ბს-1330-1315(კ-11) 12 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს “...ს” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 16 თებერვალს შპს “...მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1998 წლის 26 ნოემბრის ¹29 განკარგულებით შპს “...ს” ხელმძღვანებლობას 5 წლის ვადით ქ. თბილისში, ც. ...ის ქ. ¹2-ში, რკინიგზის გადასასვლელი ხიდის მიმდებარე მოედანზე მსუბუქი კონსტრუქციებით დამზადებული მოდური სავაჭრო ცენტრის მოსაწყობად 92.4 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით მიწის მართვის დეპარტამენტს “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ქ. თბილისში ც. ...ის ქ. ¹2-ში, რკინიგზის გადასასვლელი ხიდის მიმდებარე მოედანზე ქ. თბილისის არქიტექტურის 1998 წლის 10 აპრილის ¹145-ე ბრძანებით დამტკიცებული პროექტის მიხედვით აშენებული შენობა-ნაგებობის (სავაჭრო ცენტრის) მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის შპს “...ს” სახელზე რეგისტრაციაში გატარება დაევალა. “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 23 ოქტომბრის ¹21.16.1202 დადგენილების, ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1998 წლის 26 ნოემბრის ¹209 განკარგულების, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2004 წლის 3 თებერვალს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹2-ში, რკინიგზის გადასასვლელი ხიდის მიმდებარე მოედანზე მდებარე 140 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 82.5 კვ.მ. შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შპს “...ს” სახელზე.
მოსარჩელის მითითებით, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ 2007 წლის 15 იანვარს მიღებულ იქნა ბრძანება გლდანი-ნაძალადევის რაიონში გადასასვლელი ხიდის მიმდებარე მოედანზე, ...ის ქ. ¹2-ში უკანონო დროებითი ნაგებობის დემონტაჟის შესახებ. აღნიშნული ბრძანებით, მითითებულ მისამართზე მდებარე ნაგებობა ცნობილი იქნა უკანონოდ იმ საფუძვლით, რომ ამ მიწის ნაკვეთზე ნაგებობის განთავსების ვადა 2002 წლის 23 ოქტომბერს ამოიწურა. შპს “...ს” სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ, 2007 წლის 17 იანვარს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შპს “...ს” საკუთრებაში არსებული სავაჭრო პავილიონის დემონტაჟი მოახდინა.
მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის _ 140.250 ლარის, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 1000 ლარისა და საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 4308 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
2007 წლის 18 ივნისს შპს “...მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 15 იანვრის ¹3-ო ბრძანებისა და მისგან წარმოშობილი იურიდიული შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 აგვისტოს საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ¹3/2011-07 (შპს “...ს” სარჩელი, მოპასუხის _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გაუერთიანდა ადმინისტრაციულ საქმეს ¹3/753-07 (შპს “...ს” სარჩელი, მოპასუხის _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, უკანონო ქმედებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ივნისის განჩინებით საქმეზე დაინიშნა სასამართლო ექსპერტიზა; ექსპერტიზის დამთავრებამდე შეჩერდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 აპრილის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეზე თანამოპასუხედ მიეთითა ქ. თბილისის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით შპს “...ს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 2007 წლის 15 იანვრის ბრძანება გლდანი-ნაძალადევის რაიონში გადასასვლელი ხიდის მიმდებარე მოედანზე, ცოტნე ...ის ქ. ¹2-ში უკანონო დროებითი ნაგებობის დემონტაჟის შესახებ; მოპასუხეებს _ ქ. თბილისის მერიასა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს შპს “...ს” სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის სახით _ 825 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება დაეკისრათ; მოპასუხეებს _ ქ. თბილისის მერიასა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს შპს “...ს” სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 42.075 აშშ დოლარისა (ექვივალენტი ლარში) და 100 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ; ქ. თბილისის მერიასა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს შპს “...ს” სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის _ 1000 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...მ”, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა. აპელანტებმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებითY შპს “...ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება მოპასუხეებისათვის შპს “...ს” სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 1000 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ქ. თბილისის მერიასა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს შპს “...ს” სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის _ 55 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...მ”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე უარის თქმისა და მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს “...ს” საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, შპს ,,...ს” საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხთან მიმართებაში, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ შპს ,,...ს” საკასაციო საჩივარი მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ზემოხსენებულ ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა ამავე ნაწილში არასწორი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივრის ხსენებულ ნაწილში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი დასახელებულ ნაწილში არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის ამავე ნაწილში განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ა. ს-ს შპს ,,...ს” საკასაციო საჩივარზე 2011 წლის 15 ოქტომბერს (300 ლარი) და 2011 წლის 5 დეკემბერს (2400 ლარი) სს ,,...ის” ცენტრალურ ფილიალში გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი სულ _ 2700 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 1890 ლარი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს ,,...ს” საკასაციო საჩივარი სასამართლო ხარჯების (კერძოდ, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების) ნაწილში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, შპს ,,...ს” საკასაციო საჩივარი სასამართლო ხარჯების (კერძოდ, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების) ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “...ს” საკასაციო საჩივარი მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება შპს ,,...ს” სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
3. ა. ს-ს დაუბრუნდეს მის მიერ შპს ,,...ს” საკასაციო საჩივარზე 2011 წლის 15 ოქტომბერს (300 ლარი) და 2011 წლის 5 დეკემბერს (2400 ლარი) სს ,,...ის” ცენტრალურ ფილიალში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 2700 ლარის 70 პროცენტი _ 1890 ლარი;
4. შპს ,,...ს” საკასაციო საჩივარი სასამართლო ხარჯების (კერძოდ, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების) ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;
5. შპს ,,...ს” საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე;
6. მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო საჩივარზე დაშვებულ ნაწილში წერილობითი პასუხის გასაცემად მიეცეს 10 დღის ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან;
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.