ბს-1798-1766(2კ-11) 23 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს ,,...ისა” და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 01 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს ,,...მ” 2010 წლის 25 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - გორის მუნიციპალიტეტის მიმართ, მესამე პირი მ. ო-ე და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ გამოცემული 2007 წლის 12 მარტის ¹214 ბრძანება, 2007 წლის 13 მარტს მ. ო-ზე გაცემული ¹3 მშენებლობის ნებართვა და 2007 წლის 30 მაისის ¹501-ე ბრძანება; გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, კანონმდებლობის საფუძველზე, ხელახლა შეისწავლოს სადავო საკითხი, დადგინდეს, თუ კონკრეტულად რა მონაკვეთზე, რა ფართობშია შესაძლებელი სასოფლო-სამეურნეო ფერმის განთავსება მაგისტრალური გაზსადენიდან ისე, რომ არ დაირღვეს მოქმედი ნორმები, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას შპს ,,...’’, და იმსჯელოს მ. ო-ისათვის სასოფლო-სამეურნეო ფერმის მშენებლობის ნებართვის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით მოქმედი ნორმების გათვალისწინებით. შპს ,,...ს’’ გასაჩივრებული აქტების სრულად ბათილად ცნობაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე შპს ,,...მ’’.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,...’’ შეიცვალა უფლებამონაცვლით - სს ,,...ით”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 01 ნოემბრის განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სს ,,...ის’’ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 01 ნოემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს ,,...მ’’ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. განჩინება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,...ის’’ და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს ,,...ისა” და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე სს ,,...ს’’ გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,...ისა” და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 01 ნოემბრის განჩინება;
3. სს ,,...ს’’ (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის (2011 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო დავალება ¹272) 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.