Facebook Twitter

ბს-1540-1519(კ-11) 17 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე მ. ა-ისა და ლ. პ-ის სარჩელისა გამო ქ. ბათუმის მერიისა და თ. ც-ის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მ. ა-მა და ლ. პ-მა სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების ქ. ბათუმის მერიისა და თ. ც-ის მიმართ და მოითხოვეს ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სამმართველოს 2004 წლის 27 აპრილის ¹18/04 მშენებლობის ნებართვისა და საჯარო რეესტრის 2001 წლის 4 ივლისის ¹1089 რეგისტრაციის აქტის ბათილად ცნობა. (იხ. ს.ფ. 5-6. ტ. I).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 23 ივნისის განჩინებით საქმეში თანამოპასუხეებად ჩაებნენ ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სამმართველო და მიწის მართვის სამმართველო (იხ. ს.ფ. 95. ტ. I).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ა-ისა და ლ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2002 წლის 4 ივლისს თ. ც-ის სახელზე განხორციელებული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეობის რეგისტრაცია. ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიერ 2004 წლის 27 აპრილს გაცემული მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობისა და მშენებლობის მოშლის შესახებ მოსარჩელეებს ეთქვათ უარი. თ. ც-ს დაევალა თავისი სახლთმფლობელობის ფასადის მხრიდან პროექტის შესაბამისად დაწყებული მიშენების ცვლილება, კერძოდ, ეზოში შესასვლელის მხრიდან გარე კუთხურა ბოძის ერთი მეტრით შიგნით შეწევა ეზოში შესასვლელი გზის გაფართოების მიზნით. (იხ. ს.ფ. 143-146. ტ. I).

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ა-მა და ლ. პ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიერ 2004 წლის 27 აპრილს თ. ც-ზე გაცემული მშენებლობის ნებართვის გაუქმება, მოპასუხისათვის დაწყებული მშენებლობის დანგრევისა და შესასვლელი გზის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანის დავალება, ასევე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე თ. ც-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მოსარჩელეებისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 150-151; 152-156; 158-159. ტ. I).

აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ის, ლ. პ-ის, თ. ც-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. ა-ისა და ლ. პ-ის მოთხოვნა ქ. ბათუმის მერიის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2004 წლის 4 ივლისს თ. ც-ის სახელზე განხორციელებული მიწის ნაკვეთის თანასაკუთრების რეგისტრაცის გაუქმების თაობაზე, ხოლო ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს 2004 წლის 27 აპრილის ¹18/04 მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობისა და მშენებლობის მოშლის ნაწილში მოსარჩელეებს ეთქვათ უარი უსაფუძვლობის გამო (ი.ხ ს.ფ. 198-203. ტ. I).

აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ლ. პ-მა და მ. ა-მა, ისე _ თ. ც-მ (იხ. ს.ფ. 211-212; 213-214; 215-218. ტ. I).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 1 ივნისის განჩინებით თ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ლ. პ-ისა და მ. ა-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 27 დეკემბრის განჩინება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს 2004 წლის 27 აპრილის მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობისა და მშენებლობის მოშლის თაობაზე და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (იხ. ს.ფ. 264-270. ტ. I).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 აპრილის განჩინებით მ. ა-ისა და ლ. პ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 336-342. ტ. I).

განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ა-მა და ლ. პ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 358-365. ტ. I).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ. 406-408. ტ. I).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. (იხ. ს.ფ. 483-496. ტ. I).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. პ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და შეჩერდა საქმის წარმოება ლ. პ-ის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღძრული შეგებებულ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (იხ. ს.ფ. 32-37. ტ. II).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ივლისის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა (იხ. ს.ფ. 54-56. ტ. II).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ლ. პ-ისა და თ. ც-ის შუამდგომლობები საქმის წარმოების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა; საქმის წარმოება შეჩერდა სამოქალაქო დავის ¹2-1695/07–ის საბოლოო გადაწყვეტამდე, თ. ც-ის სარჩელისა გამო, ლ. პ-ის მიმართ, საერთო საკუთრებაში არსებულ მიწაზე და საცხოვრებელ სახლზე საზიარო უფლების გაუქმებაზე, ნატურით გაყოფის გზით (იხ. ს.ფ. 100-105. ტ. II).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 აპრილის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება (იხ. ს.ფ. 127-128. ტ. II).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განჩინებით ლ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ლ. პ-ს უარი ეთქვა ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს 2004 წლის 27 აპრილის მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობისა და მშენებლობის თაობაზე (იხ. ს.ფ. 223-231. ტ. II).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. პ-მა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის მითითებით, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 მუხლის ,,ე” და ,,ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.

სასამართლოს ერთხელ უკვე კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგენილი ჰქონდა მიწით სარგებლობის წესი და მან ხელმეორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე და 272-ე მუხლების დარღვევით მოპასუხეს კიდევ მისცა საშუალება ხელახლა სადავოდ გაეხადა კანონიერ ძალაში შესული ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, როგორიცაა მიწათსარგებლობის წესი, გააუქმა საზიარო უფლება და მიაკუთვნა მას 5/16. აღნიშნული გადაწყვეტილების უკანონობა დასტურდება აგრეთვე იმ გარემოებითაც, რომ მას მიაკუთვნა 2/3, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე – თ. ც-ეს 5/16 და გააუქმა საზიარო უფლება, ამგვარი განაწილებით კასატორის განმარტებით, გაუნაწილებელი დარჩა სხვაობა, 2/3 და 5/16 ჯამი არ არის ერთი მთელი ანუ 955 კვ.მ. მიწის ფართი (იხ. ს.ფ. 240-247. ტ. II).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 269-270; ტ.II).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა თ. ც-ის წარმომადგენელმა ვ. გ-მ, რომლის განმარტებით არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები და იგი მიჩნეული უნდა იქნას დაუშვებლად, ვინაიდან, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით თ. ც-ს მიეკუთვნა მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზედაც მის მიერ წარმოებულია მშენებლობა ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიერ 2004 წლის 27 აპრილს გაცემული ¹18/04 მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და რომლის გაუქმებასაც ითხოვდა კასატორი, ანუ მშენებლობა ნაწარმოები იყო არა ლ. პ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, არამედ თ. ც-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისად აღარ არსებობდა სასარჩელის მოთხოვნის საფუძველიც (იხ. ს.ფ. 284-287; ტ.II)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის - ლ. პ-ის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ლ. პ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ლ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ ლ. პ-ს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს _ ლ. პ-ს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.