ბს-1693-1665(კს-11) 12 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ 1) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირები _ 1) სს ,,...”; 2) ნო. და ნა. გ-ები; 3) გ. ე-ი;
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 31 მაისს გ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 17 მარტის ¹882011113618-03 გადაწყვეტილების (გ., ნო. და ნა. გ-ების საერთო საკუთრებაში არსებულ გორის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების მქონე ... კვ.მ მიწის ნაკვეთზე სს ,,...ს” იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შესახებ) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 28 აპრილის ¹64118 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთზე განხორციელებული იპოთეკის უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სს ,,...”, ნო. და ნა. გ-ები.
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 4 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. ე-ი და სსიპ შემოსავლების სამსახური.
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გორის რაიონული 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 სექტებრის გადაწყვეტილების ასლი გ. გ-ის დას ნო. გ-ს 2011 წლის 30 სექტემბერს ჩაბარდა.
სააპელაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი გ. გ-მა გორის რაიონულ სასამართლოში 2011 წლის 19 ოქტომბერს წარადგინა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე-61-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა გ. გ-ისათვის 2011 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო და 2011 წლის 17 ოქტომბერს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. გ-მა გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადა, რადგან მან სააპელაციო საჩივარი გორის რაიონულ სასამართლოში 2011 წლის 19 ოქტომბერს წარადგინა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა გ. გ-მა. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გორის რაიონული 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების ასლის ნო. გ-ისათვის (მისი დისთვის) ჩაბარება გ. გ-ისათვის ჩაბარებად არ უნდა ჩათვლილიყო, ვინაიდან, ნო. გ-ს საკუთარი ოჯახი ჰქონდა და გ. გ-ისაგან საკმაოდ მოშორებით ცხოვრობდა. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 დეკემბრის განჩინებით გ. გ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გ. გ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14Dდღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის თანახმად, გ. გ-ს გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე _ გორის რაიონში, სოფელ ...ში (ს.ფ. 184).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების ასლი ადრესატის (გ. გ-ის) დას ნო. გ-ს (პირადი ¹...) გ. გ-ისათვის გადასაცემად 2011 წლის 30 სექტემბერს ჩაბარდა (ს.ფ. 185).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გორის რაიონული 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების ასლის ნო. გ-ისათვის (მისი დისთვის) ჩაბარება მხარისათვის ჩაბარებად არ უნდა ჩაითვალოს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, მხოლოდ ის გარემოება, რომ ნო. გ-ს აქვს ცალკე ოჯახი არ შეიძლება გახდეს სასამართლო უწყების მხარისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის დარღვევით ჩაბარების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ იმ ფაქტს, რომ 2011 წლის 30 სექტემბერს მისმა დამ ნო. გ-მა ჩაიბარა როგორც თავის, ისე გ. გ-ის სახელზე არსებული საფოსტო გზავნილი. ამასთან, ნო. გ-ს სასამართლო უწყების ჩამბარებლისათვის არ განუმარტავს, რომ იგი არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 74-ე მუხლით გათვალიწინებული სუბიექტი და გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი. გ. გ-ის სახელზე გაგზავნილი საფოსტო გზავნილის მიღებით და უწყების მეორე ეგზემპლარზე ხელმოწერით ნო. გ-მა იკისრა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება _ სასამართლო უწყება დაუყოვნებლივ ჩაებარებინა ადრესატისათვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეში ნო. გ-ი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სავალდებულო მიწვევის მესამე პირია, რომლის სამართლებრივი ინტერესიც თავისი არსით მოსარჩელე მხარის (გ. გ-ის) ინტერესს შეესაბამება, რადგან მოცემულ საქმეზე დავის საგანს _ გ., ნო. და ნა. გ-ების საერთო საკუთრებაში არსებულ გორის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების მქონე ... კვ.მ მიწის ნაკვეთზე სს ,,...ს” იპოთეკის უფლების რეგისტრაციის გაუქმება წარმოადგენს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნო. გ-ისათვის სრულყოფილად იყო ცნობილი აღნიშნული საქმის გარემოებები და ადრესატისათვის (გ. გ-ისათვის) გზავნილის დროულად ჩაუბარებლობის მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გ. გ-სა და ნო. გ-ს აქვთ ერთი მისამართი _ გორის რაიონი, სოფელი ... და რაიონული სასამართლოს მიერ გ. გ-ის სახელზე გაგზავნილი საფოსტო გზავნილები გ. გ-ისათვის გადასაცემად არაერთხელ ჩაბარებული აქვს მის დას ნო. გ-ს (ს.ფ. 103; ს.ფ. 105; ს.ფ. 111). აღნიშნული საფოსტო გზავნილების მისთვის ჩაბარების ფაქტი კერძო საჩივრის ავტორს _ გ. გ-ს სადავოდ არ გაუხდია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, უწყების ეგზემპლარზე ხელმოწერით ნო. გ-მა იკისრა ვალდებულება, უწყება დაუყოვნებლივ ჩაებარებინა ადრესატისათვის _ გ. გ-ისათვის. ამდენად, გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების ნო. გ-ისათვის ჩაბარება ადრესატისათვის ჩაბარებად უნდა ჩაითვალოს და შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა 2011 წლის 30 სექტემბრიდან უნდა დაიწყოს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების ასლი გ. გ-ის დას _ ნო. გ-ს 2011 წლის 30 სექტემბერს ჩაბარდა, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა 2011 წლის 1 ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, 2011 წლის 17 ოქტომბერს 24 საათზე იწურებოდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-მა გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადა, ვიანიდან, სააპელაციო საჩივარი გორის რაიონულ სასამართლოში 2011 წლის 19 ოქტომბერს ანუ კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარადგინა (ს.ფ. 195).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა არის შეუქცევადი და მისი აღდგენა დასაშვებია, მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.