Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-47-47(კ-12) 23 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მ. მ-მა (წარმომადგენელი დ. გ-ა) 2010 წლის 07 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 დეკემბრის განჩინებით წინამდებარე საქმეში არასათანადო მოპასუხე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხეთი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოთი და მ. მ-ის სარჩელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლო გაეცნო მ. მ-ის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (2011 წელს მოქმედი რედაქციით), საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2011 წლის 09 ნოემბერს გაეგზავნა მ. მ-ს მის მიერ როგორც სარჩელში ასევე სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, კერძოდ- ქ. თბილისი ...ის ქ. ¹5. (იხ. ტომი II, ს.ფ 25).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით განსაზღვრულია ადრესატის არყოფნის შემთხვევაში შეტყობინების ჩაბარების წესი. დასახლებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ უწყების მიმტანმა პირმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, უწყება უნდა ჩაჰბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს ... უწყების მიმღები პირი ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი გვარი, სახელი და აგრეთვე ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინება ჩაბარდა მ. ნ-ს 2011 წლის 17 ნოემბერს, რაც დადასტურებულია გზავნილის მეორე ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით, ამასთან მითითებულია მისი დამოკიდებულება ადრესატთან; კერძოდ აღნიშნულია, რომ მ. ნ-ა არის მ. მ-ის და (იხ. ტომი II, ს.ფ. 27).

ამდენად, დასახელებული მუხლის ნორმიდან გამომდინარე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინების ჩაბარება მ. ნ-სათვის ჩაბარებულად ითვლება თავად მხარისათვის _ მ. მ-ისათვის, შესაბამისად აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად ამოიწურა 2011 წლის 19 დეკემბერს, ოცდაოთხ საათზე (17 დეკემბერი იყო არასამუშაო დღე, შაბათი და ვადის დამთავრების დღეს წარმოადგენს მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ორშაბათი,- 19 დეკემბერი). საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ მ. მ-მა საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2011 წლის 23 დეკემბერს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად. ანალოგიური შინაარსის დათქმას ითვალისწინებს ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილიც, რომლის შესაბამისადაც, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. მ-მა დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის (2011 წელს მოქმედი რედაქციით) პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს მ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.