Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1699-1671(კ-11) 16 იანვარი 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სს ,,... საქართველოს ფილიალის’’ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 05 ოქტომბრის განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით სს ,,... საქართველოს ფილიალის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 12 დეკემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებაში მიუთითა, რომ სს ,,... საქართველოს ფილიალის’’ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და ამასთან, არ არსებობდა კასატორისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. აღნიშნული განჩინებით კასატორ სს ,,... საქართველოს ფილიალის’’ დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 8000 (რვა ათასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურით (ტ. III, ს.ფ. 76) ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 დეკემბრის ხარვეზის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექის 74-ე მუხლის შესაბამისად 2011 წლის 13 დეკემბერს ჩაჰბარდა სს ,,... საქართველოს ფილიალის’’ წარმომადგენლის მ. კ-ის შვილს _ მ. უ-ს. შესაბამისად, კასატორისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, 2011 წლის 14 დეკემბერს დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2011 წლის 18 დეკემბერს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა,

საკასაციო სასამართლო კასატორ სს ,,... საქართველოს ფილიალს’’ განუმარტავს, რომ ვინაიდან, მას ხარვეზის შევსების ვადა ჰქონდა 2011 წლის 18 დეკემბერს ოცდაოთხ საათამდე, აღნიშნული თარიღი კი იყო არასამუშაო დღე კვირა, ხარვეზის შევსების ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გადაიწია 2011 წლის 19 დეკემბერს ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის საკასაციო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს ,,... საქართველოს ფილიალის’’ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს სს ,,... საქართველოს ფილიალის’’ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 05 ოქტომბრის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.