Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-74-74(კ-12) 25 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს ,,...ის” დირექტორის ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და იმერეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს; მესამე პირების _ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს და თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის მიმართ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს ,,...ს” დაევალა მოსარჩელისათვის გადაეცა 1991 წლის საიჯარო ხელშეკრულებით აღებული სახელმწიფო ქონება საიჯარო ხელშეკრულების VI დანართის მიხედვით. ამასთან, შპს ,,...ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, საიჯარო ხელშეკრულებით გადაცემული საბრუნავი საშუალებების ღირებულების _ 529 096 ლარისა და საიჯარო ქირის _ 170 200 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 30 სექტემბრის განჩინებით უცველად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.

2004 წლის 19 ნოემბერს შპს ,,...ის” დირექტორმა ნ. გ-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

2005 წლის 1 თებერვლის სასამართლო სხდომაზე განმცხადებელმა დააზუსტა მოთხოვნა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 1 თებერვლის განჩინებით მითითებული განცხადების განხილვა შეჩერდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ნაწილში, ხოლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში განცხადების განხილვა გაგრძელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 მარტის განჩინებით შპს ,,...ის” დირექტორის ნ. გ-ის განცხადება ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს ,,...ს” დირექტორმა ნ. გ-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 იანვრის განჩინებით შპს ,,...ის” დირექტორის ნ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება; შპს ,,...ის” დირექტორის ნ. გ-ის განცხადება ცნობილ იქნა დასაშვებად და განსახილველად გადაეცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 ივლისის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე დაწყებული წარმოება შეჩერდა გურამ ყენიას მიმართ სისხლის სამართლის წესით წარმოებულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტში 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე განახლდა შპს ,,...ის” დირექტორის ნ. გ-ის განცხადების განხილვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 მარტის განჩინებით შპს ,,...ის” დირექტორის ნ. გ-ის განცხადება ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს ,,...ს” დირექტორმა ნ. გ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის განჩინებით შპს ,,...ის” დირექტორის ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 მარტის განჩინება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შპს ,,...ის” დირექტორის ნ. გ-ის განცხადებაზე განახლდა საქმის წარმოება და აღნიშნული განცხადება ცნობილ იქნა დასაშვებად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ივლისის განჩინებით შპს ,,...ის” დირექტორის ნ. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...ის” დირექტორმა ნ. გ-მ. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

2011 წლის 29 აგვისტოს შპს ,,...ის” დირექტორმა ნ. გ-მ დამატებითი კერძო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. კერძო საჩივრის ავტორმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ივლისის განჩინებასთან ერთად, ამავე სასამართლოს 2011 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 სექტემბრის განჩინებით შპს ,,...ის” დირექტორის ნ. გ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების ნაწილში დაუშვებლად იქნა ცნობილი, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შპს ,,...ის” დირექტორის ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ივლისის განჩინება; შპს ,,...ის” დირექტორის ნ. გ-ის შუამდგომლობა ქუთაისის საქალაქი სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის სხდომის ოქმის გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა; შპს ,,...ის” დირექტორის ნ. გ-ის განცხადება საბუთების სიყალბის დადგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა; მხარეს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება იყო საბოლოო და არ საჩივრდებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს ,,...ის” დირექტორმა ნ. გ-მ.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...ის” დირექტორის ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ივლისის განჩინებით შპს ,,...ის” დირექტორის ნ. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და აღნიშნული განჩინება განმცხადებლის მიერ გასაჩივრდა კერძო საჩივრით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ამდენად, აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე ირკვევა, რომ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება ორსაფეხურიანია და მისი განხილვა უნდა დამთავრდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე, რომლითაც შპს ,,...ის” დირექტორის ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ივლისის განჩინება (აღნიშნული განჩინებით შპს ,,...ის” დირექტორის ნ. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო განჩინებაა და იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემდგომ გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,...ის” დირექტორის ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 391-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს შპს ,,...ის” დირექტორის ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.