Facebook Twitter

ბს-1585-1564(კ-11) 17 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 სექტემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ი/მ ,,გ. გ-ის” სარჩელისა გამო მოპასუხეების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ი/მ ,,გ. გ-მა” სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართ მესამე პირის – შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის მონაწილეობით და მოითხოვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-9; ტ.1).

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 აპრილის განჩინებით ი/მ ,,გ. გ-ის” სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართ განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (იხ. ს.ფ. 35-37; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 აპრილის საოქმო განჩინებით მესამე პირი – სსიპ შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით – სსიპ შემოსავლების სამსახურით, ამავე სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 15 ნოემბრის ¹8225 ბრძანების, 2010 წლის 19 ნოემბრის ¹6713 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 31 დეკემბრის ¹2736 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2011 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურს შეეცვლა საპროცესო სტატუსი და საქმეში მესამე პირის ნაცვლად ჩაება თანამოპასუხედ (იხ. ს.ფ. 14-17; ტ.2).

სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შესაგებლებით ი/მ ,,გ. გ-ის” სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 27-34; ტ.2).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ი/მ ,,გ. გ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 15 ნოემბრის ¹8225 ბრძანება და 2010 წლის 19 ნოემბრის ¹6713 საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საწარმოში ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდში წარდგენილი შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადებების) გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ი/მ ,,გ. გ-ის” მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ (იხ. ს.ფ.333-341; ტ.2).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინიტრომ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ.348-359; 362-372; ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 42-54; ტ.3).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

კასატორებმა საკასაციო საჩივრებით მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 59-68; 73-81; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინებებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 84-85; 86-87;ტ2).

საკასაციო სასამართლოს შესაგებლით მომართა ი/მ ,,გ. გ-მა” და მოითხოვა საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. ).

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებებით მომართეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვეს საკასაციო საჩივრების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნტით დასაშვებად ცნობა (იხ ს.ფ. )

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნენ დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორების _ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ შეიცავენ მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული განჩინების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ არ იქნა რეალიზებული მათი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.