღნიშნული შეცუდომა დროულად იქნა გამოს წორებული და იმავე კოლეგიის 2001 წლის 3 სექტემბრის განჩინებით «გადაწყვეტილების განმარტების შესახებ» განემარტოს მხარეებს, რომ სს «ე.» ფილიალის ქუთაისის საქსელო საწარმოსათვის დაკისრებული 786574,34 ლარის გადახდა უნდა განხორციელდეს კასატორის, სათაო საწარმოს – სს «ე.» ანგარიშიდან.
ამდენად საკასაციო სასამართლოს აზრით უსაფუძვლობის მოტივით დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას სს «ე.» საკასაიცო საჩივარს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადლმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპოცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს «ე.» საკასაიცო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.