Facebook Twitter

ბს-1768-1736(კს-11) 23 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე;

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ბ. ქ-ა;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები)- საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო, შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ზუგდიდის განყოფილება;

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბ. ქ-მ 2010 წლის 27 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების- საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოსა და დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ზუგდიდის განყოფილების მიმართ და საქართველოს შს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ზუგდიდის განყოფილების 2010 წლის 28 ოქტომბრის ¹672113 ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებისა და საქართველოს შს მომსახურების სააგენტოს 2010 წლის 29 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საცხოვრებელი ბინის დაბრუნება და მოპასუხისათვის ზიანის _ 1 000 000 ევროს ანაზღაურების დაკისრება, მისი რეაბილიტაცია და მოპასუხის დავალდებულება გასცეს მასზე ნასამართლობის ცნობა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის განჩინებით ნასამართლობის ცნობის გაცემის თაობაზე მოპასუხეთა დავალდებულების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ბ. ქ-ს სარჩელზე შეწყდა წარმოება, ხოლო რეაბილიტაციის, საცხოვრებელი ბინის დაბრუნებისა და მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების სახით 1000000 ევროს დაკისრების ნაწილში კი ბ. ქ-ს სარჩელი დარჩა განუხილველი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ბ. ქ-ს სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის განჩინება და გადაწყვეტილება კერძოO საჩივრით გაასაჩივრა ბ. ქ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ბ. ქ-ს როგორც სააპელაციო, ასევე კერძო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 14 დღის ვადა და განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. ამავე სასამართლოს 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ბ. ქ-ს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 5 (ხუთი) დღით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ბ. ქ-ს სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებაზე, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ქ-მ.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მის მიერ 2011 წლის 12 ივლისს შეტანილი კერძო საჩივარი თავისი შინაარსით შეეხო როგორც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის განჩინებას, ასევე 2011 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებასაც, რის გამოც სააპელაციო საჩივრის სპეციალური ფორმით შეტანის დავალდებულება არის უსაფუძვლო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ბ. ქ-ს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა საქმის განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული საოქმო განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ ბ. ქ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვის შესაბამისად.

დადგენილია, რომ ბ. ქ-ს მიერ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 2011 წლის 12 ივლისს შეტანილ იქნა კერძო საჩივარი, სადაც მითითებული იყო, რომ იგი შეტანილია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება-განჩინებაზე.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბ. ქ-ს მითითებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ კერძოOსაჩივარი შეტანილ იქნა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს როგორც 2011 წლის 31 მაისის განჩინებაზე, ასევე 2011 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებაზეც, ამიტომ არ გააჩნდა მას სააპელაციო საჩივრის სპეციალური ფორმით შეტანის ვალდებულება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა თანახმად, განჩინება წარმოადგენს ისეთ საპროცესო დოკუმენტს, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოაქვს იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე არსებითად არ წყდება, ხოლო გადაწყვეტილება წარმოადგენს ისეთ საპროცესო დოკუმენტს, რომელიც სასამართლოს გამოაქვს საქმის არსებითად გადაწყვეტის დროს. შესაბამისად, ცხადია როგორც განჩინების, ასევე გადაწყვეტილების გასაჩივრების წესიც განსხვავებულია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაშიOგაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში, ამასთან სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, ამავე კოდექსის 367-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივარი უნდა პასუხობდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-3 ნაწილებით სარჩელი (სააპელაციო საჩივარი) შედგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. სარჩელი (სააპელაციო საჩივარი) უნდა პასუხობდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს: ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზედაც არის შედგენილი საჩივარი; ბ) იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოზე; დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; ე) მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; ვ) მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხას; თ) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა;

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის დასაშვებობა და განხილვის წესი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე-420-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ რაიმე კონკრეტულ ჩამონათვალს (მაგ: კერძო საჩივარი უნდა პასუხობდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იქნეს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით), რასაც უნდა პასუხობდეს წარდგენილი კერძო საჩივარი საპროცესო კოდექსის 414ე-420-ე მუხლებით განსაზღვრული არ არის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სწორედ დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბ. ქ-ს კერძო საჩივარზე (სააპელაციო საჩივარზე) დაუდგინა ხარვეზი და დაავალა მისთვის ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სრულყოფილად წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე და 368-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი, ამასთან განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. მიუხედავად აღნიშნულისა, ბ. ქ-ს მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2011 წლის 30 აგვისტოს წარდგენილი განცხადებით ირკვევა რომ მის მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ იქნა სრულად გამოსწორებული, რის გამოც სასამართლოს 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა დამატებით გაუგრძელდა 5 (ხუთი) დღით და დაევალა სააპელაციო საჩივრის წარდგენა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად, იმდენი ასლის დართვით რამდენი მხარეცაა საქმეში.

დადგენილია, რომ ბ. ქ-ს მიერ არც ამჟამად არ იქნა შევსებული ხარვეზი, უფრო მეტიც, 2011 წლის 26 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით მან მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის სასამართლო სხდომის ოქმის გადაგზავნა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ამ დოკუმენტის ჩაბარების შემდეგ მიმართავდა სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაშიO ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის. ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ბ. ქ-ს ხარვეზის შესავსებად მიეცა 14 (თოთხმეტი) დღის ვადა, ხოლო 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებით კი ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა დამატებით გაუგრძელდა 5 (ხუთი) დღით. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოყენებული საპროცესო ნორმებით გათვალისწინებული საშუალებები (თავდაპირველად სააპელაციო საჩივარზე დადგენილი იქნა ხარვეზი, ხოლო შემდეგ კი ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაგრძელდა) იმისათვის, რომ მხარეს მისცემოდა კანონით მინიჭებული უფლების რეალიზების საშუალება, თუმცა მიუხედავად ამისა, ბ. ქ-ს მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული და ამასთან, მხარეს არც ხარვეზის გამოუსწორებლობის რაიმე საპატიო მიზეზზე, რაც განაპირობებდა საპროცესო ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელების აუცილებლობას, არ მიუთითებია, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია ბ. ქ-სათვის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა კიდევ ერთხელ გაეგრძელებინა.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა და მიიღო იურიდიულად სწორი განჩინება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბ. ქ-ს კერძო საჩივარი არის დაუსაბუთებელი, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. ქ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.