¹ბს-1201-1190(კ-11) 26 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს “სა...” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
2. სსიპ შემოსავლების სამსახური; 3. სსიპ შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დასავლეთ პორტალი; პორტალი “ბა...” (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 21 იანვარს შპს “...” სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, შპს “...” წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 21.03.06 წლის ¹1-1/237 ბრძანების საფუძველზე 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს და მას საქართველოს პრეზიდენტის 12.12.2006 წლის ¹736 ბრძანებულების საფუძველზე მიენიჭა “...” სტატუსი.
მოსარჩელის განმარტებით, დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად “...” განკარგავს საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილ წილს, ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების, ნავთობსადენების მართვასა და განვითარებას, რომელთა საშუალებით ხორციელდება ბუნებრივი გაზისა და ნავთობის საქართველოში იმპორტირება, საქართველოს მოსახლეობისა და საწარმოების მომარაგება, აგრეთვე ბუნებრივი გაზისა და ნავთობის ტრანზიტი, როგორც მეზობელ, ასევე ევროპის ქვეყნებში.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 10 ნოემბრის ¹604/2558/10 საბაჟო შეტყობინებით შპს “...” ჯარიმის სახით 1000 ლარის გადახდა დაეკისრა. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 16 დეკემბრის ¹2546 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შპს “...” ადმინისტრაციული საჩივარი ბათუმის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 10 ნოემბრის ¹604/2558/10 საბაჟო შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე. ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 16 დეკემბრის ¹2546 ბრძანება.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა თავისი გადაწყვეტილებები დააფუძნეს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს (ორ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება საერთოდ არ ჩატარებულა). მოსარჩელის მოსაზრებით, არ დასტურდება “...” მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და ასეთი ქმედების განმეორებითობა.
მოსარჩელის მითითებით, საგადასახადო ორგანოებმა არ გაითვალისწინეს “ს...” ორი დასკნა, სადაც აღნიშნულია, რომ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მასის და გაზომვების შესრულების მეთოდიკის მიმართ ზოგადი მოთხოვნები გადმოცემულია გოსტ 8.595-2004-ში, რომელიც ასევე ვრცელდება სასაქონლო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მასის გაზომვების შესრულების მეთოდიკაზე. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, 1992 წლის 13 მარტს ხელმოწერილი “სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის განხორციელების შესახებ” საერთაშორისო შეთანხმება (რომელიც საქართველოსთვის ძალაშია 1995 წლის 22 მაისიდან) მოქმედებს უშუალოდ, ვინაიდან, საქართველოს მთავრობის 24.02.2006 წლის ¹45 დადგენილების მეორე პუნქტის თანახმად, გაგრძელებულია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან და მის წევრ სახელმწიფოებთან დღეს მოქმედი დოკუმენტების (“გოსტები”, სამშენებლო ნორმები და წესები, სანიტარული წესები და ნორმები და სხვ.) სრულუფლებიანი მოქმედება და საყოველთაოდ აღიარებული და დაშვებულია ტექნიკური ცდომილებები მსგავსი აზომვების განხორციელების დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 10 ნოემბრის ¹604/2558/10 საბაჟო შეტყობინების, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 16 დეკემბრის ¹2546 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბრის ¹03/20350 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, აგრეთვე მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხეებისათვის დაკისრება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “...” სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 21.03.06 წლის ¹1-1/237 ბრძანების საფუძველზე შპს “...” წარმოადგენს 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს და მას საქართველოს პრეზიდენტის 12.12.2006 წლის ¹736 ბრძანებულების საფუძველზე მიენიჭა “...” სტატუსი. “...” განკარგავს საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილ წილს, ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების, ნავთობსადენების მართვას და განვითარებას, რომელთა საშუალებით ხორციელდება ბუნებრივი გაზისა და ნავთობის საქართველოში იმპორტირება, საქართველოს მოსახლეობისა და საწარმოების მომარაგება, აგრეთვე, ბუნებრივი გაზისა და ნავთობის ტრანზიტი, როგორც მეზობელ, ასევე ევროპის ქვეყნებში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს “...” მიერ შპს “ბ...…” განთავსებული ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული ტვირთის ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის შედეგად გამოვლინდა დეკლარირებულთან შედარებით ნაკლები ტვირთი. კერძოდ, შპს “ბ...” სსდ ჩ-5505 (D-1084) რეგისტრირებული ექსპორტის დეკლარაციით შემოსული რკინიგზის შემადგენლობა დატვირთული ნედლი ნავთობით, რეზერვუარში დაცლისას აღმოჩნდა 2 კგ-ით ნაკლები, სსდ ჩ-5495 (D-1081) რეგისტრირებული ექსპორტის დეკლარაციით შემოსული ტვირთი - ნედლი ნავთობი რეზერვუარში დაცლისას აღმოჩნდა 82 კგ-ით ნაკლები, ხოლო სსდ ჩ-10944 (D-63916) რეგისტრირებული ექსპორტის დეკლარაციით შემოსული ტვირთი - ნედლი ნავთობი რეზერვუარში ჩამოსხმისას აღმოჩნდა 26 კგ-ით ნაკლები.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებები და თავის მხრივ აღნიშნა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ, განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ საბაჟო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას დგება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, ის არ დგება, თუ სამართალდარღვევა დაფიქსირებულია შემოწმების აქტში ან ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მე-9 ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 30 დღის ვადაში (გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქმის მასალებზე დაყრდნობით საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება შესაბამისი გადაწყვეტილებით/შეტყობინებით. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 30 დღის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება/შეტყობინება ბათილია.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 250-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბაჟო დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტაციაში საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობისას საბაჟო ღირებულების შემცირება ან გაზრდა დეკლარანტის/წარმომადგენლის მიერ, რასაც არ გამოუწვევია საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირება იწვევს პირის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებასა და შემცირებულ ან გაზრდილ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 20 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1755 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების საფუძველია ცნობები (ინფორმაცია) საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, რომელიც გამოვლენილია საბაჟო ორგანოს (საბაჟო ორგანოს მოხელის) მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას,Aამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კი ინფორმაციის მიმღები საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება საქმის გარემოებათა შესასწავლად და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შესადგენად.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია შპს “...” მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება თითქოს ვაგონ-ცისტერნების დაცლისას ნედლი ნავთობის წონის განსაზღვრა მოხდა აწონვით და არა გაზომვით, როგორც ამას ითვალისწინებს საერთაშორისოდ აღიარებული გამოთვლის სტანდარტები (გოსტი) და რასაც მოჰყვა შეუსაბამობა დეკლარირებულსა და რეალურ მასებს შორის, რამეთუ “...” მიერ წარმოდგენილ საბაჟო დეკლარაციებში ნედლი ნავთობის სუფთა წონა მითითებულია კილოგრამებში, შესაბამისად ცისტერნის დაცლისას ნედლი ნავთობის სუფთა წონა ასევე განისაზღვრა კილოგრამებში, რა დროსაც გამოვლინდა შეუსაბამობა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “...” მითითება იმის შესახებ, რომ ნედლი ნავთობის წონის განსაზღვრა და შესაბამისი მონაცემების შეტანა დეკლარაციაში მოხდა სს “სე...” აზომვებისა და გამოთვლების შესაბამისად და რომ მითითებული კომპანია აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, არ წარმოადგენს “...” პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს, რადგან დეკლარაციაში სწორი მონაცემების შეტანა საბაჟო კანონმდებლობის თანახმად არის არა სს “სე...”, არამედ, უშუალოდ “...” ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ შპს “...” მიერ საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, ს/ს “ბა...” ოფიცრის მიერ 2010 წლის 16 და 19 სექტემბერს საბაჟო კოდექსისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1755 ბრძანებით დამტკიცებული წესის მოთხოვნათა დაცვით იქნა შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რის საფუძველზეც 2010 წლის 22 სექტემბერს ბათუმის რეგიონული ცენტრის უფროსის მოადგილის მიერ ასევე კანონიერად იქნა მიღებული ¹604/2035/10, ¹604/2048/10 და ¹604/2049/10 საბაჟო შეტყობინებები.
სააპელაციო სასამართლომ “...” მიერ საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი დადასტურებულად მიაჩნია და ჩათვალა, რომ გასაჩივრებული საბაჟო შეტყობინებებით აპელანტს (მოსარჩელეს) კანონიერად დაეკისრა საბაჟო კოდექსის 250.2 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, რადგან ქმედებები ჩადენილ იქნა განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, თითოეული სამართალდარღვევისათვის ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1000 ლარის ოდენობით, ჯამში დარიცხული ჯარიმების ოდენობამ შეადგინა 3000 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, შესაბამისად, შპს “...” მოთხოვნა გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”. Kკასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს “...” საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სს ,,სა...“ გენერალური დირექტორის – ზ.ჯ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შპს “...” უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სს ,,სა...“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სს ,,სა...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2011 წლის 10 ნოემბერს 13.00 საათზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის საოქმო განჩინებით სს ,,სა...“ საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინებით სს ,,სა...“ საკასაციო საჩივრის განხილვა გადაინიშნა 2012 წლის 26 იანვარს.
2012 წლის 13 იანვარს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სს ,,სა...“ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 30 დეკემბრის ¹12347 ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს ,,...“ საჩივარი და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 16 დეკემბრის ¹2546 ბრძანება, ასევე ძალადაკარგულად გამოცხადდა ბათუმის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 10 ნოემბრის ¹604/2558/10 საბაჟო შეტყობინება და მომსახურების დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება დაევალა.
ამასთან, 2012 წლის 23 იანვარს სს ,,სა...“ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქმეზე დართვის მიზნით წარმოადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 30 დეკემბრის ¹12347 ბრძანება და ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის 2012 წლის 6 იანვრის ¹094_5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც სს ,,სა...“ სრულად გაუუქმდა სადავო აქტების საფუძველზე დარიცხული ჯარიმა. განმცხადებელმა საკასაციო საჩივრის განხილვისას წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინება და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ სს ,,სა...“ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: შპს “...” წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 21.03.06 წლის ¹1-1/237 ბრძანების საფუძველზე 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს და მას საქართველოს პრეზიდენტის 12.12.2006 წლის ¹736 ბრძანებულების საფუძველზე მიენიჭა “...” სტატუსი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 10 ნოემბრის ¹604/2558/10 საბაჟო შეტყობინებით შპს “...” საქართველოს საბაჟო კოდექსის 250-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ჯარიმის სახით 1000 ლარის გადახდა დაეკისრა. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 16 დეკემბრის ¹2546 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შპს “...” ადმინისტრაციული საჩივარი ბათუმის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 10 ნოემბრის ¹604/2558/10 საბაჟო შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე. ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 16 დეკემბრის ¹2546 ბრძანება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 30 დეკემბრის ¹12347 ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს ,,...“ საჩივარი და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 16 დეკემბრის ¹2546 ბრძანება, ასევე ძალადაკარგულად გამოცხადდა ბათუმის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 10 ნოემბრის ¹604/2558/10 საბაჟო შეტყობინება და მომსახურების დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება დაევალა. სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის 2012 წლის 6 იანვრის ¹094_5 საგადასახადო მოთხოვნით სს ,,სა...“ სრულად გაუუქმდა სადავო აქტების საფუძველზე დარიცხული ჯარიმა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-ე_25-ე მუხლების საფუძველზე წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს. თუ დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა საეჭვოა ან მოსამართლე მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, სასამართლო სარჩელის მიღებიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს განმწესრიგებელ სხდომას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი ძირითადი თავისებურება არის ის, რომ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე_179-ე მუხლების მოთხოვნებს, ისე სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნას, რაც სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას იმსჯელოს სარჩელის დასაბუთებულობაზე (მატერიალური დასაშვებობა).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის დასაშვებობის საკითხს სასამართლო ამოწმებს სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე, თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე არ არის შეზღუდული განმწესრიგებელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით და იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის შემდეგ ეტაპზე გამოვლინდა სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები, სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით შეწყვიტოს საქმის წარმოება. სარჩელის დასაშვებობის შემოწმება ხდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე_25-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სს ,,სა...“ სასარჩელო მოთხოვნას 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 10 ნოემბრის ¹604/2558/10 საბაჟო შეტყობინების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 16 დეკემბრის ¹2546 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბრის ¹03/20350 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა წარმოადგენს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი სწორედ სადავო აქტების საფუძველზე შპს ,,...“ ჯარიმის სახით დარიცხული 1000 ლარის კანონიერების დადგენაა. ამდენად, სახეზე გვაქვს შეცილებითი სარჩელი, რის გამოც, სარჩელის დასაშვებობის შემოწმება უნდა განხორციელდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეცილებითი სარჩელის შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის დასაშვებად ცნობის სავალდებულო პირობა არის მხარის კანონიერი ინტერესის არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,სა...“ სარჩელის მიზანს და მის კანონიერ ინტერესს სადავო აქტების საფუძველზე მისთვის ჯარიმის სახით დარიცხული 1000 ლარის გაუქმება წარმოადგენს და სასარჩელო მოთხოვნაც სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 30 დეკემბრის ¹12347 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 16 დეკემბრის ¹2546 ბრძანება, ასევე, ბათუმის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 10 ნოემბრის ¹604/2558/10 საბაჟო შეტყობინება (რის საფუძველზეც მოსარჩელეს სადავო 1000 ლარი დაერიცხა) და მომსახურების დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება დაევალა, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის 2012 წლის 6 იანვრის ¹094_5 საგადასახადო მოთხოვნით სს ,,სა...“ სრულად გაუუქმდა მისთვის სადავო აქტების საფუძველზე დარიცხული ჯარიმა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს აღარ აქვს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის კანონიერი ინტერესი, ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახეზე გვაქვს სწორედ ის სამართლებრივი მდგომარეობა, რაც სადავო აქტების ბათილად ცნობას მოჰყვებოდა და რაც სს ,,სა...“ სარჩელის მიზანს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში აღარ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის მატერიალური დასაშვებობის სავალდებულო პირობა მხარის კანონიერი ინტერესი, რის გამოც ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, სს ,,სა...“ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ძალაშია და არ გაუქმებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ძალაში დარჩა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 16 დეკემბრის ¹2546 ბრძანება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში როდესაც გაუქმებულია აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლები (სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 30 დეკემბრის ¹12347 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 16 დეკემბრის ¹2546 ბრძანება და ბათუმის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 10 ნოემბრის ¹604/2558/10 საბაჟო შეტყობინება), საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა არ გააჩნია და შესაბამისად, მას სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს ,,...“ საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სს ,,სა...“ (შპს ,,...“ უფლებამონაცვლე) უნდა დაუბრუნდეს შპს ,,...“ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს ,,სა...“ სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით; გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება; სს ,,სა...“ (შპს ,,...“ უფლებამონაცვლე) დაუბრუნდეს შპს ,,...“ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე