Facebook Twitter

ბს-1664-1636(კს-11) 23 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე;

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური;

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ი. გ-ე

მოპასუხეები: აჭარის ა/რ მთავრობა, საქართველოს მთავრობა, ქ. ბათუმის მერია, ქ. ბათუმის ნოტარიუსი ხ. კ-ი, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ე. ბ-ე

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. გ-მ 2009 წლის 16 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების აჭარის ა/რ მთავრობის, საქართველოს მთავრობის, ქ. ბათუმის მერიის, ქ. ბათუმის ნოტარიუსის ხ. კ-ის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ე. ბ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

საქმე არაერთგზი იქნა განხილული პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2008 წლის 26 ნოემბრის ¹01-22/4500 მიმართვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის სახელზე, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა ¹70/72-ში მდებარე სადავო ფართის სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვის შესახებ საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 27 ნოემბრის ჩანაწერი, 2009 წლის 18 მარტის ¹143 ბრძანება, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის ¹70-72-ში მდებარე 116 კვ.მ. ფართზე აუქციონის გამოცხადების თაობაზე;

საქართველოს მთავრობას დაევალა ძალადაკარგულად გამოაცხადოს 2009 წლის 2 მარტის ¹151 განკარგულება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის ¹70-72-ში მდებარე სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, ძალადაკარგულად გამოაცხადოს 2009 წლის 16 მარტს შესრულებული ჩანაწერი, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის ¹70-72-ში მდებარე სადავო ფართის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად აღრიცხვის შესახებ; ი. გ-ის სარჩელი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2009 წლის 21 აპრილის ¹201 ოქმისა და 2009 წლის 24 აპრილს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი ¹938 მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. გ-მ, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა და საქართველოს მთავრობამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით 2011 წლის 26 სექტემბერს ჩაბარდა. აპელანტს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 2011 წლის 11 ოქტომბრამდე ჰქონდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეტანილ იქნა 2011 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს ჩაბარდა 2011 წლის 28 სექტემბერს და არა 26 სექტემბერს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დაცვით 2011 წლის 12 ოქტომბერს. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართვის ასლი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს “კანცელარიის მიღების ბარათი” და მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა 2011 წლის 28 სექტემბერს და იმავე დღესვე გატარდა კანცელარიაში _ შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში 163076/17 ნომრით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმეში დაცულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღის დამდგენი ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები. კერძოდ, საქმის IV ტომის 103-ე გვერდზე არსებულ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილების გაგზავნის შესახებ მიმართვაზე დასმულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის შტამპზე თანამშრომლის ხელმოწერის ქვეშ მითითებულია თარიღი 2011 წლის 26 სექტემბერი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის კერძო საჩივარზე დართულ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილების გაგზავნის შესახებ მიმართვის ასლზე დასმული შტამპის თანახმად მიმართვას მინიჭებული აქვს ¹1630761/17 და მიმართვის მიღების თარიღის გრაფაში მითითებულია 2011 წლის 28 სექტემბერი (ტ. IV, ს.ფ. 194). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს “კანცელარიის მიღების ბარათში” ¹1630761/17 წერილი დარეგისტრირებულია 2011 წლის 28 სექტემბერს (ტ. IV, ს.ფ. 193). საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე მითითებით განმარტავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლთან შესაბამისობის შესამოწმებლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად უნდა დაადგინოს ზემოაღნიშნულ ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს შორის რომელი მტკიცებულება ადასტურებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილების ჩაბარების რეალურ თარიღს. ზემოაღნიშნული გარემოების დადგენის საფუძველზე სასამართლოს ექნება შესაძლებლობა, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხზე მიიღოს არსებითად სწორი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინება და საქმე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის კერძო საჩივარის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინება და საქმე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის კერძო საჩივარის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.