ბს-1663-1635(კ-11) 12 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 12 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის _ ა. ა-ის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ა-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი პროფესიული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის ¹5376 ბრძანებით ა. ა-ე 2008 წლის 6 სექტემბრიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან რეზერვში.
მოსარჩელემ მოპასუხისათვის ჯარიმის სახით _ 21 307.85 ლარის, პირგასამტეხლოს სახით _ 6392.36 ლარის, ზიანის საკომპენსაციო თანხის სახით _ 11395.90 ლარის და სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის სახით _ 389,76 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა. ა-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის სახით _ 21307.85 ლარის, პირგასამტეხლოს სახით _ 6392.36 ლარის, ზიანის საკომპენსაციო თანხის _ 456.55 ლარის და სანივთე ქონების ღირებულების კომპენსაციის _ 389 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-მ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება ა. ა-ისათვის კვებაზე დახარჯული თანხის _ 276.49 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახლი გადაწყვეტილება; ა. ა-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ კვებაზე დახარჯული თანხის _ 276.49 ლარის გადახდა დაეკისრა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ა-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, ა. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის _ 21 307.85 ლარის, ზიანის თანხის _ 456.55 ლარის, სანივთე ქონების ღირებულების _ 389 ლარისა და კვებაზე დახარჯული თანხის _ 276.49 ლარის დაკისრების ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ზემოხსენებულ ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა ამავე ნაწილში არასწორი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივრის ხსენებულ ნაწილში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი დასახელებულ ნაწილში არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის ამავე ნაწილში განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით _ 6392.36 ლარის დაკისრების ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ა. ა-ის საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით _ 6392.36 ლარის დაკისრების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯარიმის სახით _ 21 307.85 ლარის, ზიანის საკომპენსაციო თანხის სახით _ 456.55 ლარის, სანივთე ქონების ღირებულების საკომპენსაციო თანხის სახით _ 389 ლარისა და კვებაზე დახარჯული თანხის სახით _ 276.49 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით _ 6392.36 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;
4. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.