სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ
ბს-1295-1280(კ-11) 9 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მ. ა-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოწინააღმდეგე მხარისათვის მ. ა-ისა და მისი ოჯახის წევრების სადავო ბინიდან (ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹5-ში მდებარე ბინიდან) გამოსახლების აკრძალვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 16 დეკემბერს მ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 18 ნოემბრის ¹01/01-23/09-2189 განკარგულების, 2009 წლის 8 ოქტომბრის ¹01/01-23/09-1831 განკარგულების, პირველი და განმეორებითი იძულებითი საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ ოქმების, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2009 წლის 18 ნოემბერს გაცემული ¹01/09-01/23-გ-29683 მიწერილობისა და ლ. ს-ის ექსპერტიზის ბიუროს მიერ შედგენილი 2009 წლის 20 ივლისის ¹1620/19 ექსპერტიზის დასკვნის ბათილად ცნობა, ასევე მის სახელზე რიცხული, ...ის ქ. ¹5-ში მდებარე უძრავი ქონების შეფასებაზე გამოცემული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის კანონიერების შესამოწმებლად საინჟინრო-ტექნიკური სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ გაზარდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად დამატებით ვ. მ-ე, ნ. ბ-ი და ლ. ს-ის სახელობის ექსპერტიზის ბიურო მიუთითა.
2009 წლის 21 დეკემბერს მ. ა-მა გაცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, ვ. მ-ის, ნ. ბ-ისა და სხვათა სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹5-ში მდებარე ბინაზე ყადაღის დადება და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სასამართლო აღმასრულებლისათვის სადავო ბინიდან მ. ა-ის გამოსახლების აკრძალვა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მ. ა-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2010 წლის 4 იანვარს მ. ა-მა საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. საჩივრის ავტორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მისი განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 იანვრის განჩინებით მ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავანა ზემდგომ _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით მ. ა-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 დეკემბრის და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 იანვრის განჩინებები და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით მ. ა-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ყადაღა დაედო მოპასუხეების _ ვ. მ-ისა და ნ. ბ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ნივთს (1/3 ნაწილს) მდებარე ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹5-ში (ზონა თბილისი, სექტორი ..., კვარტალი 05); მ. ა-ს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით _ მოპასუხეთათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვის გამოყენებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ვ. მ-ე, ნ. ბ-ი, ნ. კ-ა, თ. გ-ი, ვ. ბ-ი, მ. ფ-ე, ს. ჯ-ა, ლ. კ-უ, თ. გ-ე და ხ. დ-ე, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით _ სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 აპრილის განჩინებით მ. ა-ის სარჩელის მოთხოვნა _ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2009 წლის 18 ნოემბრის ¹01/09-01/23-გ-29683 მიწერილობისა და ლ. ს-ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 20 ივლისის ¹1620/19 დასკვნის ბათილად ცნობის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მ. ა-ის სარჩელთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება _ ვ. მ-ისა და ნ. ბ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ნივთზე (1/3 ნაწილზე) მდებარე ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹5-ში, (ზონა თბილისი, სექტორი ..., კვარტალი 05), ყადაღის დადების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის საოქმო განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ა-ის საკასაციო საჩივარი.
2012 წლის 6 იანვარს კასატორმა _ მ. ა-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. შუამდგომლობის ავტორმა _ მოწინააღმდეგე მხარისათვის მ. ა-ისა და მისი ოჯახის წევრების სადავო ბინიდან გამოსახლების აკრძალვა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა მ. ა-ის შუამდგომლობა და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. ა-ის მოთხოვნას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მოწინააღმდეგე მხარისათვის (თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის) მ. ა-ისა და მისი ოჯახის წევრების სადავო ბინიდან (ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹5-ში მდებარე ბინიდან) გამოსახლების აკრძალვა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა თავად არეგულირებს სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს და ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ორ ღონისძიებას, როგორიც არის გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი) და დროებითი განჩინების მიღება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ. ა-ის მოთხოვნა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი და მისი ოჯახის წევრების სადავო ბინიდან (ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹5-ში მდებარე ბინიდან) გამოსახლების აკრძალვის თაობაზე, თავისი არსით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით განსაზღვრულ უზრუნველყოფის ღონისძიებას მიეკუთვნება, ვინაიდან, უფლებრივი დაცვის დროებითი საშუალების მიზანი _ დავის საგანზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული მდგომარეობის შენარჩუნებაა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი (დროებითი განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ) ითვალისწინებს მხარის უფლებას სარჩელის აღძვრამდე, ან დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით, რათა დავის საგანთან დაკავშირებით სასამართლომ მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, როგორც უფლების დროებითი დაცვის საშუალება, გამოიყენება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ სარჩელზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით განსაზღვრული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს აღძრული აქვს სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით განსაზღვრული შეცილებითი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 29-ე მუხლით, რომელიც გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას უკავშირდება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი არ იძლევა დროებითი განჩინების მიღების შესაძლებლობას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში და იმპერატიულად განსაზღვრავს აღნიშნული განჩინების მიღებაზე უფლებამოსილ სასამართლოთა ჩამონათვალს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დროებითი განჩინების მიღების უფლება ენიჭება საქმის განმხილველ სასამართლოს, მხოლოდ პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დავის განხილვის დროს, რაც გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმის გამოყენების შესაძლებლობას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მ. ა-ი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მისი შუამდგომლობის არც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონიძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ასევე, განცხადება უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამდენად, აღნიშნული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს წარმოადგენს იმ საფრთხის თავიდან აცილება, რომელიც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შედეგად შეიძლება შეიქმნას საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების თვალსაზრისით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, მხარემ უნდა წარმოადგინოს იმ ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა, შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მ. ა-ის მიერ არ წარმოდგენილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლით განსაზღვრული უზრუნველყოფის გარანტია, რაც ასევე გამორიცხავს მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ა-ის შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოწინააღმდეგე მხარისათვის (თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის) მ. ა-ისა და მისი ოჯახის წევრების სადავო ბინიდან (ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹5-ში მდებარე ბინიდან) გამოსახლების აკრძალვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 31-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ა-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოწინააღმდეგე მხარისათვის მ. ა-ისა და მისი ოჯახის წევრების სადავო ბინიდან (ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹5-ში მდებარე ბინიდან) გამოსახლების აკრძალვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.