ბს-1459-1441(კ-11) 17 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ კ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება
სარჩელის საგანი _ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
განიხილა კ. ბ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის მორიგების აქტის დამტკიცების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. ბ-მა 2010 წლის 09 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით კ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე - კ. ბ-ს უარი ეთქვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის ¹1564 ბრძანებაში კ. ბ-ის დათხოვნის საფუძვლად ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ნაცვლად, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის (ავადმყოფობა) მითითების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ბ-მა, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით კ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ბ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი კ. ბ-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2011 წლის 29 ნოემბერს 14:00 საათზე.
2012 წლის 16 იანვარს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა წერილობითი მორიგების აქტი. მორიგების აქტში აღნიშნულია შემდეგი:
მორიგების მხარეები:
კასატორი (მოსარჩელე) კ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი ნ. ძ-ი, მინისტრის მოადგილე
სადაო საქმის არსი:
მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 14.04.2009 წლის ¹1564 ბრძანებაში შეიცვალოს დათხოვნის საფუძველი.
მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქმეს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა.
მორიგების პირობები:
1. კასატორი (მოსარჩელე) უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნაზე ამ მორიგების პირობების მე-2 პუნქტში ჩამოყალიბებული პირობების გამო და იღებს ვალდებულებას, რომ მორიგების დამტკიცების შემდეგ არანაირი პრეტენზია არ ექნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მორიგების დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში შეიტანს ცვლილებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის 14.04.2009 წლის ¹1564 ბრძანებაში და სიტყვები ,,კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო” შეიცვლება სიტყვებით ,,მხარეთა შეთანხმებით-სამინისტროს ინიციატივით”.
მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია კ. ბ-ის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილის ნ. ძ-ის მიერ, რაც ერთვის საქმეს.
მხარეთა შეთანხმებით კ. ბ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე საკითხის განხილვა ჩაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნია, რომ კ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება; ამასთან, მხარეთა შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს; დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და მოცემულ საქმეზე მხარეთა მორიგების საფუძველზე შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსხვავებით ადმინისტრაციული სამართალწარმოებისაგან დასახელებული მუხლის ნორმიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართალწარმოებაში მონაწილე მხარეები არ იმყოფებიან კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებში და მათ სრული თავისუფლება ენიჭებათ შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე მხარეებს, მორიგების საკითხთან მიმართებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ერთგვარ შეზღუდვას აწესებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე, ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
აღნიშნულის შესაბამისად, მხარეებმა საკასაციო სასამართლოში დაადასტურეს ნება მორიგების მიღწევისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რაც გაზიარებულ იქნა დავაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და დადასტურებულია მორიგების აქტზე მათი უფლებამოსილი თანამდებობის პირის სათანადო ხელმოწერით. გარდა ამისა, საკასაციო პალატა კ. ბ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2012 წლის 10 იანვარს გაფორმებული მორიგების აქტის კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, წარმოდგენილი მორიგების აქტის თანახმად, არ ილახება საქმეში მონაწილე მხარეთა უფლებები, მორიგების აქტით არ ილახება საჯარო ინტერესები, ვინაიდან როგორც წარმოდგენილი მორიგების აქტით ირკვევა, სარჩელზე უარის თქმის სანაცვლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თანახმაა ცვლილება შეიტანოს გათავისუფლების ბრძანებაში, რასაც ეთანხმება კასატორი (მოსარჩელე).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმნისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება; ამასთან, დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე. შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და მოცემულ საქმეზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, მხარეთა მორიგების გამო შეწყდეს საქმის წარმოება.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი; მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;
3. დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
1. კასატორი (მოსარჩელე) უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნაზე ამ მორიგების პირობების მე-2 პუნქტში ჩამოყალიბებული პირობის გამო და იღებს ვალდებულებას, რომ მორიგების დამტკიცების შემდეგ არანაირი პრეტენზია არ ექნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მორიგების დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში შეიტანს ცვლილებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის 14.04.2009 წლის ¹1564 ბრძანებაში და სიტყვები ,,კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო’’ შეიცვლება სიტყვებით ,,მხარეთა შეთანხმებით-სამინისტროს ინიციაციტივით’’.
4. მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება, მხარეთა შორის მორიგების დმატკიცების გამო;
5. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, არ დაიშვება;
6. საქართველსო უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.