Facebook Twitter

ბს-1712-1681(კ-11) 23 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ბ-მა 1996 წლის 4 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა 1995 წლის 8 ივნისის ¹61/კ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

საქმე არაერთგზის განხილულ იქნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ და საბოლოოდ კანონიერ ძალაში დარჩა დიდუბის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მ. ბ-მა 2001 წლის 2 თებერვალს ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს 1997 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, რომლის დაკმაყოფილებაზეც 2001 წლის 27 აპრილის განჩინებით უარი ეთქვა. აღნიშნული განჩინება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 ივნისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 6 მარტის განჩინებებით დარჩა უცვლელად.

მ. ბ-მა 2001 წლის 6 დეკემბერს განცხადებით განმეორებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო 1997 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 2 ივლისის განჩინებით მ. ბ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა დიდუბის რაიონის 1997 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

საქმის განხილვის დროს საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გურჯაანის რაიონის განათლების განყოფილება და სოფელ ...ის საშუალო სკოლა.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ბ-ის სარჩელი. გაუქმდა საქართველოს განათლების მინისტრის 1995 წლის 8 ივნისის ¹61/კ ბრძანება გურჯაანის რაიონის სოფელ ...ის საშუალო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან მ. ბ-ის გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მიმართეს სოფელ ...ის საშუალო სკოლის წარმომადგენლებმა.

საქართველოს განათლების მინისტრის 2002 წლის 21 აგვისტოს ¹82.კ ბრძანებით გაუქმდა სადავო ბრძანება და მ. ბ-ი აღდგენილ იქნა სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. საქართველოს განათლების სამინისტროს 2002 წლის 13 სექტემბრის ¹218 ბრძანებით ბათილად გამოცხადდა 2002 წლის 21 აგვისტოს ¹82/კ ბრძანება მისი ფაქტობრივი მიზეზით შეუსრულებლობის შეუძლებლობის გამო. აღნიშნული ბრძანება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლების მინისტრის 2002 წლის 13 სექტემბრის ¹218 ბრძანება მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სოფელ ...ის საშუალო სკოლის წარმომადგენელთა განცხადება დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 2003 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი 2002 წლის 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მ. ბ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 9 თებერვლის განჩინებით გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ს უარი ეთქვა მინისტრის 1995 წლის 8 ივნისის ¹61/კ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 21 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივნისის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ხანდაზმულობის გამო. განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის. განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივნისის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 სექტემბრის განჩინებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განჩინებით მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი შეიტანა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლების მინისტრის 2002 წლის 13 სექტემბრის ¹218 ბრძანება მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ის სარჩელი საქართველოს განათლების მინისტრის 2002 წლის 13 სექტემბრის ¹218 ბრძანების ბათილად ცნობისა და დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.