Facebook Twitter

ბს-1631-1605(კ-11) 12 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 1 თებერვალს ი/მ ლ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, თბილისის რეგიონული ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 27 მარტის ¹14/04-149 ბრძანებით ყადაღა დაედო მის ქონებას. მოსარჩელემ აღნიშნული ბრძანება 2009 წლის 16 აპრილს სსიპ შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა, რის საფუძველზეც 2009 წლის 24 აპრილის ¹1077 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, კერძოდ, თბილისის რეგიონულ ცენტრს დაევალა მოვალის _ ი/მ ,,ლ. კ-ის” გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის შესახებ საკითხის შესწავლა, აგრეთვე საგადასახადო ვალდებულებათა ოდენობის დაზუსტება. მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში 2009 წლის 4 მაისს წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, რითაც თბილისის რეგიონული ცენტრის 2009 წლის 27 მარტის ¹14/04-149 ბრძანების და სსიპ შემოსავლების სამსხურის 2009 წლის 24 აპრილის ¹1077 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 29 მაისის ¹10/6741 გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურს მოვალის _ ი/მ ,,ლ. კ-ის” საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შესახებ საკითხის შესწავლა და საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება დაევალა, მხოლოდ აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული ვალდებულება სსიპ შემოსავლების სამსახურმა არ შეასრულა და 2011 წლის 6 იანვრის ¹21-15-640/01 წერილით მას უკანონოდ დაარიცხა დავალიანება 7 120, 30 ლარის ოდენობით (მათ შორის ძირითადი დავალიანება _ 1 277, 78 ლარი, საურავი _ 5 937, 07 ლარი, ზედმეტობა _ 94,55 ლარი). აგრეთვე, თბილისის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 22 თებერვლის ¹13/3889 ბრძანებით დადგინდა, რომ მოსარჩელის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი იქნებოდა საინკასო დავალებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის 2011 წლის 6 იანვრის ¹21-15-640/01 გადაწყვეტილების და 2010 წლის 22 თებერვლის ¹13/3889 საინკასო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის უკანონოდ ჩამოწერილი 560 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ შემოსავლების სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ი/მ ,,ლ. კ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის 2011 წლის 6 იანვრის ¹21-15-640/01 გადაწყვეტილება (წერილი), აგრეთვე შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 22 თებერვლის ¹13/3889 ბრძანება მოვალის საბანკო ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერის თაობაზე; მოპასუხეს _ სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა, ი/მ ,,ლ. კ-ის” გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული დავალიანების შესახებ საკითხთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების დადგენისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივი აქტის გამოცემა; მოსარჩელეს _ ი/მ ,,ლ. კ-ს” უარი ეთქვა მოპასუხე _ სსიპ შემოსავლების სამსახურის დავალდებულებაზე, უკან დაუბრუნოს მოსარჩელეს მისი საბანკო ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხა 560 ლარის ოდენობით; მოპასუხეს სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა მოსარჩელის ი/მ ,,ლ. კ-ის” საბანკო ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხის _ 560 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დაადგენს, რომ თანხის ჩამოჭრის მომენტში მოსარჩელეს არ გააჩნდა კონკრეტული სახისა და ოდენობის შეუსრულებელი, აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.