Facebook Twitter

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ბ-135-3(ა-12) 30 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის ¹ბს-595-590(კ-11) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დ. თ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.

2010 წლის 29 ივნისს დ. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2010 წლის 20 მაისის ¹05/01-14/6320 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის დ. თ-ის, დე. თ-ის და ლ. თ-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინებით დ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. თ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით დ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება.

2012 წლის 20 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა დ. თ-მა. განცხადებელმა აღნიშნა, რომ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონში 2011 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად სხვაგვარად განიმარტა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ცნება. განმცხადებლის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, კანონში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მსგავსი განმარტების არსებობის შემთხვევაში, მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული და მას და მის შვილებს მიენიჭებოდათ დევნილის სტატუსი. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო დ. თ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’-,,ზ’’ ქვეპუნქტების თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ : ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება ყალბია; ბ) დადგინდება მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგინდება ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) გაუქმდა სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილების მიღებას; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 342-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა არ ვრცელდება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელი _ დ. თ-ი საქმის წარმოების განახლებას ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძვლად უთითებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში _ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტში ცვლილების შესვლა არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის არც ,,ვ’’ და არც სხვა ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევას. იგი თავისი არსით მიეკუთვნება არა ახლად აღმოჩენილ, არამედ ახლად გამოვლენილ გარემოებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წარმოდგენილ განცხადებაზე, რადგან სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი გარემოებების არსებობის პირობებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, ხოლო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით საერთოდ არ არის გათვალისწინებული.

საკასაციო სასამართლო განმცხადებლის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ადმინისტრაციულ ორგანოს წარედგენოს განმეორებით იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმის დადგენა თუ რამდენად წარმოადგენს დაინტერესებული პირის მიერ მითითებული გარემოება ახლად გამოვლენილ გარემოებას და რამდენად შეცვალა მან მხარის სამართლებრივი მდგომარეობა, უშუალოდ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 342-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. თ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის ¹ბს-595-590(კ-11) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.