ბს-1410-1392(კ-11) 27 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ზ. ჭ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.07.11წ. გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 02.05.11წ. სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზ. ჭ-ის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის ჯარიმის – 19344 ლარის, პირგასამტეხლოს – 5803,20 ლარისა და ზიანის _ 16433,67 ლარისა და 168 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 30.06.11წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ზ. ჭ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის – 19344 ლარისა და კვებაზე დახარჯული თანხის – 1823,27 ლარის გადახდა, მოსარჩელეს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს – 5803,20 ლარისა და ზიანის – 12787,13 ლარისა და 168 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრებაზე უარი ეთქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.07.11წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 30.06.11წ. გადაწყვეტილება პირგასამტეხლოსა და მივლინების ხარჯების ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ჭ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს – 5803,20 ლარისა და მივლინების ხარჯების – 168 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 30.06.11წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. ჭ-ს შორის 10.11.05წ. დადებული ხელშეკრულება განსაზღვრავდა კონკრეტულ პირობებს, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშობოდა ჯარიმის, პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამხეტლო შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა თავისუფალი ნების გამოვლენით განსაზღვრეს პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც არ იყო შეუსაბამოდ მაღალი და ამიტომ არ არსებობდა მისი შემცირების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონტრაქტის 8.2 და 8.3 პუნქტები ითვალისწინებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რის გამოც ზ. ჭ-ს უნდა დაკისრებოდა სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლომ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო, რომლის უკან დაბრუნების მოთხოვნა დაუშვებელი იყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.07.11წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჭ-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოსა და მივლინების ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი სოციალური მდგომარეობა და ისე დააკისრა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის მას დაკისრებული ჰქონდა 19344 ლარის გადახდა. აღნიშნულ თანხაზე დამატებით პირგასამტეხლოს 5803,2 ლარის დაკისრება იყო პირგასამტეხლოს უსამართლოდ გაზრდა. ამასთან კასატორმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტამდე ასრულებდა ნაკისრ შრომით მოვალეობას, საპასუხოდ იღებდა შრომით ანაზღაურებას, 168 აშშ დოლარი იყო მივლინებაზე დახარჯული თანხა და მისი გადახდა არ უნდა დაკისრებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.11წ. განჩინებით ზ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ზ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. ჭ-ს შორის 10.11.05წ. დადებული ხელშეკრულების 7.3 პუნქტი განსაზღვრავდა ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებსა და სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის ფარგლებს იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებდა სამხედრო ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა 4 წლიანი კონტრაქტი. ასეთ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით სამინისტროსათვის აენაზღაურებინა მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხა, ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. ჭ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 7.3 და 7.4 პუნქტების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ჯარიმის სახით აენაზღაურებინა ფულადი თანხები, ხოლო აღნიშნული თანხების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0.2% ოდენობით. საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” XVI თავის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე, ფინანსური პასუხისმგებლობა მცირდება გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებასა და ფინანსური პასუხისმგებლობის ერთგვარ ფორმას წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია ვალდებულების დროული შეუსრულებლობის პრევენციის ფუნქცია. ამასთან, პირგასამტეხლო კრედიტორისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების ლეგალური საშუალება და კრედიტორის აქცესორული უფლებაა _ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე, ხოლო ძირითადი უფლების ნამდვილობის იურიდიული აღიარება-დადასტურება და საპროცესო ლეგიტიმაცია პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე, ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიების სახით საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.
ამასთანავე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” XVI თავის 41 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურისთვის ჯარიმის და პირგასამტეხლოს ერთობლივად დაკისრების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს ან მისი ნაწილის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში მხარეთა თავისუფლების მიუხედავად, სასამართლოს საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის დადგენილია უზრუნველყოფის საშუალება პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით _ 19344 ლარის ოდენობით. ასეთ პირობებში პირგასამტეხლოს სახით - 5803,20 ლარის დამატებით დაკისრება ადასტურებს პირგასამტეხლოს ოდენობის აშკარა შეუსაბამობას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სამართლიანი გადაწყვეტის, ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის ინტერესი მოითხოვს პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ფაქტობრივი ოდენობის თანაზომიერებასა და მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობას ძირითადი სახელშეკრულებო დავალიანების თანხასთან მიმართებაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა 5803,20 ლარის ნაწილში.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზ. ჭ-ის მივლინებაზე დახარჯული თანხა შეადგენს 168 აშშ დოლარს. საკასაციო პალატა მივლინების ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ზ. ჭ-ე ხელშეკრულების დადებიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ შრომით მოვალეობას და იღებდა შრომის ანაზღაურებას. მივლინებაში ყოფნის დროს ზ. ჭ-მ მიიღო მივლინების ასანაზღაურებელი თანხა – 168 აშშ დოლარის ოდენობით, რაც არ შეიძლება ექვემდებარებოდეს უკან დაბრუნებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს – 5803,20 ლარისა და მივლინების ხარჯების - 168 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ზ. ჭ-ისათვის პირგასამტეხლოსა და მივლინების ხარჯების დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-9 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.07.11წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ზ. ჭ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს – 5803,20 ლარისა და მივლინების ხარჯების - 168 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ზ. ჭ-ისათვის პირგასამტეხლოს – 5803,20 ლარისა და მივლინების ხარჯების – 168 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.07.11წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.