ბს-1702-1674(კს-11) 24 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ მ. რ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 2 თებერვალს მ. რ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და რუსთავის რეგიონალური ცენტრის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 26 ოქტომბრის ბრძანებისა და რუსთავის რეგიონალური ცენტრის ¹16-18/16388104/04 საბაჟო შეტყობინების ბათილად ცნობა (იხ. ტ. I; ს.ფ. 3-13).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით მ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. I; ს.ფ. 130-136).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. რ-მა და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ტ. I; ს.ფ. 154-162;).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. (იხ. ტ. I; ს.ფ. 3-5).
მ. რ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინება, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მართალია დედამისს 2011 წლის 17 აგვისტოს ჩაბარდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ 2011 წლის 28 ივლისიდან 2011 წლის 13 ოქტომბრამდე თვითონ იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. დედამისმა 28 აგვისტოს მოახერხა მასთან დაკავშირება და გაუგზავნა გადაწყვეტილება, რომელიც ჩაბარდა მას 2011 წლის 1 სექტემბერს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სააპელაციო საჩივარი წარადგინა გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიან ვადაში – 2011 წლის 6 სექტემბერს ფოსტის მეშვეობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების, კერძო საჩივრის მოტივების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. რ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; სასამართლომ სწორად განმარტა კანონი; საპროცესო ნორმები არ დარღვეულა; სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
საქმის მასალების მიხედვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. რ-ს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, აკ. ...ის ქ. 40, 2011 წლის 28 ივნისს და 2011 წლის 16 აგვისტოს (იხ. ტ. I; ს.ფ. 137; 147), მაგრამ აღნიშნული გზავნილების ჩაუბარებლობის გამო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. რ-ს გაეგზავნა 2011 წლის 16 აგვისტოს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. 20 და ჩაბარდა ადრესატის დედას – ნ. მ-ს 2011 წლის 17 აგვისტოს. ( იხ. ტ. I; ს.ფ. 153), სააპელაციო საჩივარი კი მ. რ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა ფოსტის მეშვეობით 2011 წლის 6 სექტემბერს (იხ. ტ. I; ს.ფ. 154-164).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საპროცესო კოდექსის VIII თავში, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით, რამდენადაც კანონმდებელი სსსკ-ის 369.1. მუხლი სწორედ მითითებულ წესთან აიგივებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემას.
სსსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლოს კოლგიური უმრავლესობა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დენა იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლოს აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლი კი ავალდებულებს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი, რომელიც ექვემდებარება იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას გაუგზავნოს მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, და განმარტავს რომ, მ. რ-ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნა რეგისტრირებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. ¹20, 2011 წლის 16 აგვისტოს და ჩაბარდა დედას – ნ. მ-ს 2011 წლის 17 აგვისტოს, შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის საფუძველზე გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უკავშირდება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაგზავნის კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას. ანუ ვადის დენა დაიწყება, თუ მხარეს გაგზავნილი გადაწყვეტილებით (განჩინებით, ბრძანებით, დადგენილებით) სწორად განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. რ-ის დედას – ნ. მ-ს ჩაბარდა 2011 წლის 17 აგვისტოს (იხ. ტ. I; ს.ფ. 153) სააპელაციო საჩივარი კი მ. რ-ის მიერ შეტანილია ფოსტის მეშვეობით 2011 წლის 6 სექტემბერს (იხ. ტ. I; ს.ფ. 154-164), სსსკ-ის 369.1. მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რამდენადაც სსსკ-ის 60.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო მ. რ-ის დედის – ნ. მ-ს ჩაბარების დღიდან.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ იგი იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში და დედამისმა გადაწყვეტილების ასლის გადაგზავნა მასთან მოახერხა ხოლოდ 2011 წლის 28 აგვისტოს. შესაბამისად, მას აღნიშნული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2011 წლის 1 სექტემბერს, საიდანაც უნდა დაიწყოს მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა, შემდეგ გარემოებათა გამო: საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევებს სასამართლო აქტის გასაჩივრების ვადის ათვლისას, კანონისმიერი საპროცესო ვადა სავალდებულოა ყველა პროცესუალური მონაწილისათვის, რაც გულისხმობს, რომ საპროცესო მოქმედება უნდა შესრულდეს კანონით დადგენილ ვადაში, შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მ. რ-ის დედის – ნ. მ-ს ჩაბარების დღიდან, ვინაიდან სასამართლო აქტის გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს ან ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს ჩაბარდა სასამართლო აქტი, კონკრეტულ შემთხვევაში კი, მ. რ-ის დედამ – ნ. მ-მ მ. რ-თან სატელეფონო შეთანხმებით ჩაიბარა 2011 წლის 17 აგვისტოს, რასაც თავად კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გაასაჩივროს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მ. რ-ის მიერ უგულებელყოფილია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მ. რ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური უმრავლესობამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 247.2-ე, 390-ე, 399-ე, 396-ე, 414-419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. რ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.