Facebook Twitter
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ბ-121-2(ა-12) 30 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის ¹1896-1849(კ-10) და 2011 წლის 13 ოქტომბრის ¹ბს-1209-1195(კ-11) განჩინებების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მ. თ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.
2009 წლის 4 დეკემბერს მ. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ვანათის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2009 წლის 05 ნოემბერს გაცემული ¹927 და მის საფუძველზე ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2009 წლის 05 ნოემბერს გაცემული ¹480 ცნობების, როგორც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ასევე, დევნილად აღიარება; დევნილის სტატუსის მინიჭება; ყოველთვიური დახმარების გაცემა და მის საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹9ა “...”-ს შენობაში საცხოვრებლად დატოვება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. თ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს უარი ეთქვა 2009 წლის 5 ნოემბრის ¹927 და ¹480 აქტების ბათილად ცნობაზე; მოპასუხე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში მ. თ-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების დაზუსტება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროთი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. თ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, სადავო აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით მ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინებით მ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინება.
2011 წლის 21 თებერვალს მ. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2011 წლის 11 იანვრის ¹05/01-14/89 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ამავე სამინისტროსათვის მ. თ-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინებით მ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინება.
2012 წლის 18 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მ. თ-მა. განცხადებელმა აღნიშნა, რომ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონში 2011 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად სხვაგვარად განიმარტა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ცნება. განმცხადებლის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, კანონში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მსგავსი განმარტების არსებობის შემთხვევაში, მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული და მას მიენიჭებოდა დევნილის სტატუსი. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო მ. თ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’-,,ზ’’ ქვეპუნქტების თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ : ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება ყალბია; ბ) დადგინდება მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგინდება ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) გაუქმდა სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილების მიღებას; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 342-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა არ ვრცელდება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელი _ მ. თ-ი საქმის წარმოების განახლებას ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძვლად უთითებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში _ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტში ცვლილების შესვლა არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის არც ,,ვ’’ და არც სხვა ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევას. იგი თავისი არსით მიეკუთვნება არა ახლად აღმოჩენილ, არამედ ახლად გამოვლენილ გარემოებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წარმოდგენილ განცხადებაზე, რადგან სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი გარემოებების არსებობის პირობებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, ხოლო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით საერთოდ არ არის გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლო განმცხადებლის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ადმინისტრაციულ ორგანოს წარედგენოს განმეორებით იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმის დადგენა თუ რამდენად წარმოადგენს დაინტერესებული პირის მიერ მითითებული გარემოება ახლად გამოვლენილ გარემოებას და რამდენად შეცვალა მან მხარის სამართლებრივი მდგომარეობა, უშუალოდ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 342-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. თ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის ¹1896-1849(კ-10) და 2011 წლის 13 ოქტომბრის ¹ბს-1209-1195(კ-11) განჩინებების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.