საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1718-1687(კ-11) 31 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს ,,...ის” წარმომადგენლის ზ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.11წ. განჩინებაზე.
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.11წ. განჩინებით შპს ,,...ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.05.11წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...ის” წარმომადგენელმა ზ. ვ-მა.
საკასაციო სასამართლო გაეცნო შპს ,,...ის” წარმომადგენლის ზ. ვ-ის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 23.12.11წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ შპს ,,...ის” წარმომადგენლის ზ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, შპს ,,...ს” საკასაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, საკასაციო საჩივარს ხელს აწერს ზ. ვ-ი, საქმეში არ არის წარმოდგენილი ზ. ვ-ის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში ხარვეზის შევსება, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითრის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების უფლების შემცველი, სათანადო წესით გაფორმებული წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. 23.12.11წ. განჩინების კასატორისთვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან ირკვევა, რომ ზ. ვ-ს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა 09.01.12წ. მიუხედავად ამისა, მის მიერ მითითებული ხარვეზი არ იქნა შევსებული და არც ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს უზენაესი სასამართლოსთვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მითითებულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება. კასატორმა არ შეავსო ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 393-ე-397-ე მუხლებით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,...ის” წარმომადგენლის ზ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.