ბს-1648-1620(კ-11) 12 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 3 ოქტომბერს შპს ,,...მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,...ს” 2006 წლის 22 სექტემბერს წარედგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის ¹648 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მას საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის შესაბამისად, მომხმარებელთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორებისას საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევისათვის ჯარიმის სახით _ 5000 ლარის გადახდა დაეკისრა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ,,...ის” წარმომადგენელმა კომპანიის ავტომანქანით, გამოწერილი ზედნადებისა და ანგარიშფაქტურის საფუძველზე საქონელი მომხმარებელს მიაწოდა და მიღებულ საქონელზე გამოწერა სალაროს ორდერი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება შპს ,,...ს” არ ეკისრებოდა, ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებოდნენ პირები, რომლებიც საქონლის, მომსახურეობის მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებდნენ მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) საქმიანობის ამ ნაწილში ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გაცემის პირობით. პირები, რომლებიც საქონლის მომსახურეობის მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებდნენ ავტომატიზირებული ან მექანიკური მოწყობილობების მეშვეობით საქმიანობის ამ ნაწილში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 19 სექტემბრის ¹237 ბრძანების, ამავე სამსახურის 2006 წლის 21 სექტემბრის ¹648 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა და უკანონოდ დარიცხული ჯარიმისაგან (5000 ლარი) განთავისუფლება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...ის” სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...მა”. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
2006 წლის 3 ოქტომბერს შპს ,,...მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,...ს” 2006 წლის 10 ოქტომბერს წარედგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის ¹664 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მას საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის შესაბამისად, მომხმარებელთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორებისას საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევისათვის ჯარიმის სახით _ 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
მოსარჩელემ მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 3 ოქტომბრის ¹250 ბრძანების, ამავე სამსახურის 2006 წლის 9 ოქტომბრის ¹664 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა და დარიცხული ჯარიმისაგან (10 000 ლარი) განთავისუფლება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს ,,დ-ი”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...ის” სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...მა”. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქმე ¹3531-06 (შპს ,,...ის” სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე) და საქმე ¹3433-06 (შპს ,,...ის” სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოსა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე) გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა საქმის ნომერი ¹3ბ/3531-06.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის განჩინებით ¹3ბ/3531.06 ადმინისტრაციულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება ადმინისტრაციული წესით განხილულ სხვა საქმის გადაწყვეტამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებით შპს ,,...ის” სააპელაციო საჩივარზე, მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის, მესამე პირის _ შპს ,,დ-ის” მიმართ განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...ის” სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 ნოემბრის და 2006 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,...ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 19 სექტემბრის ¹237 ბრძანება, ამავე სამსახურის 2006 წლის 21 სექტემბრის ¹648 ,,საგადასახადო მოთხოვნა”, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 3 ოქტომბრის ¹250 ბრძანება და ამავე სამსახურის 2006 წლის 9 ოქტომბრის ¹664 ,,საგადასახადო მოთხოვნა”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს ,,...ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.