Facebook Twitter

ბს-1620-1594(კ-11) 17 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე მ. ა-ის სარჩელისა გამო მოპასუხის – სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 18 მარტს მ. ა-მ სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გურიის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გურიის საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 5 ოქტომბრის ¹3383 ბრძანებისა და გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ გურიის საგადასახადო ინსპექციის 2010 წლის 17 თებერვლის ¹061-139 შეტყობინების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 3-12; ტ.1).

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 101-102; ტ.I).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-მ და მოითხოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 104-115; ტ.I).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 177-186; ტ.I).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-მ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გურიის საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 5 ოქტომბრის ¹3383 ბრძანების, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ გურიის საგადასახადო ინსპექციის 2010 წლის 17 თებერვლის ¹061-139 შეტყობინების ბათილად ცნობა, ასევე მ. ა-ის პირადი აღირიცხვის ბარათზე დარიცხული ძირითადი გადასახადისა და დარიცხული საურავის გაუქმება შემდეგი მოტივით (იხ. ს.ფ. 203-213, ტ.I).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი გურიის საგადასახადო ინსპექციის 2010 წლის 17 თებერვლის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება და გურიის საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 5 ოქტომბრის ¹3383 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ _ მ. ა-ისათვის 1047 ლარის (პრეზუმფციული გადასახადის) ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; შემოსავლების სამსახურს მ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 278-288; ტ.I).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება სალარო აპარატის გამოუყენებლობის გამო მ. ა-ისათვის 550 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გურიის საგადასახადო ინსპექციის 2010 წლის 17 თებერვლის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება და გურიის საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 5 ოქტომბრის ¹3383 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის მ. ა-ის 500 ლარით დაჯარიმების ნაწილში; ასევე ბათილად იქნა ცნობილი (გაუქმდა) მ. ა-ის პირადი აღრიცხვის ბარათზე 500 ლარის დარიცხვა; სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისრა მ. ა-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 67-73; ტ.II).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 82-90. ტ. II).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 94-95; ტ.II).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლის განმარტებით საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებს და იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში ჰქონოდა საკონტროლო სალარო აპარატი, შესაბამისად, მ. ა-ს კანონიერად დაერიცხა ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით. ამასთან, კასატორის განმარტებით, სადვო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის არცერთი ნორმა არ მიუთითებდა ,,საგადასახადო მოთხოვნის” გაუგზავნელობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოში აღრიცხული და პირად ბარათზე დარიცხული თანხის გაუქმების შესახებ, ამასთან, საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ,,საგადასახადო მოთხოვნის” (გადასახადის ან/და სანქციის თანხის დარიცხვის შესახებ) და ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” (ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან/და ჩათვლის თაობაზე) წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული განჩინების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.