Facebook Twitter

ბს-1724-1693(კ-11) 17 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლო გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 დეკემბრის განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კიდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი იყო ხელმოწერის გარეშე; ასევე კასატორის მიერ შპს ,,...ის” გორის ფილიალისათვის ჩაბარებული კონვერტიდან არ ირკვეოდა გზავნილის ჩაბარების თარიღი (ტ. II, ს. ფ. 85), შესაბამისად შეუძლებელი იყო საკასაციო საჩივარზე კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დადგენა. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 დეკემბრის განჩინებით მიეცა 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2012 წლის 9 იანვარს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა განცხადება, რომელსაც ერთვის შპს ,,...ის” გორის ფილიალის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შპს ,,...ის” გორის ფილიალს შეკვეთილი წერილი ¹1966 თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაგზავნად ჩააბარა 2011 წლის 28 ნოემბერს (ტ. II, ს. ფ. 100).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის შესაბამისად (საკასაციო საჩივრის შეტანის დროისათვის მოქმედი რედაქცია), საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება მითითებული კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურიდან ირკვევა, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაჰბარდა 2011 წლის 22 ოქტომბერს (ტ. II, ს.ფ. 71), მან კი აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შპს ,,...ის” გორის ფილიალს ჩააბარა 2011 წლის 28 ნოემბერს, ე.ი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ერთთვიანი ვადის გადაცილებით (საკასაციო საჩივრის შეტანის დროისათვის მოქმედი რედაქცია).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2011 წლის 22 ნოემბრის (რომელიც იყო სამუშაო დღე სამშაბათი) ოცდაოთხ საათამდე, ხოლო კასატორის მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილია 2011 წლის 28 ნოემბერს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 390-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.