Facebook Twitter

ბს-1611-1585(კ-11) 12 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 8 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის _ შ. ჭ-ის მიმართ.

მოსარჩელემ შ. ჭ-ისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის სახით – 11503.20 ლარის, პირგასამტეხლოს სახით – 3450.96 ლარის და ზიანის საკომპენსაციო თანხის სახით _ 20069.42 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე – შ. ჭ-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შ. ჭ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის სახით – 11503.20 ლარის, პირგასამტეხლოს სახით _ 3450.96 ლარისა და ზიანის სახით _ 249.05 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში და სამედიცინო ექსპერტიზაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ჭ-მ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით შ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება შ. ჭ-ისათვის კვებაზე დახარჯული თანხის _ 33.23 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შ. ჭ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა კვებაზე დახარჯული თანხის _ 33.23 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ჭ-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, Aშ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი შ. ჭ-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯარიმის სახით – 11503.20 ლარის, ზიანის სახით _ 249.05 ლარისა და კვებაზე დახარჯული თანხის სახით _ 33.23 ლარის დაკისრების ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ზემოხსენებულ ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა ამავე ნაწილში არასწორი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივრის ხსენებულ ნაწილში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი დასახელებულ ნაწილში არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის ამავე ნაწილში განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ შ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით _ 3450.96 ლარის დაკისრების ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, შ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით _ 3450.96 ლარის დაკისრების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს შ. ჭ-ის შუამდგომლობას ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე და დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. ამდენად, საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია ახალი მტკიცებულებების წარდგენა და გამოკვლევა, რის გამოც შ. ჭ-ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯარიმის სახით – 11503.20 ლარის, ზიანის სახით _ 249.05 ლარისა და კვებაზე დახარჯული თანხის სახით _ 33.23 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. შ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით _ 3450.96 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;

4. შ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე;

5. შ. ჭ-ის შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.