Facebook Twitter

ბს-1589-1568(კ-11) 24 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 სექტემბრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კიდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ნოემბრის განჩინებით მიეცა 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2011 წლის 21 ნოემბერს ნ. ბ-ის წარმომადგენელმა მ. ე-მა წარმოადგინა განცხადება, რომლითაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ნ. ბ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შესავსებად გათვალისწინებული ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღით. აღნიშნული განჩინების ასლი ნ. ბ-ის წარმომადგენლის მ. ე-ის თანაშემწეს თ. ხ-ს ჩაჰბარდა 2011 წლის 30 დეკემბერს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვერა გუჯაბიძის წარმომადგენლის მ. ე-ის თანაშემწეს თ. ხ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ნოემბრის ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2011 წლის 30 ნოემბერს, შესაბამისად, კასატორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2011 წლის 10 დეკემბრის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო კასატორ ნ. ბ-ს განუმარტავს, რომ, ვინაიდან, მას ხარვეზის შევსების ვადა ჰქონდა 2011 წლის 10 დეკემბრის ოცდაოთხ საათამდე, აღნიშნული თარიღი კი იყო არასამუშაო დღე შაბათი, ხარვეზის შევსების ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გადაიწია 2011 წლის 12 დეკემბრის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ სასამართლოს მიერ მითითებულ 10 დღის ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის ნ. ბ-ის წარმომადგენლის მ. ე-ის თანაშემწე თ. ხ-მ გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურზე, გზავნილის ჩაბარების თარიღად, ნაცვლად 2011 წლის 30 ნოემბრისა არასწორად მიუთითა 2011 წლის 30 დეკემბერი. აღნიშნული დასტურდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურის რეესტრით, რომელიც თან ერთვის საქმის მასალებს. აღნიშნული რეესტრის მიხედვით საქართველოს უზენაეს სასამართლოს გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტური დაუბრუნდა 2011 წლის 1 დეკემბერს, რაც გამორიცხავს მხარის მიერ გზავნილის 2011 წლის 30 დეკემბერს ჩაბარების ფაქტს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 სექტემბრის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.