საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1430-1412(კს-11) 30 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შ. ჩ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.08.11წ. განჩინებაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო სასამართლო გაეცნო შ. ჩ-ის კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება. კერძო საჩივარი უნდა უპასუხებდეს სარჩელისათვის ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. ხსენებული კოდექსის 417-ე და 420-ე მუხლების თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, რომელიც მის განხილვას აწარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესით (420-ე მუხლი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 05.10.11წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ შ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლისა და ამავე კოდექსის 39.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, კერძო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რის გამოც მითითებული განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში ხარვეზის შევსება, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოდგენა. ასევე, კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.2011წ. ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი 01.12.2011წ. ჩაჰბარდა შ. ჩ-ის მეუღლეს. მოცემულ შემთხვევაში ხსენებული 05.10.2011წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის “თ” პუნქტისა და ამავე კოდექსის 39.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით, მაგრამ კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო და არ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
09.12.2011წ. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შ. ჩ-მა და მიუთითა, რომ მის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და ზემდგომი ინსტანციების სასამართლოებში გადახდილი იყო ჯერ 100 ლარი, შემდეგ 150 ლარი. სასამართლომ ბაჟის გადაუხდელად უნდა განიხილოს მისი სარჩელი და ბაჟის გადახდა დააკისროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს, რომელმაც არ აღასრულა კანონიერ ძალაში შესული 8.05.2003წ. გადაწყვეტილება.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს – აჭარის სააღსრულებო ბიუროს, რამდენადაც მოწინააღმდეგე მხარისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სასამართლო ხარჯების დაკისრება ხდება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-54-ე მუხლების შესაბამისად, ხარჯების გადაანგარიშებისას, რაც საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე გავლენას არ ახდენს საჩივრის ავტორის ვალდებულებაზე გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. ასევე, აღნიშნულზე გავლენას არ ახდენს და არ წარმოადგენს ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველს სხვადასხვა სასამართლოების მიერ მიღებული სხვადასხვა აქტების გასაჩივრებისას სახელმწიფო ბაჟის გადახდის ფაქტი. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას ადგენს როგორც სარჩელზე, ასევე სააპელაციო, საკასაციო თუ კერძო საჩივრებზე, ასევე სხვა საპროცესო მოქმედებებზე და მხარის მიერ ერთ-ერთ მათგანზე ბაჟის გადახდა არ ათავისუფლებს მას ვალდებულებისაგან მის მიერ განხორციელებულ შემდგომ საპროცესო მოქმედებაზე გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 1212.11წ. განჩინებით შ. ჩ-ს გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.10.11წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 07 დღით; ამასთან, კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვება და დარჩება განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12..2011წ. ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი 27.12.2011წ. ჩაჰბარდა შ. ჩ-ს პირადად, მიუხედავად ამისა, მის მიერ მითითებული ხარვეზი არ იქნა შევსებული, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 393-ე-397-ე მუხლებით, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. ჩ-ის კერძო საჩივარი საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.